ვერა ნეფარიძე

,,24 საათი” 2003 წ. 25 ნოემბერი. გვ. B2

 

 

თავისუფლების პირველი დღე

ვარდების რევოლუციის იმპროვიზებული ფინალი

 

ასეთი შანსი იშვიათად, ზოგან კი არც არასდროს დგება – იმღერო პარლამენტის წინ; როდესაც რამდენიმე დღის წინათ გაშინებდნენ, რომ შესაძლო იყო ეს ადგილი სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრი გამხდარიყო; სადაც ქვეყნის ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უპრეცენდენტო ფინალით, საკმაოდ დაძაბული მოვლენები ვითარდებოდა. საქართველოში არ განმეორდა სადღაც შეთხზული ე.წ. ,,ხავერდოვანი რევოლუციის გეგმა; ალბათ, უნიკალური ,,ვარდების რევოლუცია” ნამდვილად იმსხურებდა და კიდევ უფრო ლამაზ დასასრულს და ეს გუშინ ისევ და ისევ პარლამენტის წინ მოხდა. ქათველმა მუსიკოსებმა დროში გაწელილ სამოქალაქო ვნებათაღელვას ღირსეული აკორდი მიუძღვნეს.

           

გუშინდელი კონცერტი მეტ საფუძველს მაძლევს თამამად გავიმეორე ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ ამაყად ნათქვამი ფრაზა (რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა): ,,ჩვენ არავის არ ვბაძავთ; აქეთ ისწავლოს მსოფლიომ ჩვენგან”. და ეს რომ გამარჯვებული პიოლიტიკური ლიდერის პათეტიკა არ არის მხოლოდ, მგონია, ამაში უკვე ყველანი დავრწმუნდით. გუშინ პარლამენტის წინ გამართული კონცერტის ყოველ მონაწილეს სწორედ იგივე განწყობა ჰქონდა (რაც მათი კომენტარებიდან ირკვევა კიდეც).

           

კონცერტი პარლამენტის წინ იმპროვიზებული იყო: არ იყო შეზღუდული მონაწილეთა შემადგენლობა და გამომსვლელთა ხანგრძლივობა. უბრალოდ, პარლამენტის კიბეები იმ მუსიკოსებმა დაიკავეს, ვინც ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით – საკუთარი საქმითა და მოქალაქეობრივი პოზიციის თუნდაც სატელევიზიო ეთერში საკმაოდ ხშირად გამოხატვით, არ ერიდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი მოსაზრების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას. ამ ადამიანებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე, წვიმაში, როდესაც ყველაზე სუფთა ფორმით გადაწყვიტეს ხალხის მხარდაჭერის გამოხატვა, გვაჩვენეს, რომ მათსა და მათ კოლეგებს სორის განსხვავებს მხოლოდ ფონოგრამის მოხმარება არ არის; რომ იმღერო ფონოგრამაზე, იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ტექნიკურ დეტალს. ამიტომ, არ მაღიზიანებს ხოლმე, როდესაც ქართველ მუსიკოსებს ამგვარად ყოფენ: ,,ფონოგრამშიკებად” და ,,ცოცხალ მუსიკოსებად”. ხალხმა კარგად იცის რას გულისხმობს ეს განსხვავება. ამიტომაც, ჩემთვის სიმბოლურად რჩება, როდესაც არჩევნების წინ, სააგიტაციოდ ,,ცოცხალმა მუსიკოსებმა” თავისუფალ არჩევანს მისცეს ხმა, ,,ფონოგრამშიკები” კი ,,ლოკომოტივის” სტადიონზე სახელისუფლებო ბლოკს უმღეროდნენ. გუშინდელი, ,,ვარდების რევოლუციის” იმპროვიზებული აკორდის ავტორები სწორედ ეს ,,ცოცხალი მუსიკოსები” იყვნენ. უბრალოდ, პარლამენტის წინ კონცერტზე რამდენიმე მათგანი (ირაკლი ჩარკვიანი, ნიაზ დიასამიძე) სრულიად ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვიდნენ. მაგრამ, ამ ადამიანებმა ხომ უკვე რამდენჯერმე გამოხატეს საკუთარი პოზიცია.

           

ბაკურ ბურდული:

        

,,მე ვუმღერი იმას, რომ ქართველ ხალხს ასე უყვარს ერთმანეთი; რომ ჩვენ მართლაც, საამაყო ერი ვართ; მე მეამაყება, რომ ქართველი ვარ; ასეთი რაღაც არ მინახავს და არც გამიგია, რომ სადმე მომხდარიყოს; ანუ ჩვენ შეგვიძლია მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ დაგვეწიოს. შეიძლება ერთი სიმღერა ვიმღერო, შეიძლება ორი, სამი. არ ვიცი, რა ენერგიაც იქნება; უბრალოდ, ხმა მაქვს ძალიან ცუდ დღეში. ვიცი, რომ ნამდვილად შევასრულებ სიმღერას ,,გამოგვივა ხვალ” იმიტომ, რომ დღეს ძალიან კონცეპტუალურია, დანარჩენს სიტუაცია მაჩვენებს.

           

ვახო ბაბუნაშვილი

        

Soft Eject

        

,,მე ამ საღამოს დავარქმევდი ყველაფრის მშვიდობიანად დამთავრების სიხარულს. იმ იმედის გამოხატულებას, რომ ეს ადგილი აღარ იქნება, დავუშვათ, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთმანეთთან პრეტენზიების გარკვევის ადგილი. ის რაც მოხდა გუშინ, მინდა დავიჯერო, რომ ბოლოჯერ იყო ეს ადგილი დაძაბულობის ეპიცენტრი. მუსიკა ასრულებს იმ დაძაბულ დღეებს, როგორც მუსიკას სჩვევია ლამაზად. ხვალიდან ვიწყებთ უკვე მშვიდობას. ჩვენ შემოქმედებით გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ არაძალადობრივი ცვლილებების მხარდაჭერა”.

           

აჩიკო გულედანი

        

მწვანე ოთახი

        

,,ვზეიმობთ იმას, რომ არავის არაფერი დაემართა და ჩვენ, ხალხმა, ყველამ ერთად შევძელით რაც გვინდოდა ის გაგვეკეთებინა. ჩვენ ვამბობდით, როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი მშვიდობიანად, კონცერტით აღვნიშნავთ, და დღეს ვასრულებთ ჩვენს სიტყვას.

           

ძებნილი

        

,,ჩემგან განსხვავებით, დღეს ბევრ სახეს ვხედავ, ვინც იმ დღეებში არ იყო და დღეს მოვიდა მხოლოდ. ალბათ, ეს ხალხი კონცერტისთვის არის მოსული, ხოლო, როდესაც მათი პროფესია სასწორზე იდო, ელოდა როგორ დასრულდებოდა. მე პირადად, 2 ნოემბრის შემდეგ დღემდე აქ ვდგავარ და ყოვეთვის ვიდგები ქართველი ხალხის გვერდით და არა მარტო პარტიასთან. ჩემი სურვილია, დღევანდელ საღამოს გაენეიტრალებინოს ყველაფერი, რაც ორი კვირის განმავლობაში ხდებოდა აქ. და ეს კონცერტი გამარჯვების სიმბოლოდ მიმაჩნია.

           

პანჩო

        

,,ეს დღე ალბათ ყველას დაამახსოვრდება იმიტომ, რომ ასეთი ალბათ, აღარ იქნება. ეს არის თავისუფლების პირველი დღე.

           

ლადო ბურდული

        

,,სიმართლე რომ გითხრა, მე არა ვარ მიტინგების კაცი. მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ ეს, რაც დღეს ხდება, არის მონტაჟი 1989 წლის 9 აპრილსა და დღევანდელ დღეს შორის. ეს რაღაც საშინელება, რაც საქართველოს ცხოვრებაში 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ხდებოდა, ეს ამოიჭრება, გადაებმება და გამოვა კარგი კინო”.

           

რობი კუხიანიძე

        

აუცაიდერი

        

,,ჩემთვის ეს კონცერტი არ არის. ჩემი აზრით, მთელი ქართველი ერისთვის ეს უნდა იყოს კონცერტი – რეპეტიცია. ბევრი რომ გაგვიხარდა და გადავყევით სიყვარულს. მე მაინც მიმაჩნია, რომ უნდა ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, გვიხაროდეს, მაგრამ ,,უნდა გადავაგდოთ”, უნდა დამთავრდეს. სამშობლო ჩემთვის ლამაზი ქალივითაა კარგ ქალებში ცხოვრება ოდესღაც მოსაწყენი უნდა გახდეს. 38 წლის ვარ და მიხარია ეს პერსპექტივა შექმნეს ჩემი თაობის ადამიანებმა. რაღაც უნდა შეცვლილიყო და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მშვიდობიანად მამა-შვილურად გადაწყდა. კარგი იქნება, თუ ამ ემოციებს, რაც გვაქვს დაგროვილი, ყოფით ცხოვრებაში გამოვიყენებთ”.