|
გიორგი ასანიშვილი “24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A2.
,,ამაზე მრავალრიცხოვან მიტინგს, ბიძიკო, ჩემს ეზოში ჩავატარებ” რამდენი ხანი დასჭირდა, რომ გულს გული ეცნო! მაგრამ ჯანდაბას დრო და ლოდინი! მთავარია, რომ მოსახდენი მოხდა: მათ ერთმანეთი იპოვეს და დღეს გვერდიგვერდ დგანან. სხვა თუ არაფერი, მათი ერთად ყოფნა მომავალში, არჩევანის გაკეთებისას, საზოგადოებას ძალიან გამოადგება. ახლა კი გუშინდელი დღის გმირებიც გავიცნოთ: პარლამენის წინ გამართულ მიტინგზე ერთმანეთს მხარს უმშვენებდნენ ექსპრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე და პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი, ,,აღორძინების” თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ცოტნე ბაკურია და სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი გურამ შარაძე… და მაინც დასანანია – მიტინგზე ადუარდ შევარდნაძე, შალვა ნათელაშვილი, გოგი თოფაძე და კიდევ ორიოდე სხვა პოლიტიკოსიც რომ გამოჩენილიყვნენ, წრედი შეიკვრებოდა. თავდაპირველად, რუსთაველის გამზირზე გამვლელები მომიტინგეთა დანახვაზე გაოცებით იჩეჩავდნენ მხრებს, - აკი, ორშაბათს მანიფესტაცია აღარ გაიმართებაო? მერე კი, როდესაც აღმოაჩენდნენ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არაფერ შუაში იყო და ტრიბუნასთან ზემოთ ჩამოთვლილი პირები იდგნენ, დამცინავად ჩაილაპარაკებდნენ: ,,ვაი, თქვენს პატრონს!” ,,მაგათ პატრონს რა უჭირს, ბატონო, კანცელარიაში ისე გაიდგა ფესვები, ვეღარ მოუგლეჯიათ, ჩვენ ვიკითხოთ, მაგათ ხელში რა გვეშველება,” - ,,პატრონის” თაობაზე ყველას ერთნაირი აზრი როდის გააჩნდა!
იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მომიტინგეთა რაოდენობა საშაყიროდ გაეხადათ: ,,ოხ, ოხ, ოხ! რას ააგორებენ! ვინ იქნება მაგათი დამკავებელი?” შაყირს რა უჭირს – ვიღაცეები ქუჩის მეორე მხრიდან დედის სულს უტრიალებდნენ მიტინგის ორგანიზატორებს და მათ აუდიტორიას, თუმცა, ბილწსიტყვაობა მანქანების ხმაურსა და გამომსვლელთა სიტყვებში იკარგებოდა და, ამდენად, აქციის მონაწილეებს აღარ აღიზიანებდა. სამაგიეროდ, მათ ნერვები დააწყვიტათ თეთრი ფერის ,,ჟიგულმა”, საიდანაც ახალგაზრდებს ,,ნაციონალური მოძრაობის” დროშები გადმოეფინათ და ხმამაღალი სიგნალებით, მალიმალ აუქროლ-ჩაუქროლებდნენ ხოლმე მომიტინგეებს. ეს უკანასკნელნი მაინც მედგრად იდგნენ და მუყაითად ,,მუშაობდნენ”: სააკაშვილს, ჟვანიასა და ბურჯანაძეს მიწასთან ასწორებდნენ.
,,ამდენი ხანია, აქ ვდგავარ და ჟვანიასა და სააკაშვილის ლანძღვის მეტი არაფერი გამიგია. შევარდნაძეზე ერთი აუგი სიტყვაც არ დასცდენიათ,” – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და მიტინგი დატოვა ერთ-ერთმა ქალბატონმა. ,,რას ბრძანებთ, მაგის დადგმულია ეს სპექტაკლი და მასზე ცუდს როგორ იტყვიან?” – იმედგაცრუებულს სიტყვა დაადევნა ვიღაც გამვლელმა. მალე განხეთქილების საშიშროებაც წარმოიშვა. ერთმა ,,გონებამოწამლულმა” ახალგაზრდამ პროტესტი გამოხატა. ,,აქ რომ მოვდიოდი, მეგონა პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაში მივიღებდი მონაწილეობას, მოვედი და მისი მხარდამჭერი შარაძე არ დამხვდა?!” ახალგაზრდას ბევრი დაეთანხმა, მაგრამ შარაძის თაყვანისმცემელი ქალების კოლონამ თავისი მაინც გაიტანა და ახალგაზრდა ჩააჩუმა. ამასობაში კი თავად შარაძე მიკროფონიდან გაჰყვიროდა: ,,ჩვენ მხარდასაჭერად კოდორიდან წამოსულია დიდი დელეგაცია, დაიძრა ხალხი კახეთიდან, გურიიდან… ჩვენ დგას ჯანმრთელი საქართველო, ავადმყოფი საქართველო ჩვენს გვერდით არ არის…”
მომიტინგეთა რიგების ზრდა ელანდებოდა მანანა არჩვაძესაც: ,,აი, შემოგვიერთდნენ ედპ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები…” ეტყობა მას სკოლიდან სახლში მომავალი რამდენიმე მეხუთე თუ მეექვსეკლასელი მოსწავლე ჰყავდა მხედველობაში, თორემ იმ პერიოდში აქციას ნამდვილად არავინ მიმატებია.
პარლამენტის შენობასთან ემზარ კვიციანის მისვლას მომიტინგეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. თავად პრეზიდენტის რწმუნებული ,,აქციონერებთან” მისვლას ასე ხსნის: ,,წინა მიტინგების დროს ვერც ერთი სანთელი ვერ დავინახე (?) ახლა კი ჯვრები შევნიშნე და ამიტომაც მოვედი”.
კვიციანის თქმით, თბილისში არსებული დაპირისპირება კოდორის ხეობის დამცველების დემორალიზებას იწვევს. ,,დესტაბილიზაციას შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო ომი და ამის შემდეგ კოდორსაც დავკარგავთ” – გამოფხიზლებისაკენ მოუწოდებდა საზოგადოებას პრეზიდენტის რწმუნებული.
გუშინ ამ მიტინგს განუხრელად სდევდა 14 ნოემბრის მასობრივი მანიფესტაციების აჩრდილი. ამიტომ ხშირი იყო პარალელები და შედარებები.
,,რუსთაველის გამზირზე ისინი საარჩევნო პროცენტებმა მიიყვანა, ჩვენ – საქართველოს სიყვარულმა. მათ ბერიკაობა ჩაატარეს, ფულები დაარიგეს, ნამდვილი შულერები არიან. 50000 კაცი ავტობუსებით კი არ უნდა მოეყვანათ, არამედ ეს ხალხი თავისით უნდა მოსულიყო. იმ ხალხმა არ იცოდა, რისთვის მიიყვანეს, როდესაც გაიგებენ რაშია საქმე, ჩვენს გვერდით დადგებიან,” – ეს ტირადა “აღორძინების” წევრს ანზორ აბრალავას ეკუთვნის.
,,მაგათ, ბიძიკო, ბოღმა ალაპარაკებთ. რისი მომყვანებიც არიან, აგერ ჩანს. რომ მოვინდომო, ამაზე მრავალრიცხოვან მიტინგს ჩემს ეზოში ჩავატარებ,” – სულო ცოდვილო და, რუსთაველის გამზირზე თითქმის ყველა გამვლელ-გამომვლელი გუშინ ,,ხელისუფლება & აღორძინება კომპანის” დაცინვის ხასიათზე იყო. |