ინტერ-პრესი

,,ახალი თაობა”. 2003წ. 18 ნოემბერი. გვ. 5

 

ასლან აბაშიძე კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების შესაძლებლობას ხედავს 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე შესაძლებლად თვლის საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახლანდელი კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას. ,,ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად ბევრი პოლიტიკური ბერკეტი არსებობს, აქ საუბარი არ არის იარაღის გამოყენებაზე”, - განაცხადა აბაშიძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე დროს, აჭარის ლიდერმა არ გამორიცხა ძალის გამოყენების შესაძლებლობა სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში. ,,თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა გამოყენებული იქნება სამხედრო ძალა. საქართველოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ხალხი, ხელისუფლება და საქართველოს კონსტიტუცია დაიცვას,” – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის კამპანია შიგნიდან და გარედანაა დაფინანსებული. ,,ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა სპეციალური კურსები გაიარეს როდის და რა მასშტაბით უნდა იმოქმედონ”, - აღნიშნა მან. ,,ვიდრე მათი დაფინანსება იარსებს, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით”, - თქვა აბაშიძემ.