ირაკლი ბერიაშვილი

,,24 საათი”. 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A7

 

 

ამოდის, ნათდება

 

როცა დრო შუაღამეს გადასცდება, როცა წყლით გაჟღენთილ მოედანს ხუთასიოდე კაციღა ჩემორჩება, როცა აქა-იქ პატარ-პატარა კოცონები დაინთება და ეს რამდენიმე ასეული კაცი გუნდ-გუნდად შეგროვდება ამ თბილი ციცინათელების გარშემო, როცა ყველაზე მეტად მატულობს გაცოფებული ხელისუფლების სურვილი, რამენაირად დაარბიოს ეს პატარა ბანაკი, რომლის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, სადღაც, მოედნის მიღმა, ბნელში, ვიღაც თუ რაღაც აყმუვლდება ხოლმე.

 

ბანაკის გარშემო უამრავი მხეცი დაძრწის. ზოგი ახლომახლო, ზოგი მოშორებით, ზოგნიც სტუდიებსა და კაბინეტებში მოკალათებულნი. ყველა მათგანს ერთი სალაპარაკო და სამიზნე აქვს – კოცონებთან შეგროვებული ადამიანები. ზოგი იარაღს აჟღერებს, ზოგი დარბაისლურად აჟღერებს თავს აქეთ-იქით – რჩევას და დარიგებას იძლევა, ზოგი დუჟმორეული მოითხოვს ,,წესრიგის დამყარებას”.

 

წესრიგის მთავარ დამამყარებლებში განსაკუთრებით სარიშვილი და მამალაძე გამოირჩევიან. გროვა მშიერია, სწყურია და წინამძღოლისგან მოქმედებას მოითხოვს. მიზანი ერთი კი აქვთ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. ყველა თავისებურად იღრინება. ზოგი სულსწრაფია, ზოგს აქედანვე ეშინია, ნადავლის გარეშე არ დარჩეს, ამიტომ ერთმანეთს ეჭვით უყურებენ, მაგრამ მთავარი მაინც არ ავიწყდებათ.

 

მთავარი კი ეს პატარა ბანაკია – ნინო ბურჯანაძე, მაია ნადირაძე, მიშა სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, დავით ბერძენიშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, კოტე კემულარია...

 

გროვაში დროდადრო ახალგაზრდა, გამოუცდელი მხეცი წამოჰყოფს ხოლმე თავს. სტუდიაში თბილად მოკალათებული ვინმე დავით კოღუაშვილმა ძალიან ხმამაღლა და ძალიან გაბრაზებულმა თქვა, რომ არავის არაფრის უფლებას არ მისცემს. ერთი ფილმის გმირი, 13 წლის გმირი მომაგონა, რომელმაც კაცად გახდომა ინატრა და, ჰოი, საოცრებავ, ასრულდა კიდეც. თუმცა, რად გინდა, გარეგნულად კი იქცა კაცად, მაგრამ კაცური თვისებები ვერ შეიძინა.

 

არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე მამალაძე და რჩეულიშვილი შიშობენ, რომ ბანაკი გაიზრდება და ბუნაგებში დაგროვებულ მათ ნალაფარს ხიფათი დაემუქრება.

 

ავისმომასწავლებლად გაისმა ბებრების ხრინწიანი ხმა. გიგა ლორთქიფანიძე ისევ თავისას ერეკება – სისხლს დაღვრიანო. საბაბს ეძებთ ბატონო გიგა? ეზოპესა და კრილოვის თუ არა, აკაკის ,,მგელი და კრავი” მაინც გექნებათ წაკითხული – შარს ეძებთ? ბომ არ გგონიათ, დაგვავიწყდა როგორ მოითხოვდით ,,კომუნისტის” ფურცლებიდან არაფორმალების დახვრეტას!

 

არაფერი უცნაური არა არის იმაში, რომ იდეოლოგები სწორედ მხეცებს სჭირდებათ. განსაკუთრებით მოაზროვნე მხეცებს.

ამ ბოლო დროს ძალიან დაწინაურებულმა ძუ მგელმა, კაცმა არ იცის, რა მანქანებით, მაგრამ მაინც გამოითვალა – მიშას პრობლემა ორ-სამ დღეში მოიხსნება. ამას წინ უძღოდა ხელმძღვანელის არც ისე საშიში ფრაზა – სააკაშვილი ძალიან საშიში კაციაო. ბელისუფალნი კონკრეტულ პიროვნენბებზე კი მიუთითებენ, მაგრამ კონკრეტულ დავალებებს არ იძლევიან. ყოველ შემთხვევაში – ხმამაღლა.

 

მაინც რა გინდათ ახლა მაგით თქვათ, მაგასაც გია ჭანტურიასავით მოკვლას უპირებთ?

 

...როცა დრო შუაღამეს გადასცდება, როცა აქა-იქ პატარ-პატარა კოცონები დაინთება, სადღაც, მოედნის მიღმა, ბნელში, ვიღაც, თუ რაღაც აყუვლდება ხოლმე. უამრავი მხეცი დაძრწის ბანაკის გარშემო. კბილები უკაწკაწებთ, მაგრამ ვერ ბედავენ ახლო მისვლას – კოცონების სინათლე აშინებთ. სინათლე და ორ ნაძვთან დაბანაკებული, ვიდეოკამერებით შეიარაღებული გუნდი.

 

ვერ გეტყვით, რა არის მთავარი – აშენება თუ აშენებულით ტკბობა. ჩემთვის გამარჯვებისთვის ბრძოლაშია ეშხი. ამიტომ ძალიან მიყვარხართ თქვენ ყველანი, შენ, გია და მაია, ნინო და გიგი, და თქვენ, რუსთავი 2-ის გათოშილო გოგო-ბიჭებო!

მაგრად იდექით, საცაა გათენდება!