შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 2-3

 

 

 

აბაშიძე სააკაშვილს დაემუქრა

პატარა ბაბუმ დიდი ბაბუ მანქანით გაასეირნა

 

საქართველოს პრეზიდენტმა ნაცად ხერხს მიმართა და შეჭირვების ჟამს ბათუმისკენ მიმავალ გზას დაადგა. როგორც არაერთხელ მომხდარა, კრიტიკულ მომენტში ედუარდ შევარდნაძემ შველა ასლან აბაშიძეს სთხოვა. ამ უკანასკნელმაც უკან არ დაიხია და პრეზიდენტს "მაშველი რგოლი" გადაუგდო.

 

ორი დღის წინ, მიტინგზე გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში აპირებდა წასვლას. თბილისიდან მიმავალ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა შეუთვალა - იცოდე, თუ თბილისიდან გახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდებიო. ამ მუქარის მიუხედავად, შევარდნაძემ დედაქალაქი მაინც დატოვა და ასლან აბაშიძესთან გაემგზავრა, რომელიც, როცა საჭიროა, ქვეყნის საშიში მტერია, ხოლო როცა საჭიროა, მეგობარი და მაშველი. ერთი ბაბუ რომ მეორეს შველას სთხოვს, ამაში უცნაური არაფერია. თუმცა რანგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასლან აბაშიძეს აქეთ უნდა ჩამოეკითხა გაჭირვებაში ჩავარდნილი პრეზიდენტისთვის. ამ უხერხულობას თავად შევარდნაძეც მიხვდა და ბათუმში გამგზავრების წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მოხდა ისე, რომ ბატონი ასლანი თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ამიტომაც მე მივდივარ იქ". შევარდნაძემ, სხვათა შორის, ისიც აღიარა, რომ პატარა ბაბუსთან უკვე 22-ჯერ ჩავიდა და თუ დააცლიან, ის კიდევ ამდენჯერ აპირებს გამგზავრებას ზღვისპირა ქალაქში.

 

პატარა ბაბუს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან პრეზიდენტს საგანგებო შეხვედრა მოუწყო. შევარდნაძესთან შესახვედრად მთელი ბათუმი ქუჩაში გამოვიდა. უცნობია, ისინი თავად გამოვიდნენ თუ გამოიყვანეს. თუმცა მთლიანობაში მეტად შთამბეჭდავი სურათი გამოვიდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ პრეზიდენტთან დახვედრის საზეიმო ცერემონიალი აღორძინების ერთ-ერთ ლიდერს ჯემალ გოგიტიძეს მიჰყავდა. ვისაც ამ ადამიანის ბოლოდროინდელი გამოსვლები გახსოვთ, ალბათ ვერ დაიჯერებდით, რომ გუშინ სცენაზე ის ჯემალ გოგიტიძე იდგა. თუმცა რადგანაც სხვა პოლიტიკოსებიც ხშირად იცვლიან თავიანთ შეხედულებებს, ამის უფლება გოგიტიძესაც ჰქონდა.

 

ამ უფლებით ჯემალ გოგიტიძემ კარგად ისარგებლა და თავი არ დაიზოგა საიმისოდ, რომ ბათუმის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას ორივე ბაბუსთვის ტაში დაღლამდე ეკრათ. სახელისუფლებო ძალა და აღორძინება ალბათ მრავლნაირად განმარტავენ გუშინდელ შეხვედრას, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შევარდნაძემ აბაშიძეს შველა სთხოვა. წინა შემთხვევებში ბათუმში "პაბეგი" შევარდნაძისთვის კარგად დასრულებულა. გამორიცხული არ არის, ახლაც ასე მოხდეს. თუმცა ის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბათუმში გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიცია მკვეთრად გააღიზიანა. სპორტულ არენაზე გამართულმა პოლიტიკურმა შეხვედრამ ადვილი შესაძლებელია დედაქალაქში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

თუმცა ირკვევა, რომ შევარდნაძე ამაზე ნაკლებად ნერვიულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციასთან უფრო სერიოზულ დიალოგს გამართავდა და ალბათ არც თბილისს დატოვებდა. მართალია, მას დახმარება სჭირდება, მაგრამ ასეთ კრიტიკულ მომენტში დედაქალაქის დატოვება არ შეიძლება. მაგრამ შეიძლება პრეზიდენტსაც გავუგოთ, რომელსაც მიშა და მისი საძმო კანცელარიაში უკვე აღარ უშვებენ. სადმე ხომ უნდა წასულიყო პრეზიდენტი, ისიც ადგა და ბათუმში წავიდა. ბათუმი კი შევარდნაძეს ხელგაშლილი შეეგება. შევარდნაძე იქ მარტო დახმარების საძებნელად რომ წასულიყო, შეხვედრა ასეთი გრანდიოზული არ იქნებოდა. გუშინდელი ფაქტი იმის ნათელი დადასტურებაც არის, რომ აბაშიძე შევარდნაძესთან ვალშია. ხუმრობა საქმე არ გეგონოთ აღორძინების მეორე ადგილზე გასვლა. ამაში უდავოდ ურევია პრეზიდენტის ხელი. ჰოდა, აბა ახლა თქვით, რა ნამუსით ეტყოდა პროეზიდენტს პატარა ბაბუ დახმარებაზე უარს. მით უფრო, რომ შევარდნაძისთვის პოზიციების გამყარება მის ინტერესებშიც შედის.

 

თბილისის ქუჩებში გამოფენილი ოპოზიციონერი ლიდერები უკვე ხაზგასმით აფიქსირებენ, რომ ისინი აჭარის ლიდერსაც უპირებენ პენსიაზე გაშვებას. სააკაშვილი აბაშიძეს არასდროს სწყალობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სასტიკად დაარბიეს, საკრებულოს თავკაცის პოზიცია კიდევ უფრო რადიკალური გახდა. აბაშიძემ თავი დაიზღვია და უფროს ბაბუას ჩაეხუტა.

 

ბათუმის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფაქტიურად გამოწვევა იყო. იქ შეკრებილები თბილისში თავმოყრილ მომიტინგეებს იწვევდნენ. გამომსვლელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ საჭირო გახდება, ისინიც ჩამოვლენ თბილისში და საკუთარ ხმებს დაიცავენ. ბათუმის სტადიონზე მართლაც ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი. ბევრი მათგანი იქ საკუთარი ნებით არ მისულა, მაგრამ სტადიონი გაივსო. ამით ორმა ბაბუმ პარლამენტის შენობის წინ მცირერიცხოვან მომიტინგეებს დაანახა თხა თხაზე ნაკლებიო. თუმცა ბათუმური საღამოს შემდეგ შესაძლოა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა რაოდენობა საშინლად გაიზარდოს.

 

ქვეყნის პირველი პირი ზედმეტად გულთბილად მიესალმა მის შესახვედრად გამოსულ ბათუმელებს. მათ უამრავ რამეზე ესაუბრა და ლამის მილიონჯერ გაუმეორა, რომ ის გზა, რომელსაც ის ადგას, არის მართალი. "ის გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის სიმართლე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს" - განაცხადა პრეზიდენტმა. მის სიტყვებს მქუხარე ოვაციები მოჰყვა. ტაშს უკრავდა ასლან აბაშიძეც. არადა, ცოტა ხნის წინ მას და მის ამღორძინებლებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ გზა შევარდნაძისა იყო მცდარი და ქვეყნისათვის დამანგრეველი.

ამჯერად აბაშიძე უკვე სხვანაირად ფიქრობს და ქვეყნის დამანგრევლად მიაჩნია ის გზა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ძმებმა და დებმა ამოირჩიეს. უფრო მეტიც, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალები მეტისმეტად საშიშები არიან. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, ასლან აბაშიძე სააკაშვილის მოძრაობას ნაციონალებს ცოცხალი თავით არ ეძახდა და მათ სულ ნაციონალისტებად მოიხსენიებდა.

 

"მათ არა ჰყავთ ძალა, მათ არა ჰყავთ პოლიცია, მაგრამ იმუქრებიან, რომ ხალხს დაიჭერენ, აბა, ახლა დაფიქრდით, რა ძალაა ეს, ან რას მოგვიტანს მათი ხელისუფლებაში მოსვლა. ეს იქნება კატასტროფა, რომელიც მაჯლაჯუნასავით დააწვება საქართველოს", - აღნიშნა ასლან აბაშიძემ.

 

აჭარის ლიდერმა სტადიონზე შეკრებილ ხალს შეახსენა მათი მოქალაქეობრივი ვალი. "ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ კანონიერი ხელისუფლება" - დასჭექა აბაშიძემ. არადა, ცოტა ხნის წინ იგივე აბაშიძე ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე კანონიერი ხელისუფლება არ იყო. მაგრამ ნათქვამია, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო. აღორძინების ლიდერები ახლა უკვე ღრმად არიან დარწმუნებული, რომ შევარდნაძე კანონიერი ხელისუფლებაა.

 

კანონიერი ხელისუფალის დაცვას აბაშიძე შემდეგი მიზეზითაც აპირებს: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. საქართველო კიდევ ერთ ასეთ დარტყმას ვეღარ გადაიტანს".

ისე, მართლაც საინტერესოა, როგორ აპირებს აბაშიძე შევარდნაძისა და მისი სახით მთელი ქვეყნის გადარჩენას. გუშინდელ მიტინგზე პატარა ბაბუმ იმედი გამოთქვა, რომ ის და მისი მომხრეები საკუთარ პრინციპებს დაუპირისპირებენ ნაციონალისტებს და შეაჩერებენ მათ ამბიციებს. "მე მჯერა, რომ ჩვენი დემოკრატიული პრინციპები დაამარცხებს ნაციონალისტების მოსყიდული ადამიანების ამბიციებს" - ამბობს აბაშიძე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის კანონიერ ხელისუფლებას ანუ შევარდნაძეს არავის დააჩაგვრინებს. თავის მომხრეებს კი შემდეგი რამ დაუბარა "იდექით მტკიცედ და გულადად".

ჯემალ გოგიტიძემ თავი ვალდებულად ჩათვალა საკუთარი პოზიციაც დაეფიქსირებინა. მანამდე კი კიდევ ერთხელ დაუკრა ტაში ორივე ბაბუს. "ჩვენ მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს. ამიტომაც ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ საქართველოს გადარჩენისთვის" - ამბობს გოგიტიძე. თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს კი შეუთვალა - ხალხით ნურავის აშინებთ, თორემ ჩვენც ჩამოვიყვანთ მანდ ხალხს და ჩვენც დავიცავთ ჩვენს ხმებსო.

 

აი, ასეთი პათოსით მიმდინარეობდა ბათუმის სტადიონზე გამართული შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც ორივე ბაბუ აბაშიძის რეზიდენციაში განმარტოვდა და ჩვენთვის გაურკვეველ საკითხებზე დაიწყეს მსჯელობა. უახლოესი დღეების მანძილზე მათი ძმობა და მეგობრობა ურყევი იქნება. თუმცა საეჭვოა, მან დიდხანს გასტანოს. ისინი ახლაც არ ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვა გზა მოჭრილი ჰქონდათ. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო გუშინდელ შეხვედრაზე. ასლან აბაშიძემ უფროს ბაბუს პირადად თავად გაუწია მძღოლობა. ბათუმში ჩასული პრეზიდენტი აბაშიძემ თავის ძვირადღირებულ მერსედესში ჩასვა და ორივე ბაბუ ტკბილი ჭუკ-ჭუკით შეგრიალდნენ ქალაქში. რაზე ილაპარაკეს და რაზე არა, ამას ვერავინ გაიგებს, რადგანაც მათ გარდა მანქანაში არავინ მჯდარა. ნაკლებ სავარაუდოა, მანქანაში "ჟუჩოკი" ყოფილიყო დამონტაჟებული.