შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 9 ნოემბერი. გვ. 2

 

 

 

აღორძინებამ საქართველო დაშოკა

 

მთელი ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი რამდენიმე დღის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა აჭარიდან ჩამოსულ ხმებს. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია იმედოვნებდა, რომ იქიდან მათთვის სასურველი ხმები ჩამოვიდოდა. მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ აჭარის ავტონომია ხმების გამოგზავნას არ ჩქარობდა. ბოლოს კი, როცა პოლიტიკოსებს და არა მარტო მათ ნერვები დააწყდათ, აჭარიდან ხმები გამოუშვეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კალკულატორები მოიმარჯვეს და სასწრაფოდ დაიწყეს ხმების გადათვლა.

 

მიმატება-გამოკლების შემდეგ მათ სენსაციური შედეგი მიიღეს. აჭარიდან მიღებული ხმების შემდეგ პირველ ადგილზე მოულოდნელად აღორძინების დემოკრატიული კავშირი გავიდა. ამ ამბავმა თბილისელი პოლიტიკოსები პირღია დატოვა. ბათუმში კი სიხარულისგან ისტერიკა ატყდა.

 

აღორძინების მხარდასაჭერად მომენტალურად დაიგეგმა მსვლელობა. ამ მსვლელობას აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი ჯემალ გოგიტიძე ედგა სათავეში. ბათუმელები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ ქუჩებში და აღორძინების გამარჯვებას ზეიმობდნენ.

 

აღორძინების ფანებმა გადაწყვიტეს იმ კაცისთვისაც ეთქვათ მადლობა, რომელმაც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს კაცი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე გახლავთ. ამიტომაც მოზეიმეებმა მის სახლთანაც ჩაიარეს და თან "ბაბუ, ბაბუს" ყვიროდნენ. ამ სანახაობას თვალყურს ადევნებდა ასლან აბაშიძე და გაღიმებული სახით აქციის მონაწილეებს ხელს უქნევდა და ბედნიერი იღიმებოდა. ამ ამბებიდან მეორე დღეს კი აღორძინებამ უკვე თბილისის ქუჩებში მოაწყო მსვლელობა. მათი თავდაპირველი შეკრება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა, რომლის გავსებაშიც ამღორძინებლებს მოქალაქეთა კავშირის წევრები დაეხმარნენ. დარბაზის შევსების შემდეგ ამღორძინებლები თბილისის ქუჩებშიც გამოვიდნენ, თუმცა გრანდიოზული მსვლელობა ვეღარ მოაწყვეს. მათ მხარდამჭერები თვალსა და ხელს შუა შემოეფანტნენ.