|
ლელა მჭედლიძე “24საათი”. 12ნოემბერი 2003წ. გვ.A1. თურმე პრეზიდენტი ოპოზიციას ელოდება
ხელისუფლების ოპოზიციასთან შეხვედრის მორიგი რაუნდი გადაიდო. ამ შეხვედრის მოლოდინი თბილისის მერის განცხადების შემდეგ გაჩნდა. ვანო ზოდელავა საკმაოდ დაბეჯითებით აცხადებდა, რომ მან პრეზიდენტთან შეხვედრისას, შევარდნაძეს ოპოზიციასთან მოლაპარაკების გაგრძელება ურჩია, თანაც არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არამედ იმ პარტიებთან, ვისაც, მეტ-ნაკლებად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს.
პრეზიდენტის პრეს-მდივანი კახა იმნაძე გუშინ, გვიან საღამოს, უკვე პრეზიდენტის მიერ საკმაოდ დატვირთულ გრაფიკსა და, ამასთან, შევარდნაძის მხრიდან ოპოზიციასთან საუბრის მოლოდინსა და მზადყოფნაძე საუბრობდა. მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მეთაური ოპოზიციის წარმომადგენლებს ელოდა, მაგრამ უშედეგოდ. თუ კონკრეტულად ვის (რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარდა), უკვე უცნობია. იმნაძის განცხადებით, ქვეყნის მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის მზად არის. მართალია, გუშინ პრეზიდენტის კეთილი ჟესტით არავინ ისარგებლა, მაგრამ ეს, თურმე ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ბატონი კახას აღიარებით, იგი ნამდვილად არ არის ისეთი თანამდებობის პირი, ვინც სავარაუდო პოლიტიკური შეხვედრების შესახებ, შესაძლოა, დეტალურ ინფორმაციას ფლობდეს.
ბუნებრივია, პრეზიდენტის პრეს-სამსახურს არც აჭარის ავტონომიის ლიდერის გადაადგილების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. სამაგიეროდ, იმნაძემ იცოდა, რომ ერევანში აბაშიძის ვიზიტი კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი და რამდენჯერმე გადაიდო. საგანგაშოა, იმნაძის თქმით, ავტონომიის მეთაურის ერევანში ვიზიტი და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ივანოვთან შეხვედრაში, არაფერია, ,,რადგან თუ შეხვედრა რაიმე ფარული მიზნების განსახორციელებლად ხდება, მაშინ მისი გასაიდუმლოებისათვის უამრავი საშუალება არსებობს და ასეთი აფიშირება არ მოხდება.” პრეზიდენტის პრეს-მდივანი მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძის ერევანის ვიზიტი ოპოზიციამ მიტინგზე სასაუბრო თემის გამოსაჩხრეკად ააგორა. ან სულაც იმიტომ ,,რომ თავისთვის სასურველის აბაშიძისათვის გადაბრალება გადაწყვიტა.” ცენტარალური ხელისუფლების გული ავტონომიის ლიდერმა პრეზიდენტის აჭარაში ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ მოიგო. მით უფრო, რომ ახლა საერთო მოწინააღმდეგე მოპროტესტე ოპოზიციის სახით გამოინახა. იმ ოპოზიციის სახით, რომელთანაც დიალოგს სახელმწიფო კანცელარიიდან ან, უკიდურეს შემთხვევაში, კრწანისის რეზიდენციიდან პრეზიდენტი თითქოს არსად გაურბის. მაგრამ, შეხვედრის მორიგ რაუნდზე (პრეზიდენტის პრეს-მდივნის ინფორმაციით) იგი ოპოზიციისათვის თითქმის იგივეს შეთავაზებას აპირებს, რასაც პირველი შეხვედრისას დაჰპირდა – მათ მიერ წამოყენებული პრეტენზიების, წამოყენებული საკითხების გამოსაძიებლად კომისიის შექმნას. |