|
ლალი როზომაშვილი ”ახალი ვერსია”, 2003 წლის 24-30 ნოემბერი, გვ. 18
ძალოვნებმა ხალხს იარაღი არ მიუშვირეს შსს-ს ინფორმაციით, ამ დღეებში დანაშაულმა იმატა, ოპოზიცია პოლიციას წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს
”ჩვენ გვიცავს საბჭოთა მილიცია!” – ამ დაუვიწყარ ლოზუნგს სულ ცოტა ხნის წინ ცინიკურად იშველიებდნენ ქართული პოლიციისგან გამწარებული და დამცირებული ადამიანები. სულ ორი დღის წინ კი, თბილისში თავისუფლების მოედანზე, შევარდნაძის პარლამენტიდან გაძევების შემდეგ, ხალხში ახალი ფრაზა გაჩნდა – ”ჩვენ გვიცავს ქართული პოლიცია!” ეს იმიტომ რომ ქართველმა ძალოვნებმა მომიტინგეებზე იარაღი არ აღმართეს. მომიტინგეები ქართველ პოლიციელებს მსოფლიოს დასანახად ქუჩაში ეხვეოდნენ, მაგრამ შეინარჩუნებენ თუ არა ძალოვნები შემობრუნებას, ათვლა დღეიდან იწყება!
მიტინგების დაშლის ბრძანების შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებენ პოლიციელები და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები? 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხი ყველას აფიქრებდა. მასობრივი დაუმორჩილებლობის მომენტში საზოგადოებას აინტერესებდა, პოლიცია და ჯარი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა და მხოლოდ წესრიგს დაიცავდა, თუ ხალხის წინააღმდეგ გამოვიდოდა. |