|
|
|
,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A8.
აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა ორიოდე საათით ადრე, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი პოსტიდან გადაგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მეთაურის განკარგულება აჭარის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აჭარის პარლამენტის საგანგებო სხდომა ტაშით შეხვდა.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა ბათუმზე, და საერთოდ, აჭარაზე ფაქტიურად 23 ნოემბრის საღამომდე არ მოუხდენია. აქ ტრადიციული ე.წ. სიმშვიდე და სტაბილურობა ძველებურად იყო შენარჩუნებული და რაიმე უმნიშვნელო ექსცესებსაც კი ადგილი არ ჰქონია. თუმცა, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა აჭარის მეთაურის რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც სამთავრობო დაცვასთან ერთად შეიარაღებული სპეცრაზმელები იცავენ. ისინი ქალაქში უკვე შაბათ დილიდან გამოჩნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ძალოვნების ძირითადი ნაწილი დედაქალაქში იმყოფებოდა, აჭარის უშიშროებაში აცხადებდნენ, რომ არანაირ ინფორმაციას აჭარაში დესტაბილიზაციის შესახებ არ ფლობდნენ და მსგავს რაიმეს არც დაუშვებდნენ. აჭარის შს სამინისტროს ინფორმაციით კი ამ დღეებში კრიმინალური მდგომარეობაც არ გაუარესებულა. ბათუმის ქუჩებში შეუფერხებლად მოძრაობდა ტრანსპორტი.
საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, ასლან აბაშიძე წინასწარ აცხადებს, რომ თუ ე.წ. რადიკალური ოპოზიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში ძალით, ის იძულებული იქნებოდა რეგიონის მოსახლეობის დასაცავად, ეროვნული ტრადიციების და მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩოლოქი გადაეკეტა.
თუ როგორ იმოქმედებდა ავტონომიის მეთაური, ინფორმაცია არ ვრცელდება. სხვათაშორის არც მაშინ, როცა სახელმწიფო თეატრის შენობაში აჭარის პარლამენტის საგანგებო სხდომა იყო დანიშნული. სხდომა მეთაურის მოლოდინში 2 საათის დაგვიანებით, თუმცა მაინც მეთაურის გარეშე დაიწყო. პარლამენტს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება უნდა მიეღო. თუმცა, სხდომაზე მოგვიანებით მოდის ასლან აბაშიძე. ორიოდე წუთში კი სენატის თავმჯდომარე ანთაზ ქიქავა პარლამენტარებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ მეთაურის განკარგულების ტექსტს აცნობს...
,,რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები, რომლის შედეგადაც საფრთხე ემუქრება არა მარტო კონსტიტუციური ხელისუფლების არსებობას, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღრუბლზე აღმოჩნდა. ამასთან, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცადებები აჭარის მიმართ მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს. არის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო შემოჭრის საფრთხე...
საქართველოში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის განზრახვით აჭარის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის საწინააღმდეგოდ არაერთი ტერაქტისა და სხვა ღონისძიებების გათვალისწინებით, მოსახლეობის სტრატეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობის და საკომუნიკაციო ობიექტების უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული საზღვრების დაცვის მიზნით:
2003 წლის 23 ნოემბრიდან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა, აჭარის კონსტიტუციის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, უშუალოდ განახორციელოს სახელისუფლებო უფლებამოსილება. მიიღოს ქმედითი ზომები დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირების ტავიდან ასაცილებლად. აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 20, 21, 22, 24, 25, 30, 33-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებანი, საქართველოს კანონის ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად.
შემოღებული იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
ადმინისტრაციულ და სახელმწიფო საზღვრის მთელ ტერიტორიაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლი. შეწყდეს მატარებლის მოძრაობა აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე – სადგური ურეკი. ჩოლოქის, ჯიხანჯურის, ცეცხლაურის, ქაქუთის, გოდერძის უღელტეხილის, აეროპორტის, საზღვაო ნავსადგურის, სარფის გამსვლელ პუნქტებზე, რკინიგზის სადგურებში გამოიყოს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების შესაძენი სპეციალური საცავები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გმობს ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის ცდას და წყვეტს ყოველგვარ კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალადობით მოსულ კრიმინალებთან, ქვეყანაში კონსტიტუციური ხელისუფლების სრულ უფლებებში აღდგენამდე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა 24 ნოემბრიდან უზრუნველყოს გასაწვევ პირთა მობილიზაცია”.
ასეთია მოკლე შინაარსი განკარგულებისა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე 23 ნოემბრიდან ამოქმედდა. მის ამოქმედებიდან მცირე დროში, როგორც ავღნიშნეთ პრეზიდენტი გადადგა, უფრო მოგვიანებით კი ბათუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოფრინდა. ასლან აბაშიზე პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს და უბრალოდ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვიტარება რთულია. რაც შეეხება იგორ ივანოვს, მისი შეფასებები თუ კომენტარები, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოკრძალებულია. ერთადერთი, რასაც ივანოვი აცხადებს ისაა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა და აჭარის ლიდერის შეხვედრის დეტალები უცნობია. ივანოვმა ბათუმი ორშაბათ დილით დატოვა.
ასლან აბაშიძე კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის პარლამენტის ადრინდელი დადგენილებით მინიჭებული უფლებებით, როგორც ავტონომიის მთავარსარდალი, ჯერჯერობით არ სარგებლობს. ვინაიდან დღემდე აღნიშნული დადგენილება არ გამოქვეყნებულა, ანუ მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მეთაური ავტონომიის უმაღლეს სამხედრო პირად ფაქტიურად გამოცხადებულია. ყოველივე ზემოთქმულტან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას, ქვეყანაში არსებული მდგომარეობითა და რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნიან.
რაც აკრძალული არაა – დასაშვებია(!) |