|
ნონა ცაბაძე,,ახალი თაობა”. 2003 წ. 5 ნოემბერი. გვ. 2-4.
ამ ხელისუფლების წუთები და საათები დათვლილია
ოპოზიციამ დანაპირები შეასრულა. გუშინ ოპოზიციამ წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი შექმნა და ხელისუფლებას ვადა დღეს დილის 12 საათამდე მისცა. დღეს ოპოზიცია ფილარმონიაში შეიკრიბება და იქ გადაწყვეტს, რა ზომებს მიმართოს. გუშინ საღამოს მერიის წინ უამრავი ხალხი შეიკრიბა, ნაციონალები და დემოკრატები ერთობის ლიდერ ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად მოუწოდებდნენ მოსახლეობას საკუთარი ხმები დაეცვათ. თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ბალხი მოდიოდა რაიონებიდან – დუშეთიდან, ბოლნისიდან, გორიდან, თუმცა თბილისის მისადგომები პოლიციას ისე ჰქონდა გადაკეტილი, რომ ისინი თბილისში შემოსვლას ვერ ახერხებდნენ და თავისუფლების მოედნისაკენ ფეხით მოემართებოდნენ. ყველა გამომსვლელი აცხადებდა, რომ 2 ნოემბრის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და მას ხმებს ხელისუფლება ართმევს. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ გონს მოგებოდნენ და ეღიარებინათ ოპოზიციის გამარჯვება. გამომსვლელები ასევე მოუწოდებდნენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შეერთებოდნენ. ყველაზე ხშირად კი მოწოდებები ახალი მემარჯვენეების მისამართით გაისმოდა, რომ ისინი დროულად მოგებოდნენ გონს და მათთან გაერთიანებულიყვნენ. მერიის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს ოპოზიციის ლიდერები მერიის შენობიდან მიმართავდნენ.
ჯუმბერ პატიაშვილი:
- დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენს ხალხს ყველაფრის უფლება წაართვა. ერთადერთი ხმის უფლება დაგრჩათ და დღეს იმასაც გართმევენ. მე დღეს მოგიწოდებთ თქვენ, რომ არ დაემორჩილოთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფრის უფლება წაგართვათ, რომლის ბლოკი სავსეა დამნაშავეებით და რომლებსაც სურთ ჩვენს მომავალს დაესაკუთრონ. მე გაძლევთ სიტყვას, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს ერთიანობისა და გამთლიანებისათვის.
კოტე კემულარია:
- ყველამ იცის, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო პირველი ადგილი და ოპოზიციამ მოიპოვა უმრავლესობა ახალ პარლამენტში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენი ხმები მოიპარონ და გააყალბონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ერთობა, ის 15 ათასი კაცი, რომელიც დღეს აქ მოვიდა, აიძულებს შევარდნაძეს, რომ თქვენი გამარჯვება აღიარონ. გაუმარჯოს საქართველოს შევარდნაძის და მისი ხელისუფლების გარეშე.
გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ მერიისაკენ უამრავი ხალხი მოემართებოდა, უამრავი ხალხი იდგა თბილისის მისადგომებთან, მაგრამ მათ არ უშვებდნენ. გამომსვლელები მიმართავდნენ ძალოვან მინისტრებს, რომ მათი აქცია იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია ხალხის უფლებების დასაცავად და ნურავინ გაბედავდა მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ნუ გადაუკეტავენ მათ გზებს. მოგვიანებით აქციის მონაწილეების წინაში მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ კომანდოს ბატალიონის მთელმა შემადგენლობამ უარი თქვა ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლაზე, რასაც აქციის მონაწილეთა ოვაციები და შეძახილები მოჰყვა. სააკაშვილმა მოუწოდა ყველა შეიარაღებულ ძალას, რომ ნუ გამოვიდოდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
გია ბარამიძე:
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ძალების დემონსტრირება, დავანახებთ შევარდნაძეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვისხდეთ სახლში, ვუყუროთ ტელევიზორებს და ტელევიზორებით ვადევნოთ თვალყური, როგორ გვართმევენ საკუთარ ქვეყანას და იმ არჩევანს, რომელი არჩევანიც გააკეთა თითოეულმა თქვენგანმა. შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა. ჩვენ დავიცავთ ჩვენ ხმებს ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენ მოვუწოდებთ შევარდნაძის ხელისუფლებას, თუ შევარდანძე არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს, თუ შევარდნაძე ახლა მაინც პასუხისმგებლობით არ განიმსჭვალება, ის მოიმკის იმას, რასაც იმსახურებს და იმსახურებს ხალხისგან. ჩვენ მოვუწოდებთ შევარდნაძის დანაშაულებრივ ხელისუფლებას, არ გასცენ განკარგულებები, რომლის გამო ისინი უფრო დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებიან. მე გიორგი ბარამიძე, მოვუწოდებ ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ ხელისუფლების იმ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია ხელისუფლების უზურპაციისაკენ. მათ არ შეასრულონ ბრძანება, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. ნურავინ ნუ ეცდება თუნდაც ბაქოს მოვლენებთან პარალელის გავლებას, თბილისი არ არის ბაქო. ჩვენ სხვა კულტურა და ტრადიციები გვაქვს, ხელისუფლება ამაზე ნუ წავა. არც ერთი ქართველი პოლიციელი და არც ერთი ჯარისკაცი იარაღს კი არა ხელკეტსაც არ აღმართავს სამართლიანი მოთხოვნით გამოსული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ ხელისუფლების წუთები და საათები დათვლილია, თუ ისინი არ გადადგამენ გონივრულ ნაბიჯს და პარლამენტს არ გადდაბარებს ერთიან ოპოზიციას. არ შეიძლება ქართველ ხალხს მოექცე ისე, როგორც ცხვრის ფარას. ჩვენ ვაპირებთ დავაკანონოთ ის, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, დავაკანონოთ შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლა.
მიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ამ ხელისუფლებამ ხმები მოგვპარა, ასე იპარავენ ხალხის ფულს წლობით, ასე მოიპარეს ხალხის ანაბრები, თქვენი ბავშვების სწავლის ფული. მოიპარეს ყველაფერი თუკი რამე გაგვაჩნდა და ახლა ცდილობენ წაგვართვან არჩევანის უფლებაც. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ მთელი საქართველოდან ვძრავთ ხალხს, ყველა რაიონიდან მოდის აქ ხალხი, მაგრამ მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ალბათ უმჯობესი იქნება, მთავრობას მივცეთ დრო ხვალამდე, რათა მოიფიქროს, როგორ გამოვიდეს სიტუაციიდან. თუ ხვალამდე პრეზიდენტი შევარდნაძე აღიარებს მისი ხელისუფლების სამარცხვინო დამარცხებას, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი შეცვლა ხელისუფლების, მაგრამ თუ ისინი არ აღიარებენ დამარცხებას, ჩვენ მივალთ სახელმწიფო კანცელარიასთან და გამოვუშვებთ იქიდან პრეზიდენტ შევარდნაძეს. ხვალ მთელი საქართველო მივა კანცელარიასთან. თუ შევარდნაძე თავდ არ მოვა ჭკუაზე, მაშინ ჩვენ მოვიყვანთ მათ ჭკუაზე.
ოპოზიცია შეთანხმდა, რომ 5 ნოემბერს 12 საათისთვის შეიკრიბებიან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და თუ ხელისუფლება 12 საათამდე არ მიიღებს, მათი თქმით, სწორ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური პარტიები მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. |