|
თამარ მჭედლიშვილი ,,24 საათი”. 2003 წ. 7 ნოემბერი. გვ A1-A2
ასლან აბაშიძე საკუთარ თავს არ ღალატობს
აჭარიდან ჩამოსულმა ამომრჩეველთა ხმებმა 2 ნოემბრის საბედისწერო არჩევნების შედეგები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა და პარტიების პოზიციები რადიკალურად შეცვალა. აჭარაში ,,აღორძინების” ,,უსაზღვრო პოპულარობის” წყალობით, ასლან აბაშიძის თანაგუნდელები საარჩევნო მარათონის ფინიშის სწორზე ლიდერებათ მოგვევლინნენ, ხოლო სახელისუფლებო ბლოკმა და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. თუმცა, დღევანდელი დღე ამ სურათს აუცილებლად შეცვლის, რადგან, ცეესკოში ოფიციალურად ჯეტრაც არ არის შემოსული 700 საარჩევნო უბნის მონაცემი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, საბოლოო შედეგების გადასამათაშებლად, დრო და რესურსი კიდევ აქვს.
გუშინდელმა დღემ ბევრს 1999 წლის პირველი რიცხვები გაახსენა. მაშინაც, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე საარჩევნო ოლქიდან მონაცემების შემოსვლა ხელოვნურად გაჭიანურდა, ხოლო სახელმწიფო კანცელარიაში გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა. მისი დასრულებისთანავე, ცეესკო-ში მომენტალურად შემოვიდა მონაცემები, რომელმაც პარლამენტისგენ გზა ,,მრეწველებს” გაუხსნა.
დღესაც სახელმწიფო კანცელარიაში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. როგორც ჩანს, ცენტრასა და აჭარის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები არც თუ წარმატებით დასრულდა, რადგან ასლან აბაშიძემ თბილისში ისეთი მონაცემები გადმოაგზავნა, რომელმაც ,,აღორძინება” ამომრჩეველთა ხმების , მინიმუმ, 20-25%-ით უზრუნველყო. არადა, ჩვენი ინფორმაციით, ასეთ ციფრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნამდვილად არ ელოდნენ. ცეესკო-ს კულუარებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ,,სოციალისტური პარტიის” წარმომადგენლები. ცეესკო-ს თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმაც ჟურნალისტებთან საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ,,ამდენს არავინ ელოდა”...
რაც შეეხება თავად ციფრებს.
აჭარაში არჩევნებში მონაწილე 284 000 ამომრჩევლიდან 269 854-მა ხმა ,,აღორძინების კავშირს” მისცა. ,,ახალმა მემარჯვენეებმა” 2 231 ხმა მოიპოვეს, ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა” 418, ბლოკმა ,,ახალი საქართველოსთვის” 3008, ,,მრეწველებმა” 1475, ,,ლეიბორისტებმა” 2268, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” 236.
საბოლოო ჯამში კი, სხვა რეგიონებში აღებული ხმების დამატებით, ,,აღორძინებამ” საკუთარი ყულაბა 327 954 ხმით შეავსო.
საკმაოდ პომპეზური აღმოჩნდა ცეესკო-ში ამ ოქმების შემოსვლის პროცედურა. მეტიც, იგი თეატრალურ სანახაობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ, სამუშაო პროცესს.
თავად განსაჯეთ: ცეესკო-ში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს ,,აღორძინების” ცნობილი სახეებიც მოჰყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეულმა – ცოტნე ბაკურიამ კი ჟურნალისტების წინაშე პოლიტიკური განცხადებების კორიანტელი დააყენა და მიხეილ სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩეველთა ხმების ქურდობაში დაადანაშაულა. მისი თქმით 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დედაქალაქის მასშტაბით ,,აღორძინების” მიერ მიღებული ხმები ,,ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო მითვლილი. გუშინ ,,აღორძინებას” აღმოუჩენია, რომ ისნის რაიონში მე-12 საარჩევნო უბანში, ოფიციალურად მითითებული 25 ხმის ნაცვლად, 541 ხმა ჰქონდა მიღებული.
ბოლო იმავე ისნის რაიონის მე-15 უბანში 37 ხმის ნაცვლად – 328... შედეგად კი ბაკურიას დაუსკვნია: ,,როცა ,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ყველაზე მეტს საუბრობს, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მეთოდით სარგებლობს. იმ დროს, როცა თბილისის საარჩევნო უბნებში ეს მონაცემებია დაფიქსირებული, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაა საქართველოს მასშტაბით.
მოკლედ, გუშინ ,,აღორძინებამ” კიდევ ერთხელ უჩვენა ყველას, რომ საკუთარ პოზიციებს არაფრის დიდებით არ დათმობს. ჩუმი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება და ცეესკო ,,აღორძინების” ასეთ პოზიციას მაინც მისაღებად მიიჩნევენ. ბოლო, ცეესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ მას არარეალურად ეჩვენება ოპოზიციის მოთხოვნა აჭარაში გამართული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. მისი თქმით, აჭარაში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
და ბოლოს: გუშინ ცეესკო-ს წევრებმა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2”-ის ეთერით გასული ,,კმარას” რეკლამა გააპროტესტეს, სადაც, ცეესკო-ს წევრები – გივი კომახიძე, მამუკა გობეჩია, გიორგი მიქანაძე და ნოდარ პაპუკაშვილი ამომრჩეველთა ხმების გამყალბებლებად არიან დასახელებულნი.
ცეესკო-ს წევრები სასამართლოში ჩივილს აპირებენ და ,,კმარას”, ,,რუსთავი – 2”-ის ეთერით, ბოდიშის მოხდას მოსთხოვენ.
გივი კომახიძე ამტკიცებს, რომ ,,კმარა” ზურაბ ჟვანიას შექმნილია. მისივე თქმით, ეს რეკლამა ,,გაუცნობიერებელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცეესკო-ს დისკრედიტაციასა და ზურაბ ჟვანიას გუნდის ,,იმიჯის გათეთრებას” ისახავს მიზნად.
ცეესკო-ს თავმჯდომარის ნანა დევდარიანის განცხადებით კი, ახალგაზრდული მოძრაობა ,,კმარა” კონსტიტუციას არღვევს, როცა ცეესკო-ს წევრების მიმართ უდანაშაულების პრეზუმფციას არღვევს. |