ნინო ცინცაძე

,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A

 

 

 

ასე იწყებოდა სტუდენტების მსვლელობა

 სიცცხლით სავსე მარში თავისუფლების მოედნისაკენ22 ნოემბრის სტუდენტური ქრონიკები

 

სულ რამდენიმე თვის წინ სიტყვა ,,კმარა” ბევრს აღიზიანებდა. დღეს ამ სიტყვამ მთელი საქართველო გააერთიანა. იყო დრო, როდესაც სტუდენტთა პატარა ჯგუფი საქართველოს ქალაქიდან ქალაქში, რეგიონიდან რეგიონში დარბოდა და უსამართლობას თავგანწირვით ებრძოდა. მათ ამის გამო ხან სცემდნენ, ხან ტანსაცმელს ახევდნენ და ხანაც ცხვირ-პირს საღებავით უღებავდნენ. მათი დამსახურებით წვიმის რამდენიმე წვეთიდან დღეს ნიაღვარი აგორდა.

           

თუ ,,გვერდების ადგომა” იმას ნიშნავს, რაც გუშინ უნივერსიტეტის ბაღსა და შემდეგ თავისუფლების მოედანზე ხდებოდა, მაშინ ეს მშვენიერი რამ ყოფილა. ,,გვერდების ადგომით” ქართველმა ხალხმა და, პირველ რიგში, ქართველმა სტუდენტობამ დაამტკიცა, რომ ის ევროპული ტიპის, მოძრავი და თავისუფალი საზოგადოებაა. ის სიცოცხლის სიყვარული, იუმორი, კანონის პატივისცემა და მოქმედებათა მშვიდად პრგანიზების უნარი, რაც მათ 2 ნოემბერს გამოიჩინეს, სწორედ ამაზა მეტყველებდა.

 

        

,,გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის”, ,,სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს,” ასეთი პლაკატები ჰქონდათ მხრებზე გადაკიდებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილ სტუდენტებს. ბაღის ღობეზე დიდი ტილო ეკიდა. ზედ საქართველოს რუკა და მუშტმოღერებული სააკაშვილი იყო გამოსახული. მუშტით შეშინებული კორუფციონერი თაგვებები აქეთ-იქით გარბოდნენ და საქართველოს საზღვრებს ტოვებდნენ.

           

უნივერსიტეტის კიბეებზე გაშლილ ფურცლებზე სახელდახელო ლოზუნგები იქმნებოდა: ,,კანცელარიიდან ბადენ-ბადენამდე”, საქართველო არ გახდება ოცნებების სასაფლაო,” ,,Back to USSR?”. ,,ჩვენ ერთად ვართ” – ასეთი იყო აფხაზურ ენაზე შექმნილი პლაკატის შინაარსი. იქვე სტუდენტებს დიდი ტილო ჰქონდათ გამოტანილი, ხელს საღებავში ჰყოფდნენ და ანაბეჭდებს ტილოზე ტოვებდნენ.  ისინი ამბობდნენ, რომ ეს მათი ხელის უფლებაა.

           

კმარას აქტივისტები სხვა უმაღლესების სტუდენტების მოლოდინში მეგაფონებს ამზადებდნენ. ლაშა მაქაცარია სტუდენტი: ,,დღეს ჩემი უფლებების დაცვას ვაპირებ და მინდა, რომ გავიმარჯვო”. ირაკლი მეგრელიშვილი სტუდენტი: ,,ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, უკან აღარ დავიხევთ, მზის ჩასვლამდე აუცილებლად უნდა გადადგეს შევარდნაძე”. ,,კმარელ” გიორგი კანდელაკს ხელში სერბული სტუდენტური მოძრაობის მთავარი ლოზუნგი ,,Gotov Je”  (ის დამთავრდა) ეჭირა.

           

არც ,,არა – კმარელი” სტუდენტები პასიურობდნენ. ირინე ქურციკიძე: ,,იმედი გვაქვს ყველა უმაღლესები ჩვენს გვერდით დადგებიან და შევარდნაძის რეჟიმს მოვიშორებთ”.

        

სტუდენტებსი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრები გოგა ხაინდრავა, დათო მაღრაძე, გიგა ბოკერია, ლაშა ბუღაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიგი თევზაძე, დათო გოგიბედაშვილი ირეოდნენ. ,,აქ ვიკრიბებით, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად განათლებისა და თავისუფალი სიტყვის კერაა... ახალგაზრდებთან იმიტომ მოვედით, რომ ჩვენც ძალიან ახალგაზრდული გული გვაქვს... ჩვენ დღეს მივქღწევთ, რომ ამ ქვეყნის ბედს ხალხი განსაზღვრავდეს, ხალხი ირჩევდეს მთავრობას და მთავრობა ხალხს ემსახურებოდეს,” -  ამბობდნენ ისინი.

           

უნივერსიტეტის ბაღში ძალიან ბევრი სტუდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პედაგოგი იდგა. უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, ლიტერატორი ირაკლი ლომოური ამ ფაქტზე ასე რეაგირებდა: ,,კონფორმიზმი, საბჭოთა ეპიქიდან გამოყოლილი აზროვნების ინერცია, უნამუსობის, გახრწნილობის ატანის უნარი ძალიან ბევრ ადამიანს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი და ეს მათი ცხოვრების წესია. მთელი თაობები აღიზარდა ისე, რომ ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა და მესამეს აკეთებდა. ადამიანი თუ დღეს სახლში რჩება მას არც ღირსება აქვს შერჩენილი და არც სინდის-ნამუსი. ასეთი ცხოვრების მოთმენა საკუთარი თავის შეურაცხყოფაა.” აღშფოთებას ვერც თსუ-ს დოცენტი, თინა დოლოძე მალავდა: ,,მე გაოცებული ვარ, სად არის დღეს უნივერსიტეტის პროფესურა, სად არიან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სტუდენტებს უნდა ედგნენ გვერდში. სტუდენტები გამოსულები არიან სიმართლისა და თავისუფლებისათვის, გამოსულები არიან იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეობრივი ღირსება დაიცვან. მასწავლებლობა, რომელიც მათ ამას უნდა ასწავლიდეს, სად არიან ისინი? დგანან დღეს აქ? სამწუხაროდ არა! მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სტუდენტობა გვყავს, ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავავდ დღევანდელი დღის საშიშროებისა, ისინი აქ მათი მასწავლებლების ნაცვლად დგანან, დგანან რათა დაიცვან მათი ღირსება, დაიცვან თავისუფალი საქართველოს ღირსება”.

        

პირველის ნახევარზე ბაღში შეკრებილებს ტაშითა და სიხარულის შეძახილებით თსუ მაღლივი კორპუსის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და უცხო ენების სტუდენტები შემოუერთდნენ. ,,ახალგაზრდებისათვის ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძისაგან თავისუფალი საქართველო მომავლის გარანტიაა... ჩვენ მოვედით ხვალინდელი დღის იმედით, იმედით, რომ შევარდნაძე გადადგება და ყველაფერი შეიცვლება,” – აცხადებდნენ ისინი.

           

უნივერსიტეტის კიბეებთან გამართულ ხანმოკლე მიტინგზე იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი, ბიძინა სავანელი სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლს უკითხავდა: ,,ჩვენი ბრძოლა კონსტიტუციურია, ამიტომ სამართლიანი. დაიცვა, თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია? არა! დაიცვა, თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა? არა! იზრუნა, თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს მთლიანობაზე? არა! იზრუნა, თუ არა პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყვნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე? არა! მაშასადამე კმარა!”

        

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი შეკრებილებს ასე მიმართავდა: ,,ჩვენს უმაღლესში თავისუფალი აზრის გამოთქმა ძალიან ძნელია, ბევრს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ კურსზე ჩატოვებდნენ, მაგრამ სტუდენტები მათ არ დაემორჩილნენ. ბევრნი აქა ვართ, სხვები კი თავისუფლების მოედანზე გველოდებიან”.

        

ბათუმელი სტუდენტის მიმართვამ დიდი თანაგრძნობა და ოვაცია დაიმსახურა: ,,მეგობრებო, აჭარა მუდამ იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი, პარლამენტთან ახლა ჩემი ძმები და დები, ჩვენი დები და ძმები დგანან. გახსოვდეთ ეს!” სტუდენტებს ეს ახსოვდათ, მათ ეს იცოდნენ. მთელი დღის განმავლობასი სტუდენტთა დიდი, მხიარული და მხნე მასა ყვალაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ წესრიგი დაეცვა და შეურაცხყოფა არავისთვის მიეყენებინა.

           

პირველი საათისათვის სტუდენტთა დიდი კოლონა თავისუფლების მოედნისაკენ დაიძრა. ეს იყო თავისუფლებისაკენ მიმავალი ახალგაზრდების ენერგიული მარში. თვალცრემლიანი მოხუცები ფანჯრებიდან იხედებოდნენ და ახალგაზრდებს ხელს უქნევდნენ. შეჩერებული მანქანებიდან  მხარდასაჭერი საყვირების ხმა ისმოდა. ერთადერთი უკმაყოფილო მძღოლი ქალბატონი მარიკა დარჩია გახლდათ. გზის გადაკეტვამ მას აშკარა დისკომფორტი შეუქმნა.

           

საქართველოს ფოსტის შენობასთან სტუდენტების კოლონამ თაბუკაშვილის ქუჩისაკენ ჩაუხვია. ამით ისინი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან დაპირისპირებას მოერიდნენ. ამერიკის საელჩოსთან მათ ,,კმარელების” სატვირთო მანქანა შეუერთდა, რომელზეც ლენინის პოზაში ჩამდგარი შევარდნაძის ფიტული ამხედრებულიყო. დოლებით დაფ-დაფებით, სასტვენებით, დროშებითა და პლაკატებით ,,შეიარაღებული”  სტუდენტები მოედანზე უნივერმაღ ,,თბილისის” მხარეს განლაგდნენ. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათსა და პარლამენტთან მდგომებს შორის ,,მშვიდობიანი საზღვარი” შეექმნათ, რათა ადგილი არანაირ გართულებას არ ჰქონოდა. აქ სტუდენტების გვერდით მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილიც დადგა: ,,ეს ამაყი ერის ხმაა! რომელიც არ ესმის იმ მანკიერ მოვლენას, რასაც შევარდნაძე და მისი კლანი ჰქვია. ამდენი ხალხის ხმა როგორ არ ესმით. ავადმყოფი კაცი ავდექი და აქ მოვედი. სხვანაირად არ შემეძლო...”