|
|
ლელა მჭედლიძე,,24 საათი” 8 ნოემბერი გვ. A3
არჩევანი ჩაუშესკუსა და მილოშევიჩს შორის,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას არჩევანს სთავაზობს. არჩევანი ჩვენმა ცენტრალურმა თუ ავტონომიურმა ხელისუფლებამ ჩაუშესკუსა და მილოშევიჩის ბედს შორის უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ამ, მოწინავე პოზიციებზე უცაბედად გასული პოლიტიკური ძალების ლიდერებმა საპარლამენტო არცევნებში ოპოზიციის, კონკრეტულად, ,,საციონალური მოძრაობის” გამარჯვება არ აღიარეს. ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თავადაც ხვდებიან, რომ როგორც ედუარდ შევარდნაძე, ისე ასლან აბაშიძე, როგორც თავისი საარჩევნო პოზიციების დასათმობად, ისე ორი დიქტატორის არასახარბიელო ბედს შორის არჩევანის გასაკეთებლად მზად არ არიან. თავის მხრივ, არც ,,ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დათმობაზე წასვლას. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ,,ქართველი ერი ვერ შეეგუება პარლამენტში უმრავლესობით იმ ძალებით მოსვლას, რომლებმაც თბილისში შვიდპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს.” თავად მისმა მოძრაობამ კი, ბატონი დავითის თქმით, აჭარის ავტონომიაშიც კი მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო, აჭარაში არჩევნებში მონაწილეთა ერთმა მესამედმა მათ მოძრაობას მისცა ხმა.
6 ნოემბერს აჭარის პარლამენტის მიერ აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ავტონომიის ლიდერი აჭარაში, უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად, უმაღლესი სამხედრო პირიც ხდება. ,,აჭარის მთავარსარდალს” საკმაოდ მაღალი წოდებების მინიჭების უფლება ეძლევა, ბრიგადის გენერლის წოდების ჩათვლით. როგორც აჭარის შიდა სამზარეულოში საკმაოდ კარგად ჩახედული ბერძენიშვილი აცხადებს, ამ ბრძანების ინგლისურენოვანი ტექსტი ბევრად უფრო საინტერესოა, რადგან მასში აბაშიძე ,,აჭარის პრეზიდენტად” არის მოხსენიებული. ბერძენიშვილის აზრით, ეს სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის ნაწილია, რომელსაც შევარდნაძე და აბაშიძე ერთობლივად ახორციელებენ. ბერძენიშვილი ამთკიცებს, რომ აჭარის მეთაური, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ,,რეგიონული ხელისუფლების სეპარატიზაციას აგრძელებს. არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებით კი ისინი ერთად სახელმწიფო გადატრიალების გზას ადგანან.” თუმცა, ბერძენიშვილმა გუშინვე განმარტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,” თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, შევარდნაძისა და აბაშიძის მიერ მოსახლეობის ხმების მითვისებას და საქართველოს მძევლის მდგომარეობაში ყოფნას არ დაუშვებენ.” თუ როგორ და რა გზით აპირებს ამის განხორციელებას ოპოზიციის ერთიანი ფრონტი, სააკაშვილის თანაგუნდელს აღარ დაუკონკრეტებია. მისი შეფასებით, ამის თვალსაჩინო მაგალითს ხალხი უკვე დღეს, სავარაუდოდ, ოპოზიციის აქციაზე იხილავს. |