|
სოფიკო ჩხაიძე,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A7. ძირს – რკინის ფარები, როცა ვარდებით მოდიან,,ყველა თგვენგანი თავისუფალია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ არ დაივიწყოთ: თქვენ იმაზე ბევრად უკეთესები ხართ, ვიდრე გგონიათ”. საეჭვოა, რომ რომელიმე რკინისჩაფხუტიან, რკინის ფარითა და რეზინის ხელკეტით შეიარაღებულ პოლიციელს როდესმე წაეკითხოს პაბლო კუელიოს ეს სიტყვები. მართალი გითხრათ, ისიც კი საეჭვოა, გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყველა მათგანმა იცოდა თუ არა, რას მოიმოქმედებდა. მაგრამ მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ცრემლები, რომლებიც მათ სახეზე ჩამოცმულ ნიღბებს ასველებდა, სწორედ საკუთარი ღირსების გრძნობის ცრემლი იყო, ცრემლი იმისა, რომ ყველაზე უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვას კი არა, თავადაც ეგონათ. შაბათს ეს ცრემლები მე საკუთარი თვალით ვნახე.
არადა, მათგან საფრთხობელის შექმნა სცადეს. არჩევნების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლების დაწყებასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის თითქმის აშკარა მუქარის ფონზე, ქუჩებში სრული საბრძოლო აღჭურვილობით გამოყვანილ მდუმარე ჯარისკაცებს სწორედ ეს – ხალხის დაშინების ფუნქცია ეკისრათ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როცა 22 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერები ათობით ათას, მშვიდობიან მომხრესთან ერთად საკრებულოს შენობიდან კანცელარიისკენ დაიძრნენ და ინგოროყვას ქუჩის მისადგომებთან, გადაგორებული ავტობუსის უკან მდგომ შინაგანი ჯარის კორდონს შეეჩეხნენ, რკინის კარების კედელი გაირღვა. უფრო სწორად, ჯარისკაცები გვერდზე გადგნენ.
,,მოიშორეთ კაშნეები, - მიმართავდნენ იქვე მდგომი პოლიციელები, ორიოდე მაშხლის გაშვების შემდეგ, ცხვირ-პირდაფარულ ქალბატონებს, - გაზის გაშვება არც გვიფიქრია”. ისინი იდგნენ, შენობების კედლებს აკრული სპეცრაზმელები, რომლებსაც საკუთარი სახის გამოჩენის უფლება არ აქვთ და ცრემლებით ხვდებოდნენ ხალხის მხრიდან მადლობის ნიშნად დაკრულ ტაშს. მაგრამ, ამ ტაშის მიღმა მაინც იბადებოდა ეჭვი – რატომ გაატარეს ასე ადვილად სამართალდამცველებმა ხალხი ხელისუფლების მთავარი ბასტიონისკენ – კანცელარიისკენ, მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ პრეზიდენტი იქიდან უკვე პარლამენტში გადაეყვანათ? ,,თქვენ გგონიათ ჩვენ არ დავიღალეთ? ჩვენც აღარ შეგვიძლია. ბალხის წინააღმდეგ როგორ უნდა წავიდეთ, ჩვენც იგივე ხალხი ვართ,” – ეს სიტყვები კანცელარიიდან პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე განლაგებული შინაგანი ჯარის ჯარისკაცებისაგან მოვისმინეთ. იქვე მდგომი მათი სარდალი გია შერვაშიძეც უკვე თითქმის საჯაროდ აკეთებდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თავის ჯარს ხალხს არ დაუპირისპირებდა. მაგრამ მათ უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ინგოროყვას ქუჩის შუაში, ჯერ კიდევ იდგა შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, თავისი მოადგილეებითურთ.
,,შინაგანი ჯარის რამდენიმე ჯარისკაცმა არ შეასრულა ბრძანება და მათი საკითხი განიხილება. მსგავსი რამ არ განმეორდება, სიტუაციას ვაკონტროლებთ”, - ასეთი შეფასება მისცა კობა ნარჩემაშვილმა ქვეშევრდომთა მხრიდან კეთილი ნების გამოხატვას.
,,აქ ვდგავარ, რომ წესრიგი დავიცვა, წესრიგის დასაცავად კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ. არ მივცემთ საშუალებას მომიტინგეებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალონ”, - ამ სიტყვების ქმიდან რამდენიმე წუთში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გზა დაუთმო პარლამენტის შენობისაკენ დაძრული ხალხის ტალღას. რატომ? ,,სისხლი რომ არ დაღვრილიყო”, - ასეთი გახლდათ ბორდიურზე გადანაცვლებული მინისტრისეული ახსნა, რომელიც ცდილობდა, ბოლომდე არ ეღიარებინა, რომ პოლიცია და შინაგანი ჯარი მას აღარ ემორჩილებოდა, რომ მისმა ქვეშევრდომებმა უარი თქვეს ყვავილებით ,,შეიარაღებული”, მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოყენებაზე, რომ მათ მიიღეს, შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – დადგნენ საკუთარი ხალხის გვერდით. |