ნონა ცაბაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 8 ნოემბერი. გვ. 3.

 

 

"თბილისი ვერ დაიტევს აღორძინების ხალხს !"

შავბნელმა ძალამ მხოლოდ თბილისში აღორძინების კავშირს 40 ათასი ხმა მოჰპარა

 

შეიძლება ითქვას, რომ ფილარმონიის დიდმა საკონცერტო დარბაზმა თავისი ფუნქცია დაკარგა და პოლიტიკური პარტიების და მათი მომხრეების შეკრების ადგილად გადაიქცა. გუშინ, ოთხი საათისათვის, ფილარმონიაში აღორძინების დემოკრატიული კავშირის ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აღორძინების მხარდამჭერებით სავსე დარბაზში თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოტნე ბაკურია მოუწოდებდა ხალხს, საკუთარი ხმები დაეცვათ და ნაციონალებისა და დემოკრატებისთვის არ მიეცათ უფლება, მათი ხმები მოეპარათ. გუშინ აღორძინების შეკრებაზე მრეწველებიც მივიდნენ.

 

ანზორ აბრალავა:

 

- რას ისახავს მიზნად თქვენი დღევანდელი აქცია?

 

- ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ ავხადოთ ფარდა შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის გადანაწილებულ როლებს და ამ გაყალბებების ერთიან მექანიზმს. ჩვენი აქცია, რომელიც ფილარმონიიდან დაიწყება და ცსკ-სთან დამთავრდება, იქნება მშვიდობიანი. ჩვენი ხმები უნდა დავიცვათ, რადგან ეს ხმები არამარტო ითვლება, არამედ იწონება. ამ ხმებს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

 

ლევან პირველი:

 

- ბატონო ლევან, აღორძინების მხარდასაჭერად მოხვედით?

 

- არა. მაინტერესებს, რა ხდება და იმიტომ მოვედი.

 

- როგორია თქვენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

 

- ძალიან მკაცრი.

 

ლევან პირველმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ აღორძინების პოზიციას, თუმცა რაიმე კოალიციაზე ჯერ საუბარი არ არის.

 

ფილარმონიაში შეკრებილ მოსახლეობას ცოტნე ბაკურიამ მიმართა. ბაკურიას განცხადებით, ისინი გმობენ ფაშიზმს და ექსტრემიზმს და მათი დღევანდელი აქცია მოწოდებულია იმისათვის, რომ ქვეყანაში არ გამეორდეს ისტორიის ის შავბნელი წლები.

 

- ამ შავბნელმა ძალამ მხოლოდ თბილისში აღორძინების კავშირს 40 ათასი ხმა მოჰპარა, აღარ ვლაპარაკობ სხვა რეგიონებზე. ჟვანიამ ახლა გაიგო, რომ მინიმალური ხელფასი ძალიან დაბალია, ან სააკაშვილმა ის, რომ 14 ლარიანი პენსიით არსებობა არ შეიძლება? სად იყვნენ ისინი წლების წინ, როცა ერთი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე - ასკაციანი ფრაქციის თავმჯდომარე? მაგრამ ხალხი მაშინ ახსენდებათ, როცა თქვენი ხმები სჭირდებათ. საინტერესოა, რატომ არ ახდენს ხელისუფლება რეაგირებას ამ უკანონო დაჯგუფების ქმედებებზე, ვინ მისცა მათ უფლება, რომ კბილებამდე შეიარაღებულები ალყაში აქცევენ საარჩევნო უბნებს და იქიდან საარჩევნო ყუთები გამოაქვთ/ სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რას აკეთებენ ისინი ამ უკანონობის აღსაკვეთად?/ მივმართავ პრეზიდენტს, მოახდინონ რეაგირება ამ ყველაფერზე, ან არადა, შეასრულოს ფაშისტების და ექსტრემისტების მოთხოვნა და თავისი ნებით დაუთმოს კანცელარია. დაიღალა ხალხი ამ სისხლისმსმელებით. ძალიან მაინტერესებს, სად არის ინტელიგენცია, რატომ არ იღებს ხმას ამ უკანონობის წინააღმდეგ, ნუთუ ასე შეაშინა ამ შავბნელმა ძალამ? გამოდით, ხმა ამოიღეთ და ჩვენ დაგიცავთ. ბაკურიამ დარბაზში შეკრებილ ხალხს მოუწოდა, მშვიდობიანი მსვლელობა გაემართათ ფილარმონიიდან ცსკ-მდე და კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინათ ხელისუფლება. აღორძინების წევრები მსვლელობას მერიამდე აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან, მათი ინფორმაციით, ნაციონალების მხრიდან პროვოკაცია იყო მოსალოდნელი.

 

აღორძინებას ცსკ-ის წინ პოლიციის ცოცხალი კედელი დახვდა, თუმცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

 

- ბატონო ცოტნე, რას ისახავს მიზნად ეს აქცია?

 

- ჩვენი აქცია გამაფრთხილებელია, რომელიც მიზნად ისახავს: არა - ფაშიზმს, არა - ფალსიფიკაციას და არა - ტერორიზმს.

 

- რამდენ ხანს გაგრძელდება აქცია?

 

- დაახლოებით 15-20 წუთს. ჩვენ გვინდა დავიცვათ ხალხის ხმები და წინ აღვუდგეთ ფაშისტებს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მხოლოდ რუსთაველი კი არა, მთელი თბილისი ვერ დაიტევს აღორძინების ხალხს. ახლახან გავიგე, თურმე ჟვანია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. როგორც იქნა, დამნაშავე ჟვანია მიხვდა, რომ ვერაფერს გააკეთებს, რომ უსუსურია. აჯობებს, მას სხვებმაც მიბაძონ, კერძოდ კი სააკაშვილმა და ქვეყანა პროფესიონალებს დაუთმონ. დღეს ცსკ-ში მჯდომი 15 ადამიანის ბედზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი. მე ვთხოვ ამ ადამიანებს, ხალხს თავისი ხმები დაუბრუნონ. აღორძინება პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ძალადობის და ტირანიის წინააღმდეგ.