|
|
|
,,ახალი თაობა”. 2003 წ. 9 ნოემბერი. გვ. 2.
ასლან აბაშიძე აჭარის პრეზიდენტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან სიურპრიზებს ყველანი შეჩვეულები ვართ, მაგრამ ბოლო დროს ოფიციალურმა ბათუმმა ძალიან ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ჯერ იყო და აჭარის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო კანონთან შეუსაბამობაში მოდის. ამ გადაწყვეტილების თანახმად ავტონომიის ტერიტორიაზე შემოიღეს ე.წ. საზოგადოებრივი დამკვირვებლის სტატუსი. აღნიშნული დამკვირვებლების მოვალეობას არჩევნების პროცესისთვის თვალყურის დევნება შეადგენდა. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეს დემოკრატიის ერთ-ერთი დამასამარებელი ფაქტორი იყო. მათივე მტკიცებით საზოგადოებრივი დამკვირვებლის სტატუსით გადაცმული პოლიციელები სარგებლობდნენ და ისინი ხალხს ატერორებდნენ, მაგრამ აჭარის უზენაესმა საბჭომ ამ კვირაში ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც მთელს ქვეყანას პირი დააღებინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ასლან აბაშიძეს მიანიჭა სტატუსი, რომლის თანახმადაც ის პოლიტიკური ხელმძღვანელიც იქნება და სამხედროც. რაც ფაქტიურად იგივეა, რაც პრეზიდენტის უფლებები. აბაშიძის ახალი სტატუსი ინგლისურ ენაზე ითარგმნა როგორც პრეზიდენტი. ამ სტატუსის მინიჭებით ასლან აბაშიძეს უფლება აქვს შექმნას სამხედრო ფორმირებები, მიანიჭოს ხალხს ბრიგადის გენერლის წოდება და ა.შ. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კმაყოფილებით არ შეხვედრია, თუმცა არც პროტესტი გამოუთქვამთ. ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგანაც აბაშიძეს და შევარდნაძეს დღეს ერთმანეთი ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. |