რუსუდან ნიკურაძე

“24საათი”2003წ. 15 ნოემბერი. გვ.A2

 

 

 

ასლან აბაშიძე მოსკოვში

მარიონეტი შევარდნაძის მანევრში თუ რუსეთის ფავორიტი

14 ნოებმერი მოსკოვში რუსმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ქუჩაში გაატარეს. ასლან აბაშიზეს დასდევდნენ სმოლენსკის მოედანზე მდებარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომდე.

გამიგეთ, არაფრის თქმა არ შემიძლია,” – ასე იგერიებდა მოსკოვში სასტუმრო “მარიოტიდან” გამოსული ასლან აბაშიძე ქართველ ჟურნალისტებს. აბაშიძის გარემოცვა დაძაბული ადევნებდა თვალს ჟურნალისტების მუშაობას. მინისტრ  ივანონთან შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ, აბაშიძემ მრავლისმომსწრე რუსი ჟურნალისტებიც გააცურა და სამინისროს უკანა შესასვლელიდან გაუჩინარდა. ხმა გავარდა, რომ იგი კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა იხმო. აბაშიძის მხლებლებიდან ერთერთმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა. რაც აბაშიძის თანამგრძნობთა ენაზე იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ღირსეული ლიდერი უნდა ჰყავდეს და არა ისეთი, როგორიც ჰყავს.

           

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მეორე რაუნდი გვიან საღამოს დასრულდა. ხანმოკლე ბრიფინგზე მინისტრმა ივანოვმა მოკლე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში არსებული კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტის მომხრეა.

           

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა იხელმძღვანელებს ქვეყნის ინტერესებით და შექმნილი რთული სიტუაციიდან მხოლოდ პოლიტიკურ გამოსავალს მოძებნის,” – თქვა ივანოვმა და პაუზის შემდეგ დასძინა, - ქუჩის მეშვეობით ასეთი სახის პრობლემები არ წყდება.”

        

აბაშიძესთან გამართული კონსულტაციებით მოსკოვში ცხადი გახდა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება მზადაა “კავაკსიური ოთხეულის” ფორმატში მონაწილეობა მიიღოს საქართველოში შექმნილი კრიზისის დაძლევაში. მინისტრმა ივანოვმა ხაზი გაუსვა, რომ კავკასია რუსეთის ინტერესებშიც შედის და მეზობელ საქართველოში რუსეთი მხოლოდ სტაბილურობითაა დაინტერესებული.

           

ხომ არ შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს? – ჰკითხეს აბაშიზეს ჟურნალისტებმა. აჭარის ლიდერმა ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. უპასუხოდ დარცა მთავარი შეკითხვა, რატომ იმყოფება ასლან აბაშიზე საქართველოსთვის ამ საბედისწერო დღეს მოსკოვში?

           

“24საათს” რუსეთის პარლამენტში აცნობეს, რომ მოსკოვში იმყოფება სამხრეთ ოსეთის ლიდერი კოკოითიც. ხოლო პარლამენტარმა ვიქტორ ალქსნისმა სახელდახელო პრესკონფერენციაც გამართა და ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა მიზნებს ემსახურებოდა ასლან აბაშიძის ვიზიტი  უპასუხა, რომ მოსკოვმა თბილისს კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და სტაბილურიბის შენარჩუნებაში მხარდაჭერა აღუთქვა. გენერალმა ალექსნისმა არ გამორიცხა კრიზისის სამხედრო გზით მოგვარების პერსპექტივაც. ალექსნისმა იწინასწარმეტყველა საქართველოს შემადგენლობიდან პრობლემური რეგიონების გასვლა და აჭარისათვის სამცხე-ჯავახეთის მიერთებაც. მოსკოვი ანგარიშს უწევენ იმას, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა და ამ რეგიონების საქართველოს შემდგენლობიდან გასვლა, პირველ რიგში, საქართველოსათვის იქნებოდა ხსნა”, აღნიშნა ალქსნისმა.

           

როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი, ვის უნდა დაუჭიროს მხარი, შევარდნაძესა თუ ოპოზიციას? – ასეთი ინტერაქტიული გამოკითხვა ჩაატარა რადიომ “ეხო მოსკვი”. ეთერში დარეკა სამი ათასამდე მსმენელმა. 80%-მა ოპოზიციის მხარდაჭერა ჩათვალა მიზანშეწონილად. გამოკითხულთა დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთოდ არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში.