საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ.  8 ნოემბერი. გვ 1-2

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადება

"ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქენი, საქართველოს მოსახლეობა არასტაბილურობას მხარს არ დაუჭერს"

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 7 ნოემბერს ქართველი ჟურნალისტების თხოვნით ილაპარაკა იმ ძირითად, რომლებიც ქვეყანაში 2 ნოემბრის პარლამენტის არჩევნების შემდეგ განვითარდა. სახელმწიფოს მეთაურმა, კერძოდ, განაცხადა:

 რამდენიმე დღის წინათ ამ პრობლემებზე მე უკვე ვისაუბრე, მაგრამ დღეს კვლავ მინდა განვაცხადო: საქართველოში არჩევნები შედგა, იგი გაიმართა საარჩევნო კოდექსისა და კანონების შესაბამისად.

 

იყო თუ არა შეცდომები და ნაკლოვანებები.

 

მანამ, სანამ არ დასრულებულა ხმების დათვლა, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალაშია (და ნანა დევდარიანი კიდევ დიდხანს იქნება ამ თანამდებობაზე), მთავარი მმართველი ორგანო არჩევნების ამ ეტაპზე (საუბარია ხმების დათვლაზე, პოლიტიკური ძალებისათვის ადგილების განსაზღვრაზე), სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

 

ჩემი დაკვირვებით, ნანა დევდარიანი სიტუაციას ფლობს, მე მას ხშირად არ ვაწუხებ. შეიძლება ორ დღეში ერთხელ შევეხმიანო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეიჭრნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვეკითხები, ხომ არ არის რაიმე გასაჭირი.

ვფიქრობ, იგი თავს ართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ალბათ, ხვალ-ზეგ დაამთავრებენ არსებით ფუნქციას, დაითვლიან ხმებს. ამის შემდეგ დაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა.

 

კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ, 20 დღეში, ესე იგი 20 ნოემბრისათვის უნდა დაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა.

 

ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, ისე, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი, კანონები და კონსტიტუცია გვიკარნახებს.

დარჩენილ დროში რაიმე სერიოზული შეცდომა არ არის მოსალოდნელი, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ დაუშვებს რაიმე განსაკუთრებულს.

 

რას და ვის მისცა ხალხმა ხმა. პრეზიდენტს, სახელისუფლებო ბლოკს, მარტო "აღორძინებას", "ახლებს" თუ სხვებს. მე ვასახელებ იმ ორგანიზაციებსა და პარტიებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და გარკვეულ უმრავლესობას ქმნიან.

 

რა თქმა უნდა, ესეც მხედველობაში იყო მისაღები, მაგრამ ხალხმა უპირველესად ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურობას. ყველამ იცით, რა წლები გავიარეთ. 12 წელიწადი ჯოჯოხეთის წლები იყო, განსაკუთრებით 1994-95 წლამდე. გახსოვთ სამოქალაქო ომის პირველი და მეორე ტალღები, სისხლიანი კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

 

ასეთ პირობებში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და განმტკიცება ურთულესი და უძნელესი ამოცანა გახლდათ. ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქენი, საქართველოს მოსახლეობა არასტაბილურობას მხარს არ დაუჭერს.

 

შეიძლება ვიღაცეები აიყოლიონ, გარიგებებზე წავიდნენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის სტაბილურობის მომხრე იყო და თვითვე იყო სტაბილურობის გარანტი.

 

რომ არა მოსახლეობის მოთმინება და სულგრძელობა, ჩვენ ვერ მივაღწევდით სტაბილურობას. რა არის შედეგი. დღევანდელი შედეგები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ველოდი. ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანა აყვავებულია, მდიდრულად ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბევრს უჭირს, ბევრს არ მიუღია პენსია თუ ხელფასი. სამწუხაროდ, არიან ასეთები.

 

მაგრამ ავიღოთ მიმდინარე წლის ანალიზი. მოკლედ გეტყვით: წლეულს დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა. ეს ლიტონი სიტყვები როდია. შიდა ეროვნული პროდუქტი გაიზარდა 9-10 პროცენტით, მრეწველობა გაიზარდა 12 პროცენტის ფარგლებში, ეს შეეხება სოფლის მეურნეობას და მეურნეობრიობის ყველა სხვა დარგს.

 

არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ საქართველოში იწყება ეკონომიკური აღმავლობა. მაგრამ ეს მოვლენა შეიძლება დროებითი იყოს, თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა. ამიტომ, ამ საკითხს კიდევ და კიდევ ვუბრუნდები: სტაბილურობა ჩვენი ყველა მიღწევისა და წარმატების გარანტია.

 

მე მადლობელი ვარ მოსახლეობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს სტაბილურობა ქვეყნისათვის, თითოეული ოჯახისათვის.

 

აქვე გეტყვით, რამდენი მიტოვებული ქარხანა ამუშავდა: რუსთავის ქიმკომბინატი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურაში განახლდა მანგანუმის მოპოვება, განახლდა ცემენტის ქარხანა, სამშენებლო მასალათა წარმოება და ასე შემდეგ.

დასახელებული 9-10 პროცენტი ამუშავებულ ქარხნებში წარმოებული პროდუქციაა. გუშინ ხანგრძლივი საუბარი მქონდა საავიაციო ქარხნის ყოფილ დირექტორთან პანტიკო თორდიასთან, რომელიც კენჭს იყრიდა (არ ვიცი, გაიმარჯვა თუ არა). საავიაციო ქარხანა ასეთ კარგ მდგომარეობაში არ ყოფილა 20 წლის მანძილზე. იგი აწარმოებს უახლეს თვითმფრინავებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა თურქმენეთში, ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და სხვა ქვეყნებში. ქარხანას უზარმაზარი შემოსავალი აქვს და ბიუჯეტში 10-12 მილიონი ლარის მოცულობის გადასახადები შეაქვს.

მსგავსი მაგალითები მრავლად შეიძლება დავასახელო, მაგრამ ამჯერად ეს საკმარისია.

 

სტაბილურობის შენარჩუნებაზე საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა, რა არის ყველაზე საშიში. არ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რადგან დაპირისპირებიდან სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია. ხომ ვნახეთ, რას ნიშნავდა ეს. 90-იანი წლებიდან დაწყებული რამდენი უბედურება დატრიალდა. გავიმეოროთ ეს ყველაფერი. შევწიროთ ეს ყველაფერი ცალკეული პარტიების, გნებავთ, პოლიტიკური ძალების ინტერესებს.

 

ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.

 

უნდა გითხრათ, რომ მზად ვარ დიალოგისათვის. რთულია, ასეთ სიტუაციაში დიალოგი შესთავაზო ოპონენტებს. ვიცი, რა გეგმები აქვთ ხვალისათვის, ვიცი, როგორ მუშაობდნენ დღეს, როგორ დარბოდნენ რაიონებში, მათ შორის, ზუგდიდში, სადაც სერიოზული ინციდენტი მოხდა. კიდევ კარგი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, ბონდო ჯიქია და სხვები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და არ დაუშვეს სისხლისღვრა. თუმცა, დაიჭრა 2-3 ადამიანი, იყო სროლაც. შემდეგ ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩავიდა და გამობრუნდა უკან, მეტს რას იზამდა. ხალხი არ აჰყვა.

 

ასე რომ, რაიონებში ტყუილად დარბიან და აწუხებენ ადამიანებს. თუ ხვალ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ჩამოვა, ამის არ მეშინია. მზად ვარ, მივიღო თითოეული მათგანი და ვესაუბრო იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა მოხდა საქართველოში.

როგორც აღვნიშნე, მზად ვარ დიალოგისა და საუბრისათვის.

 

ერთი საათის წინათ შემატყობინეს, რომ ერთ-ერთმა ბლოკმა განაცხადა: იგი პარლამენტში არ შევა. პარლამენტში ძალით შეყვანა გაგონილა. ეს მისი ნებაა. არ ვიცი, რამდენი ხმა აქვს ამ ბლოკს, 20-25 პროცენტი, ცოტა მეტი ან ნაკლები. ამით პარლამენტი არ დაინგრევა, მაგრამ თავისთავად საწყენია, რომ ამ განცხადების ავტორები - ლიდერები რამდენიმე წლის მანძილზე ჩემთან ერთად მუშაობდნენ. ბევრი კარგი საქმეც გვიკეთებია, ბევრი შეცდომაც ერთად დაგვიშვია.

 

დღეს, როდესაც არჩევნები უკვე შედგა, როდესაც ცესკო- შედეგები უნდა გამოაქვეყნოს, წინასწარი განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ბლოკი პარლამენტში არ შევა, არაფრით არ არის გამართლებული.

 

მზად ვარ, ხვალ შევხვდე ამ ლიდერებს, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტს სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს. ვისაუბროთ. ვფიქრობ, გაიმართება ადამიანური საუბარი ისევე, როგორც სხვა დროს ხდებოდა.

 

ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოგვარდეს. როგორც კი გასცდება კანონის ფარგლებს, დატრიალდება დიდი უბედურება. რაიონებში სიარულმა, ავტობუსებით დელეგაციების გაგზავნამ რა მოგვცა. 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ინციდენტებთან დაკავშირებით. მე დღეს კი არ ვთხოვე, არამედ მოვთხოვე პროკურორს, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ. მარტო საქმის აღძვრა არაფერს ნიშნავს. გამოიძიონ, ვინ არის დამნაშავე და პასუხი აგებინონ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება იგი, გამგებელი, რწმუნებული თუ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი, მიეცით პასუხისგებაში, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. თუ ოპოზიციის წარმომადგენელს მიჰყავს საქმე სერიოზულ ინციდენტამდე, მასაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი. კანონი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს.

 

ვიმეორებ: რომ არა ბონდო ჯიქია და მისი თანამებრძოლები, ზუგდიდში უმძიმეს შედეგს მივიღებდით. იქ დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით თბილისელები ჩავიდნენ, გამოვიდა ადგილობრივი მოსახლეობა, ზოგი - სახლიდან, ზოგი-ტყიდან, იარაღით. ატყდა სროლა. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო არა სამოქალაქო დაპირისპირებაში, არამედ სამოქალაქო ომში.

 

ჩემს თვალწინ მოხდა ზუგდიდის მოვლენები. რა გადაიტანა ზუგდიდმა და მთლიანად სამეგრელომ. ახლა "საქართველოს ხერხემალი" დამშვიდდა, მუშაობენ, სიმინდის ზღაპრული მოსავალი აქვთ. ვაცალოთ ამ ხალხს ცხოვრება, ვაცალოთ მუშაობა. რატომ ვახვევთ თავს ჩვენს შეხედულებებს. როდის უნდა გავიზარდოთ.

 

ეს ხელისუფლებასაც ეხება, ეხება ოპოზიციასაც. დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება დიდი პასუხისმგებლობაა.

 

ბევრს ვფიქრობ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პრეზიდენტისა და ახალი პარლამენტის მუშაობის პრინციპები. გვაქვს დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაც. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პარლამენტმა ვერ შეძლო 120-ზე მეტი ძალზე საჭირო კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება. ასე მუშაობა გამორიცხულია. მაგრამ უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ პარლამენტის ძალისხმევის შედეგად, არამედ პრეზიდენტის მონაწილეობითაც. ლაყბობაზე ნაკლები დრო უნდა დაიხარჯოს. მჯერა, ახალი პარლამენტი არ დაუშვებს იმას, რაც წინა პარლამენტში ხდებოდა.

 

ყველაზე მეტად საარჩევნო სიებში არსებული დარღვევები მაწუხებს. ეს არ უნდა მომხდარიყო. ორი თვის წინათ შევხვდი ევროგაერთიანების ელჩებს, რომელთაც განმიცხადეს, რომ არც ერთ ქვეყანაში არ უნახავთ ასეთი მოწესრიგებული, იდეალურად დამუშავებული საარჩევნო სიები. შემდეგ ისევ უცხოელებმა დაიწყეს მონაცემთა კომპიუტერებში შეტანა. შედეგად მივიღეთ ის, რომ სიებში გამოტოვებული იყვნენ მოქალაქენი, იყო სხვა შეცდომებიც. არ მინდა, ყველაფერი უცხოელებს დავაბრალო, ალბათ, ჩვენი ნაკლიცაა, პოლიციისაც, რომელმაც ამ სიების საფუძველი მოამზადა. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება. არის ერთადერთი გზა, რომელიც სასამართლოსკენ მიდის. მხოლოდ მას აქვს დასკვნის გამოტანის უფლება, და არა პრეზიდენტს ან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. სახელმწიფოში ერთიანი წესრიგი უნდა იყოს, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.

მზად ვარ ერთად ვიმუშაოთ, არა მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკის შემადგენელმა პარტიებმა, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც. მობრძანდნენ და ერთად გავარჩიოთ ეს ყველაფერი.

 

ახლა ამბობენ, რომ მეორე არჩევნები ჩავატაროთო. თუ იქნება სამოქალაქო დაპირისპირება, მეორე არჩევნების ჩატარება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საამისო პირობები ხომ უნდა შეიქმნას. უნდა დამშვიდდეს როგორც ხალხი, ასევე პარტიები.

 

სანამ ცესკო- საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, საუბარი არჩევნების მეორედ ჩატარებაზე არასერიოზულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს საქართველოსთვის მსოფლიო სკანდალი იქნება.

 

წავიკითხე მეთვალყურეთა შეფასებები, ისინი ძალიან კრიტიკულია, ბევრი სამართლიანია, ზოგიერთ შენიშვნაზე შეიძლება შედავებაც. როდესაც მივიღებთ საბოლოო დასკვნას, დავსხდეთ ერთად და გავარჩიოთ, იყო თუ არა დარღვევები. ისინი, სამწუხაროდ, იყო.

 

კიდევ ერთი საკითხი მინდა დავაყენო. დაე, იცოდნენ მოქალაქეებმა: რატომ ერევიან უცხო ძალები საქართველოს შინაურ საქმეებში, თუნდაც არჩევნებში.! ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ ჯეიმს ბეიკერი და მისი 9 რეკომენდაცია. მეათე ჩემი გახლდათ, იგი მოსყიდვების წინააღმდეგ იყო მიმართული და იგი არ მიიღო პარლამენტმა. მაგრამ ბეიკერის მიერ შემოთავაზებული 9 პუნქტი თითქმის შესრულდა. შესაძლოა, იყო გარკვეული უწესრიგობა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა.

 

ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი პარტია ინსტრუქციებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან იღებს. რა უფლება აქვს სოროსის ფონდს და მის ხელმძღვანელს გამოვიდეს ოპოზიციის მხარეს, გამოთქვას შენიშვნები საქართველოს მიმართ. ეს არ არის სოროსის საქმე. განა ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს. გამოვთქვამ კატეგორიულ პროტესტს. მოვითხოვ, რომ მან პასუხი აგოს. მან თავისი ადგილი უნდა იცოდეს. გასცემს 2-3 გრანტს, დანარჩენი ფული სად მიდის. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ დახარჯავს მილიარდ დოლარს. კი, ბატონო, ამის გაკეთება შეიძლება ამერიკაში, მაგრამ საქართველოში მილიარდი დოლარის დახარჯვა ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს. არა აქვთ ამის უფლება!

 

დღეს უმთავრესი ამოცანაა წესრიგის დაცვა. საქართველოს პრეზიდენტი სამართალდაცვის სტრუქტურებთან ერთად პასუხს აგებს წესრიგის დაცვაზე. ამას შემთხვევით როდი ვამბობ. არ დავუშვებ წესრიგის დარღვევების იმ ფორმას, რომელმაც, შესაძლოა, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. ამას არ დავუშვებ არც მე და არც ჩემი კოლეგები, ვისაც ეს ევალება.

 

აქვე მინდა აღვნიშნო პრესისა და ტელევიზიის როლი არჩევნების ჩატარებაში. მათ ამ საქმეში უნიკალური როლი შეასრულეს და ხელი შეგვიწყვეს, რომ არჩევნები გაცილებით უკეთ ჩატარებულიყო, ვიდრე ოდესმე. ირინა სარიშვილის შეფასებით, ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ გამართულა. შეიძლება, ეს შეფასება რამდენადმე გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ყველა არჩევნები ჩემს დროს გაიმართა. ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

 

არ შემიძლია, მადლიერების სიტყვებით არ მივმართო სტუდენტობას. როგორ ეცადნენ და კვლავაც შეეცდებიან სტუდენტების აყოლიებას. ვერ მოახერხებენ ამას, რადგან ახალგაზრდობა დადინჯდა, შეგნებული ხალხია, რომლის პროვოცირება იოლად არ გამოვა. დარწმუნებული ვარ, ეს არც მოხდება.

 

მართალია შეცდომები გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო დარწმუნებულია თავის სიმართლეში, შესაძლებლობებსა და ძალებში. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უპირატესობაც და შესაბამისი ძალაც, მაინც მზად ვართ დიალოგისათვის. გნებავთ, ხვალ დილიდანვე მობრძანდნენ, ვისაუბროთ, გავარკვიოთ ის, რაც გასარკვევია.

 

მეტი რა შემიძლია მათ შევთავაზო. შესაძლოა, დღეს არ იყო ამ განცხადების გაკეთების აუცილებლობა, მაგრამ ხვალ შეიძლება გვიან იყოს. მე დღეს მინდა მივმართო ჩემს ხალხს, მოქალაქეებს, უპირველესად, მადლობის სიტყვებით და, ამავე დროს, მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. ნუ ავყვებით პროვოკაციებს.

 

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი. ეს უნიკალური დოკუმენტია, რომელშიც ყველაფერია ნათქვამი. ყველას ვთხოვ, კარგად ჩაიხედოს მასში. წერილში გამოთქმულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, აგრეთვე იმის სურვილი, რომ საქართველო სამაგალითო და საჩვენებელი იყოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

 

მეტი საუბარი ბატონ ბუშთან არ მქონია, მაგრამ თეთრი სახლიდან ასეთი რამ შემოთვალეს: ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვურჩიეთ, რომ თავი დაანებოს იმ აქციებს, რომელთაც ახლა აწყობს. ესე იგი, მასაც აქვს კავშირი.

 

ცოტა კი მეუხერხულება ამ ფრაზის გამეორება, მაგრამ უნდა ვთქვა: ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ შევარდნაძე იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორიო. მეტი რაღა თქვას იმ ხალხმა.

 

თუ ვინმეს დღევანდელი პრეზიდენტი არ მოსწონს, საამისოდ საჭიროა კანონი, დრო. გარკვეული დროის შემდეგ, ვიცი, რომ საქართველოში პრეზიდენტობის 30-40 კანდიდატი მაინც იქნება. თუმცა ეს არაფერია...

 

ვფიქრობ, ხვალინდელმა დღემ შედარებით ნორმალურად უნდა ჩაიაროს. იქნება სხვადასხვა მხარის ერთმანეთისათვის დაპირისპირების ზოგიერთი მცდელობა. მე მათ კიდევ ერთხელ მივმართავ: მზად ვარ, ხვალ დილიდან დავიწყო შეხვედრები ჩემს ოპონენტებთან, რა თქმა უნდა, მხარდამჭერებთანაც.