|
გიორგი ასანიშვილი,,24 საათი”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. A2
,,თქვენ ისეთი კარგები ხართ, შევარდნაძე იოლად ვერ შეგელევათ” ანუ რატომ ჯიუტობს პრეზიდენტი ოპოზიციასთან
ბელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირებაში გუშინდელ დღეს, თითქოს, არსებითი ცვლილებები არ შეუტანია: ოპოზიცია აგრძელებდა საპროტესტო აქციებს, პრეზიდენტი შევარდნაძე კი ფართო საზოგადოების თვალთახედვის არეში არ მოქცეულა. თუმცა, გარკვეული ძვრები მაინც მოხდა, რომლებიც, შეიძლება, ახლო მომავალში, კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის დასაწყისად იქცეს.
ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებამ, რომ არ გამორიცხავს ხელისუფლების მიერ 2 ნოემბრის არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების აღიარებას, წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერებს საბოლოო რწმენის გამარჯვების რწმენა გაუმყარა, მაგრამ ისინი ეიფორიაში არ ჩავარდნილან. ,,ნაციონალები” უფრო მეტი ენერგიით განაგრძობენ ხელისუფლებაზე შეტევას: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მ. სააკაშვილმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნით. ,,ხუთიოდე დღეში მილიონ ხელმოწერამდე ავალთა და ამის შემდეგ მასზე, შეიძლება, ხელისუფლებამაც მოაწეროს ხელი,” – სახელმწიფო კანცელარიიდან თეთრი დროსის გადმოფენას ელოდება ანტისახელისუფლებო ,,კუალიციის” ხელმძღვანელი.
მისი თანაგუნდელის, დ. ბერზენიშვილის თქმით, იგი ჯერ ვერ გარკვეულა, სახელისუფლებო ბლოკის ,,ქორი” ვახტანგ რჩეულიშვილი მართლა შეშინდა, თუ შევარდნაძის გუნდმა, ოპოზიციის ყურადღების მოდუნების მიზნით, რაღაც ახალი თამაში წამოიწყო. როგორც არ უნდა იყოს საქმე, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი მოითხოვს, რომ ,,კაპიტულაცია” ოფიციალურად გაფორმდეს. იგი ამ სემთხვევაში, შევარდნაძეს, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ხელშეუხებლობას ჰპირდება.
,,თუ შევარდნაძე აღიარებს, რომ 2 ნოემბერს ხალხმა ოპოზიციური უმრავლესობა აირჩია, ჩვენ მას დავუტოვებთ შანს, სიმბოლურად ერთხანს კიდევ იყოს თავის ,,ქაჯეთის ციხეში”, - ანუ ,,ნაციონალების” თავდაპირველი ულტიმატუმი ძალაში რჩება: ან ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების ცნობა, ან – შევარდნაძის გადადგომა.
ბელისუფლების მხრიდან დათმობაზე წასვლისთვის მზადყოფნას მიესალმება ბლოკ ,,ბურჯანაზე – დემოკრატების” ერთ – ერთი ლიდერი გიგი წერეთელი. მისი თქმით, კომპრომისებზე წასვლა და შეცდომების აღიარება ყველას უნდა შეეძლოს, მათ შორის – ხელისუფლების პირველ პირსაც. ,,ვიცით, რომ ჩვენ პირველ ადგილზე არ გავსულვართ, მაგრამ 12-15%-ის ფარგლებში ნამდვილად ვართ და თუ სამართლიანობის აღდგენა მოხდება, დაახლოებით ეს მაჩვენებელი გვექნება. პირველობა არც ,,ნაციონალებისათვის” არის თვითმიზანი, მაგრამ როდესაც არჩევნების შედეგები სიმართლესთან მიახლოვდება, გამარჯვებულებად სწორედ ისინი გამოცხადდებიან,” – აღნიშნავს წერეთელი.
მისი თანაბლოკელი, მოშიმშილე პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძეც იმის მომხრეა, რომ პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ,,არა მგონია, შევარდნაძემ გაბედოს და იმის გარკვევა მოინდომოს, თუ რამდენხანს ეყოფა ხალხს მოთმინება,” – ვარაუდობს მაღლაფერიძე.
ვიდრე პოლიტიკოსები განსჯაში არიან, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ჩვეული რითმით განაგრძობს ,,მუშაობას”. გუშინ, დღის პირველ ნახევარში, აქციის მონაწილეებმა შვებით ამოისუნთქეს – ღრუბლები გადაიყარა და მზემ გამოანათა, მაგრამ საღამო ხანს შევარდნაძის ,,მოკავშირე” წვიმამ ისე იძალა და რუსთაველის გამზირი კვლავ ქოლგებითა და ცელოფნებით დაიფარა.
,,სისხლსავსე ცხოვრება” პარლამენტის წინ, როგორც წესი, შუადღის 1-2 საათიდან იწყება. მანამდე კი, წინა დღეებში სიქა გაცლილი აქციის ხელმძღვანელები ძალებს იკრებენ და ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებენ. მიტინგზე წესრიგს ახალგაზრდები იცავენ, ანუ ისინი, ვისაც ჩვეულებრივ დღეებში იქით მოუწოდებენ ხოლმე დისციპლინისაკენ. ამასტან, მოძრაობა ,,კმარას” წევრები პაუზებსაც ავსებენ და როდესაც მიტინგზე ,,სტაგნაციაა”, საპროტესტო ტონუსს სხვადასხვა შეძახილებით ინარჩუნებენ.
მიტინგზე, პოლიტიკოსებზე მეტად, უბრალო ,,მოკვდავნი” აქტიურობენ: მგზნებარე სიტყვით გამოდიან თბილისში მცხოვრები რუსი ქალბატონი და ოჩამჩირედან ჩამოსული აფხაზი დედა, გელათელი მწყემსი და 84 წლის კახელი გლეხი...
გუშინ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მიკროფონთან სტუდენტების ,,მიძალება”. საბოლოოდ გაქარწყლდა ხელისუფლების ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალგაზრდობა ,,ნეიტრალიტეტს” დაიცავდა: საპროტესტო აქციას შეუერთდნენ თსუ-ს, სამედიცინო უნივერსიტეტის, სოხუმის ი. ვეკუას სახ. უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და სხვა სასწავლებლების სტუდენტები. ისინი რექტორატის მხრიდან მუქარის მიუხედავად, აპირებენ, დღეიდან უფრო აქტიურად ჩაებან აქციაში – დილის 10 საათზე თავიანთ სასწავლებლებთან დაიწყებენ თავმოყრას და პირველი საათისთვის პარლამენტთან გამოცხადდებიან... აქციაზე გამოჩნდნენ, აგრეთვე, რამდენიმე გაფიცული სკოლის პედაგოგები და ზოგიერთი საავადმყოფოს პერსონალი. იზრდება მოშიმშილეთა რიცხვიც: გია ხევიაშვილს, ლადო ჭიპაშვილს, გია ბარამიძესა და ვასილ მაღლაფერიძეს გუშინ ქამალ მურადხანოვიც შეუერთდა. გარდა ამისა, მ. სააკაშვილის განცხადებით, თელავში შიმშილობა დაიწყო საკრებულოს რამდენიმე წევრმა.
ბელისუფლებისა და ოპოზიციური საზოგადოების დაპირისპირება გრძელდება. საეჭვოა, ის მოკლე ხანსი დამთავრდეს. ,,თქვენ ისეთი კარგები და ლამაზები ხართ, მეეჭვება, შევარდნაძე იოლად შეგელიოთ,” – პრეზიდენტის სიჯიუტის ,,მიზეზს” აცნობს მომიტინგეებს მამათელი ხანდაზმული ქალბატონი, რომელმაც, თავისი ცნობილი თანასოფლელისაგან განსხვავებით, მომიტინგეებისთვის თავის შეყვარება უკვე მოასწრო. |