საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ.  15 ნოემბერი. გვ 1-2

 

 

 

"ყველას მოვუწოდებ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ,

რომ ყველა საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური გზით,

 მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად"

 

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საპროტესტო მიტინგის მონაწილეებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი

 

2003 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო მიტინგის მონაწილეებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართა. კერძოდ, მან განაცხადა:

"რესურსი არ ამოწურულა და ყველა საშუალება არსებობს იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიყვანოთ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუ მოსახლეობა არ გამოერკვევა და დასკვნას არ გააკეთებს, სამოქალაქო დაპირისპირებიდან სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია. შეიძლება დრამატიზება არ იყოს აუცილებელი, მე არ ვარ დრამატიზების მომხრე, მაგრამ არც გაიოლებაა საჭირო. არ ვიცი, რამდენ კაცს მოაგროვებენ, რამდენი მოქალაქე მოვა, მაგრამ დიდი მასა რომ შეიკრიბება, მერე ძალიან ძნელია მისი მართვა. თვით ამ ლიდერებმაც რომ ძალიან მოისურვონ, რომ არ გართულდეს, არ გამწვავდეს მდგომარეობა, მერე უკვე მასის მართვა შეუძლებელია. მე მაქვს საფუძველი, რომ ეს ვთქვა.

დამოუკიდებლობის ამ თორმეტი წლის განმავლობაში, როცა მე დავბრუნდი საქართველოში, როგორც იტყვიან, ყველაფერმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. მე დღეს არა მაქვს უფლება, არ ვთქვა, რომ ის, რაც გადაიტანა საქართველომ, თეორიულადაც კი არ უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება განმეორდეს. გახსოვთ სამოქალაქო ომის ორი ტალღა - გაჩანაგებული, დანგრეული თბილისი, პარლამენტი, პირველი სკოლა... დაინგრა ერთი სასტუმრო, მეორე, მხატვართა სახლიდან არაფერი დარჩა... კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სამეგრელოში, სადაც ჩასვლა შეუძლებელი იყო. მე თვითონ გამოვცადე ეს ყველაფერი. გავიარეთ ეს ეტაპები. ამას დაუმატეთ სისხლიანი კონფლიქტები, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო, განსაკუთრებით ქართულ-ოსური კონფლიქტისა, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. დღეს აფხაზეთი დაბრუნებული არ არის, ცხინვალშიც იგივე მდგომარეობაა. გვაქვს უფლება, რომ ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიყვანოთ საქმე.! რის გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დამსგავსებოდა, გაკეთდა. დღეს უკვე გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. არავინ გვედავება იმაში, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. შეიძლება იდეალურად არ არის ყველაფერი, მათ შორის, არჩევნები, მაგრამ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ მიგვიღეს ევროსაბჭოში, ამიტომ გავხდით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, და ვემზადებით იმისათვის, რომ ევროკავშირში შევიდეთ, ნატოს წევრი გავხდეთ. არ ვიცი, როდის იქნება, მაგრამ ყველაფერი მზადდება ამისათვის.

შევქმენით შეიარაღებული ძალები. ვამაყობ, რომ ასეთი დონის შეიარაღებული ძალებია საქართველოში. ეს ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით მოხდა. 60-63 მილიონი დოლარი იხარჯება ყოველწლიურად იმისათვის, რომ საქართველოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები ჰყავდეს. მათივე დახმარებით შევქმენით სასაზღვრო ნაწილები. საქართველოს საზღვრები დღეს დაცულია. თქვენ გახსოვთ პანკისის პრობლემები, პანკისის ტრაგედია. ეს ტრაგედია აღარ განმეორდება არასდროს, რადგან დასკვნები გამოვიტანეთ. პანკისში მშვიდობაა და მშვიდობა იქნება, და არა მარტო პანკისში. ბევრს სურდა, რომ შემოსულიყვნენ პანკისში, შემდეგ კახეთში, რა ძალებიც შემოვიდოდა, იცით, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით. ჩეჩნებთანაც კი, 600-700 ბოევიკთან, გამოვძებნეთ საერთო ენა. სიტყვა შეასრულეს. ვუთხარით, რომ მოვიდა დრო და თქვენ უნდა წახვიდეთ თქვენს სახლებში, თქვენს ქვეყანაში. მართლა წავიდნენ. ბევრიც დაიღუპა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, თუ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. თუკი ჩვენ და ჩეჩნებმა გავუგეთ ერთმანეთს, რატომ არ შეიძლება ქართველებმა გაუგონ ერთმანეთს, მით უმეტეს, ისეთ დროს, როცა ქვეყანა, ასე თუ ისე, აღმავლობის გზაზეა.

ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო. ამუშავდა პროექტები, რომლებზეც ამდენი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით, ვმუშაობდით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან, თურქებთან, ამერიკელებთან, უდიდეს გრანდიოზულ ფირმებთან ერთად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი შენდება, უზარმაზარი ფული ტრიალებს, მოსახლეობა სარგებლობს ამით. წელიწადნახევარში გაზსადენის მშენებლობა დაიწყება. საქართველოს სრული გაზიფიცირების პერსპექტივაა. რუსეთიდან ვიღებთ გაზს, ენერგეტიკული პრობლემები ყველგან არა, მაგრამ, ძირითადად, მოგვარებულია, დედაქალაქი მაინც უზრუნველყოფილია. ყველაფერი ეს შეიძლება დაიკარგოს. უამრავი უცხოელი ინვესტორი მუშაობს საქართველოში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ბევრი მათგანი არა მარტო თბილისში, გნებავთ, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში ეჭვის ქვეშ აყენებს თავის გადაწყვეტილებას, სწორი იყო თუ არა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. არის ეს სტაბილური ქვეყანა თუ არა. გეუბნებით, ყველა მათგანი დატოვებს საქართველოს. საქართველოში ბიზნესმენების ფენა შეიქმნა. ეს უკვე საკუთარი ბიზნესმენები არიან. ბევრ მათგანს იცნობთ, ზოგი რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის თეატრებს არემონტებს და მოჰყავს წესრიგში, ზოგმა ცირკი განაახლა, ბევრ ადამიანს ეხმარებიან. ეს არის ქართული ბიზნესი. ყველაფერი დაიკარგება, თუ ჩვენ ერთმანეთს დავერევით.

კიდევ ვიმეორებ, როცა ასეთი მასა შეიკრიბება, მისი მართვა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთ სიტყვას იტყვის, ხელს აიქნევს და ეს მასა ისე მოიქცევა, როგორც თვითონ უნდა, ტყუილია. ასე არ გამოვა. ზოგი ნასვამი მივა, ზოგი პროვოკატორი, ზოგი ქვეყნისათვის ავისმოსურნე და ა.შ. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა გადავიტანეთ დედაენასთან დაკავშირებით. მაშინ მთელ სტუდენტობასთან, ინტელიგენციასთან გამოვძებნეთ საერთო ენა და გადავარჩინეთ დედაენა. ძეგლიც დავუდგით. არ ვიცი, მსოფლიოში არის თუ არა სხვა ქვეყანა, სადაც დედაენას ძეგლი დაუდგეს. მახსოვს, როგორ იყო ეს ყველაფერი. ათიათასობით ახალგაზრდა და მთელი ინტელიგენცია იდგა რუსთაველის გამზირზე. მაშინ ისე, რომ არავისთან შემითანხმებია, გამოვაცხადე, რომ ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად. დამიჯერეს ახალგაზრდებმა და უბედურება ავიცილეთ თავიდან. რომ დავბრუნდი, ეზო ტანკებით იყო სავსე. მე ეს არ ვიცოდი, მოულოდნელობა იყო, არც უკითხავთ, ისე შემოიყვანეს ტანკები. ესე იგი, სისხლი უნდა დაღვრილიყო ვითომ ხელისუფლების დახმარების მიზნით. მაგრამ ღმერთმა შეგვაძლებინა, რომ საერთო ენა მოვძებნეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც იქ მოვიდნენ.

მე ძალიან კარგად მახსოვს სტადიონი. ფეხბურთი ფეხბურთია, შეიძლება ბევრი სერიოზულად არც უყურებს, მაგრამ უბედურება იყო მოსალოდნელი. წამოვიდა ქვების, ჯოხების წვიმა, ხმები გავრცელდა, რომ მსაჯი არის ტრიბუნაზე. რა გამოსავალი იყო. ავდექი, ჩავედი და შევერიე ამ ახალგაზრდებს, დავარწმუნე, რომ დაინიშნება დამატებითი მატჩი. გამომყვნენ, დამიჯერეს და გადარჩა მაშინ საქართველო, ყოველ შემთხვევაში, ის ახალგაზრდობა, ის მაყურებელი გადარჩა. სისხლი დაიღვრებოდა. მაშინ, სხვათა შორის, უშიშროების უფროსი იქ უნდა ყოფილიყო, გავიხედ-გამოვიხედე და იქ არ არის, თურმე წავიდა და თავის საქმეს აკეთებს, უნდა გამოეძახა ვიღაც-ვიღაცეები და ტექნიკა უნდა გამოეყვანა.

არ შეიძლება ასეთ ამბებთან ხუმრობა და იოლად წარმოდგენა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება. მე მომხრე ვარ დიალოგის, მომხრე ვარ ნორმალური ურთიერთობის, არავისთან შეხვედრის არც მეშინია და არც მრცხვენია. ერთხელ შევხვდი, მეორედ თვითონ არ მოვიდნენ. ორსაათნახევრის განმავლობაში ველოდებოდით. ერთი უკანონობაც ჩავიდინე. მათი თხოვნით უნდა მოსულიყო ქალბატონი ნანა დევდარიანი, ცესკოს თავმჯდომარე. არ მქონდა უფლება, რომ მეთხოვა მისთვის, რადგან ეს არის სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა. ანგარიში გაგვიწია და მოვიდა. ჩვენთან ერთად იყო 2-2,5 საათის განმავლობაში. ველოდით და არ მოვიდნენ. დღესაც მზად ვარ, შევხვდე, ვისაც უნდა. ბატონ ზურაბთან შეიძლება საუბარი, ქალბატონ ნინოსთან შეიძლება, წუხელ მძიმე რაღაცეები ილაპარაკა ტელევიზიით, მაგრამ ამის მიხედვით არ ვმსჯელობ, შეიძლება თუ არა საუბარი და საერთო ენის მოძებნა. თვით "მთავარსარდალთანაც", იცით, ვინც მყავს მხედველობაში... მე ვუთხარი, შენ აღარ დაგელაპარაკები-მეთქი, რადგან შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ დაველაპარაკები, ოღონდ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება.

გარდა იმისა, რომ კრწანისში შევხვდი და მერე აქ ველოდებოდი, მე თვითონაც მივედი იქ, აღელვებულ და ამღვრეულ მასასთან. იყო შეძახილები: წადი, გადადექი, მოგვცილდი... აფრიალებდნენ დროშებს... ცოტა გავუძელი, ვნახე 10-15-20 სერიოზული კაცი და მათ დაველაპარაკე. ვინ მაიძულებდა, რომ იქ მივსულიყავი. მთელ მსოფლიოში გახმაურდა ეს ამბავი. არ არის მეორე პრეზიდენტი, რომელიც ასეთ სიტუაციაში მივა აღელვებულ ადამიანებთან (მე არ ვკადრებ სხვა სიტყვას), რომლებიც მოითხოვენ, პრეზიდენტი გადადგეს ან განადგურდეს და მოისპოს.

მე მინდა დავამთავრო იმით, რომ კვლავაც მზად ვარ, ვისაც საჭიროა შევხვდე. ვინც უნდათ, ის მოიყვანონ, ოღონდ თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება.

ძვირფასო თბილისელებო, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს მოქალაქენო, შეიძლება ზოგიერთი ჩამოსვლას აპირებს. არაფერი სეირის საყურებელი აქ არ იქნება, არავითარი თეატრალიზებული დადგმა არ იქნება. ეს იქნება ძალიან ცუდი დასაწყისი იმისა, რაც შეიძლება გველოდებოდეს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ყველა თავის სახლში ან სასწავლებელში დაბრუნდეს. მეუბნებიან, თითქოს ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი უნდა შეკრიბოს. შეიძლება ვერაფერი ვერ შეკრიბონ, მაგრამ ხომ არის თეორიული შესაძლებლობა. მე კიდევ მოვუწოდებ ყველას, იყავით მშვიდად, ნერვები დაიწყნარეთ და იმოქმედეთ თქვენი სამშობლოს, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ჩვენში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. მჯერა, მოგვარდება პენსიებისა და ხელფასების პრობლემა. ხომ დაიწყო ხელფასების მატება, პედაგოგებს ორჯერ გავუზარდეთ ხელფასი, პროფესორ-მასწავლებლებსაც. სტუდენტობას შევხვდი წუხელ. შესანიშნავი ახალგაზრდები არიან. ბევრი რამ ისეთი მითხრეს, რაც ჩემთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ მითხრეს მთელი გულწრფელობით. მაგრამ ისიც მითხრეს, რომ ამის დაშვება შეუძლებელია. ბატონი გია ყარყარაშვილი, თავისი თანამებრძოლებით - ყველას ვიცნობ - ორჯერ იყო აფხაზეთში. რით დამთავრდა მისი იქ ყოფნა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, ყველამ ძალიან კარგად იცით. მან მოუწოდა თავის თანამებრძოლებს, რომ შეიკრიბონ და მოილაპარაკონ, როგორ მოიქცნენ. ისინი აცხადებენ: ჩვენ არ დავუშვებთ არასტაბილურობას საქართველოში. ისინი მეომრები არიან, ყოფილი მეომრები. ახლანდელი მეომრებიც მზად არიან გააკეთონ ის, რაც საჭიროა და საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.

ყველას მოვუწოდებ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური გზით, მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად. როგორც კი ამ გზას გადავუხვევთ, მაშინ შეიძლება მივიღოთ არა მარტო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომიც კი. მე არავის ვაშინებ. მე თვითონ არ ვარ შეშინებული, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, მაგრამ მეორე მხარემაც ხომ უნდა მოინდომოს. ამიტომ მივმართავ: მოინდომეთ, ნუ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. მერე შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს.

ვაფრთხილებ, ყველას ვთხოვ, ყველას მოვუწოდებ, დიდი უმრავლესობა შვილებად, შვილიშვილებად მეკუთვნით, უნდა დამიჯეროთ, არ შეიძლება ამის გაკეთება და სანამ პირში სული მიდგას, სანამ მართლაც კანონიერი პრეზიდენტი ვარ, არ დავუშვებ იმას, რომ საზოგადოება ორად გაიხლიჩოს, ამას მოჰყვეს სამოქალაქო დაპირისპირება და მერე სამოქალაქო ომი. რეალური საფრთხეა. არავის ვაშინებ, უბრალოდ, ვამბობ სინამდვილეს. სანამ გვიან არ არის, გონს მოვეგოთ".