|
|
|
ნონა ცაბაძე "ახალი თაობა " 20 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
შევარდნაძე ტელევიზიის წინააღმდეგ: "ბურჯანაძე ქალია და ელემენტარული ზრდილობა უნდა ჰქონდეს" გუშინდელმა მთავრობის სხდომამ ყოველგვარი სკანდალის და ხმაურიანი განცხადებების გარეშე ჩაიარა. სხდომაზე ისეთი ჰარმონია სუფევდა, რომ ვერავინ იფიქრებდა ქვეყანაში ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება რომაა. მთავრობის სხდომა პრეზიდენტი შევარდნაძის 20 წუთიანი განცხადებით დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის პირველი პირი საკმაოდ გაღიზიანებულია ოპოზიციის მოთხოვნებით და უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ ოპოზიციამ მასთან საუბარზე უარი განაცხადა და რომ ის სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე საათის მანძილზე უშედეგოდ ელოდებოდა ოპოზიციის ლიდერებს. - მე არა ვარ ვალდებული, რომ ოთხი საათი ველოდო მათ, მე მზად ვარ დიალოგისათვის, როგორც ცალ-ცალკე ლიდერებთან, ასევე სამივესთან ერთად - განაცხადა პრეზიდენტმა. გუშინდელ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტს არ უხსენებია ზურაბ ჟვანიას გვარი, მან რამდენჯერმე ახსენა მიხეილ სააკაშვილი, განსაკუთრებით კრიტიკული კი ნინო ბურჯანაძის მიმართ იყო. - ადრე ნინო უფრო თავდაჯერებული იყო, ახლა კი არ უნდა მიშას ჩამორჩეს, რას ნიშნავს დაყრუებული ხელისუფლება, ქალია და მას ელემენტარული ზრდილობა უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა იკადროს, რაც საკადრებელი არ არის, - აცხადებს შევარდნაძე და პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ ახსენებს იმ კანონპროექტებს, რომელიც დღემდე პარლამენტის თაროებზეა შემოდებული. პრეზიდენტს დასკვნა გამოაქვს, რომ ოპოზიციას არ შეუძლია დიალოგი, ან ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შესრულება შეუძლებელია. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე და აცხადებს, რომ ეს ქვეყანას დაღუპავს. ამ არეულობაში ბიუჯეტი ყველას მიავიწყდა. ჩვენი ინფორმაციით ბიუჯეტი უკვე 200 მლნ ლარით არის გარღვეული. შევარდნაძე სასწრაფოდ ითხოვს გუბერნატორების და გამგებლების შეკრებას და ამ საკითხზე მსჯელობას. ასევე პრეზიდენტი გამოეხმაურა პარლამენტის წინ მიმდინარე აღორძინების აქციას. შევარდნაძემ მხარი დაუჭირა აღორძინების მოთხოვნებს და ამასთან ერთად მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, რომ აჭარიდან ჩამოსულ ხალხს დაბინავების საშუალება მისცა. შევარდნაძის განცხადებით აჭარა შეურაცხყოფილია. პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე მასა და ასლან აბაშიძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებიც გაახმაურა: - ასლან აბაშიძეს სამი მოთხოვნა აქვს, პირველი - ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოსთვის, მეორე - შეიკრიბოს კანონიერი პარლამენტი და მესამე - უარი ვთქვათ უკანონო მოთხოვნებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ დიალოგისათვის, თუმცა ულტიმატუმის ენაზე საუბარს ოპოზიციის მხრიდან ვერ ავიტან, - აცხადებს შევარდნაძე. პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე ტელევიზიების შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტი უკმაყოფილოა პირველი არხის მუშაობით: - თუ ხართ სახელმწიფო ტელევიზია, მაშინ გაატარეთ სახელმწიფოებრივი ინტერესი და მე მგონი, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ერთი ისეთი ტელევიზია, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებს გაატარებს. უნდა გითხრათ, რომ იმედი და მზე უკეთესად მუშაობს, ვიდრე პირველი არხი. პირველმა არხმა უნდა იმუშაოს ისე, როგორც ეს სახელმწიფო ინტერესებშია. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ზაზა შენგელიამ მთავრობის სხდომა დატოვა. მთავრობის სხდომაზე პირველი საკითხი მარიამ ცაცანაშვილმა წარმოადგინა და 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. ცაცანაშვილის განცხადებით, სიებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და პირველად უნდა შემოწმდეს ის სიები, რომელიც ხელნაწერის სახით დაიდო უბნებზე. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, იყო თუ არა სიები ხელმოწერილი უფლებამოსილი პირებისაგან. ცაცანაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა შემდგომში მოსახლეობა დაცულ იქნეს ამ ავანტიურისაგან. სიებთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმაც გააკეთა: - შეიძლება გარკვეული შეცდომები პოლიციაში დამუშავების დროსაც იყო, შემდეგ აპარატში, მაგრამ მარტო ამ პრობლემებთან არ გვაქვს საქმე. აქ სხვა ინტერესი იყო, სხვა ძალა მოქმედებდა. ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს. მე არ მესმის, მაგალითად, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში არჩევნების ჩატარებისათვის უნდა მიიღოს სამი მილიონი დოლარი, რატომ, რისთვის? ეს გასარკვევია, მე ეს გუშინ გავიგე. ძალიან ბევრს აწუხებს სიების პრობლემა, შინაურს თუ გარეულს. ამიტომ საჭიროა გამოძიება. მე გთხოვთ, დროულად დაიწყეთ გამოძიება, თუ ორ წელიწადს ილაპარაკებთ, საქმე აღძრულია, მოკვლევა მიდის, მერე გამოძიება იწყება, მერე სასამართლოში გაიგზავნება, სასამართლოდან სასამართლოში ივლის და ამასობაში მოვიდა მეორე არჩევნები. ამიტომ თქვენზე დამოკიდებულია დადოთ რეალური, სერიოზული მასალა და მერე ვილაპარაკოთ, ვინ არის დამნაშავე - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი მთავრობის სხდომის დასასრულს მალხაზ კაკაბაძეს მიმართავს. მისი განცხადებით, კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით გარკვეული იმპულსები შეინიშნება. - იმპულსები შეინიშნება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ისინი გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ ყველა ელოდება, როდის დამთავრდება ის, რაც საქართველოში ხდება. თუ საქართველოში სტაბილურობა და წესრიგია, მაშინ ასეთ ხელისუფლებასთან საუბარი და მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელია, თუ არასტაბილურობა და უწესრიგობაა ქვეყანაში, მაშინ ასეთ ხელისუფლებასთან საქმის დაჭერა არავის უნდა. ამიტომ ორ-სამ დღეში შევიკრიბოთ და უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი საგანგებოდ განვიხილოთ, - განაცხადა შევარდნაძემ. კობა ნარჩემაშვილი: - ბ-ნო კობა, ამ მიტინგების ფონზე ხომ არ არის მოსალოდნელი პროვოკაციები და დაძაბულობა? - თავისთავად არის ამის საშიშროება. პრაქტიკულად ორი დაპირისპირებული მხარე არსებობს ქალაქში. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არცერთ მომიტინგეს პრობლემა არ შექმნოდა. იგივე ღონისძიებებს ვატარებთ აქაც, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში კანონის დამცველები ვიქნებით. - ბ-ნო კობა, სიებს რაც შეეხება, რას იტყვით ამის შესახებ? - სიებთან დაკავშირებით მიდის ძალიან ინტენსიური მუშაობა და სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე დადგინდება. ვანო ზოდელავა: - როგორია თქვენი აზრი ამ მიტინგებთან დაკავშირებით? - თქვენ მოგწონთ? - მე არ მომწონს, მიტინგების დრო ისტორიას ჩაბარდა, უნდა დავსხდეთ და ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ. - ეს მიტინგები ხომ თქვენი ნებართვით ტარდება? - ნებართვას მერია აღარ გასცემს, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ. ჩვენ დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ უარყოფითს, მომიტინგეებს აქვთ უფლება, აქცია ჩაატარონ და მოთხოვნები წამოაყენონ. მე არ მომწონს ეს მიტინგები, უნდა იყოს დიალოგი და უნდა იქნეს მიღწეული კონსესუსი. |