|
მარიკა მჭედლიშვილი,,ახალი თაობა”. 2003 წ. 20 ნოემბერი. გვ. 9.
"აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ქვეყანას ეშმაკები არ დაეპატრონონ"
პარლამენტის შენობასთან "აღორძინების" ინიციატივით გამართულ მიტინგზე თორმეტი საათის შემდეგ ტრიბუნა უმეტესად საზოგადოებისთვის უცნობ პიროვნებებს დაეთმო. აბსოლუტურად ყველა მათგანი აქებდა ასლან აბაშიძეს, ლაპარაკობდა აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესზე და აძაგებდა მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას. ახსენებდნენ პრეზიდენტსაც, თუმცა მისი მისამართით გამოთქმული პოზიცია "არც მწვადის და არც შამფურის" დაწვას ჰგავდა. "ამღორძინებლების" მხარდამჭერთა აზრით, პრეზიდენტი შევარდნაძე, მართალია, ასლან აბაშიძეს ვერ შეედრება აღმშენებლობაში, მაგრამ მისი ვადამდე გადადგომა თუ გადაყენება დაუშვებელია. ყველა ორატორი მიუთითებდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებულ მიუტევებელ შეცდომებზე, გაკვირვებას გამოთქვამდა მათი ოპოზიციონერებად მონათვლასთან დაკავშირებით. "ხელისუფლებაში რომ იყვნენ, საქმე მაშინ გაეკეთებინათ, ახლა რომ ოპოზიციონერებად მოინათლნენ. მათი ფაშისტური ლოზუნგები საქართველოსთვის დამღუპველია. აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ქვეყანას ეშმაკები არ დაეპატრონონ", - ამბობდა ერთ-ერთი მომიტინგე. აჭარიდან ჩამოსულმა ექიმმა ქალბატონმა "აღორძინების" ერთ-ერთ ლიდერს, ცოტნე ბაკურიას, მიბაძა და მიხეილ სააკაშვილის ფსიქიატრიული გამოკვლევა მოითხოვა.
"ხელისუფლებაში მოდის ახალი ძალა, რომელმაც კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს ქვეყანა. ეს ძალაა "აღორძინება" ასლან აბაშიძის მეთაურობით. "აღორძინების" წინააღმდეგ დღეს ისტერიკული კამპანია მიმდინარეობს. ასლან აბაშიძემ უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა და იმიტომ ემტერებიან, თან ემტერებიან ისინი, ვინც ლამისეროვნება, სარწმუნოება და ენა წაგვართვა!" - განაცხადა გურჯაანის დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა ქიტიაშვილმა.
დაახლოებით 3 000 კაციან მიტინგზე მოწინავე პოზიციები ეკავა და განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი ჭაღარა ქალბატონი, რომელიც ემოციებს ვერ იოკებდა ასლან აბაშიძის ყოველი სახელის ხსენებისას და მის მხარდასაჭერად მგზნებარედ სკანდირებდა ლოზუნგებს. როგორც გაირკვა, იგი სულაც არ არის აჭარიდან ჩამოსული. "როზა ცისკაძე ვარ, ცხინვალიდან დევნილი. სოფელ გლდანში ვცხოვრობ ქირით. ასლან აბაშიძის იმედი მაქვს და აქ ამიტომ მოვედი", - განუცხადა "ახალ თაობას" ასლან აბაშიძის მგზნებარე თაყვანისმცემელმა. მისი მტკიცებით, ნინო ბურჯანაძეს იმიტომ არ ენდობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მისი წერილობითი თხოვნა დახმარების გაწევის თაობაზე ელდარ შენგელაიას გადააბარა, რომელიც ცხინვალის პრობლემების შემსწავლელ კომისიას თავმჯდომარეობდა, შენგელაია კი არ დაეხმარა. როზა ცისკაძეს ნინო ბურჯანაძის მიმართ უნდობლობა იმიტომაც გასჩენია, რომ პარლამენტის შესასვლელთან მათხოვრობა აუკრძალეს. "ვის რას ვუშლიდით მათხოვრები. გამოივლიდნენ ზურაბ ქაფიანიძე, რევაზ მიშველაძე, ვალერი გელბახიანი ან ვახტანგ რჩეულიშვილი და ერთ-ორ ლარს გვაძლევდნენ. ივლისში იქიდან ძალით გაგვაძევეს. ბურჯანაძეს ჩვენი არ ესმის", - შესჩივლა "ახალ თაობას" ლტოლვილმა.
აღმოჩნდა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილსაც არ წყალობს, იმიტომ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, იმის მაგივრად, რომ ფული მიეცა, მერიასთან მათხოვრობა აუკრძალა იმ მოტივით, რომ იქ თავშეყრის ადგილი არ არის. ასე რომ, "აღორძინების" მიტინგში რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტების გარდა, თბილისში დროებით თუ მუდმივად მცხოვრები მათხოვრებიც მონაწილეობენ. |