ზაზა ბაკაშვილი

,,ახალი თაობა”,2003, 26 ნოემბერი,გვ2.

  

ავთანდილ ჯორბენაძე გადადგა

23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამოქმედდა დომინოს პრინციპი, ერთი ფიგურა წაიქცა და მას დანარჩენებიც  მიჰყვნენ. შევარნაძის საპრეზიდენტო ტახტი გადაბრუნდა, მას შესაბამისად სახმინისტრის სავარძელიც უნადა მიჰყოლოდა,თუმცა  ავთანდილ ჯორბენაძის ტახტი პირველი პირის ტახტის  გადაბრუნების მესამე დღეს ,,დაეცა ძირს”. ავთანდილ ჯორბენაძე ოპოზიციის ულტიმატუმისა და შევარდნაძის  მოლაპარაკების შემდეგ გადადგა. მას ისღა დარჩენია,ოპოზიციის რადიკალური ქმედების შედეგს  - შევარდნაძის ხელისუფლების  უსისხლოდ  დამხობას ლოგიკური  გამართლება მოუძებნოს:

- კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს საზოგადოება შედგა. ხელისუფლებამ და ხალხმა უმწვავესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა ძალადობის გარეშე შეძლო. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ღირსეული ადგილი დაიკავა  ახალი საქართველოს მშენებლობაში და დემოკრატიული ღირებულებების  შექმნაში, ეს არის სიტყვის თავისუფლება, თავისუფლების ხარისხი... ეს განსაკუთრებული მოვლენაა პოსტსაბჭოურ სივრცეში, - აცხადებს საგანგებო ბრიფინგზე ავთანდილ ჯორბენაძე.

დემოკრატიული საზოგადოება კი შედგა, მაგრამ თავად ავთანდილ ჯორბენაძისგან ვერ შედგა უნარიანი  სახელმწიფო მოღვაწე. იგი ამას ხვდება და საზოგადოებას ბოდიშსაც უხდის: ,,ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ გარდამავალ პერიოდში  მყოფ საქართველოსთვის სისტემური ეკონომიკური ცვლილებების  დაჩქარება ვერ შევძელი.ეს არის ჩემი წუხილი.”

ავთანდილ ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ მიღწეულ მშვიდობიანობას და სახელმწიფოებრიობას მოფრთხილება სჭირდება. იგი მიესალმება ძველი მოწვევის პარლამენტის მოწვევას და შესაბამისი  გადაწყვეტილების მიღებას. ჯორბენაძის აზრით, 2 ნოემბრის არჩევნები, მიუხედავად ხარვეზებისა, წინგადადგმული ნაბიჯი იყო:

,,იგი რეალურად ასახავდა  საზოგადოების პოლიტიკური  პარტიებისადმი დამოკიდებულებას. საარჩევნო პროცესში მოსახლეობის გააქტიურება  გამოწვეული იყო ქვეყანაში ცვლილებების  მოლოდინით. ხმების ის რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს, სრულად ასახავდა მათ მიმართ ელექტორატის დამოკიდებულებას.”

სენტიმენტალური ჯორბენაძე აღიარებს, რომ ერთადერთი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელსაც პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ცსკის მიერ გამოცხადებულ მონაცემებთან. ექსსახელმწიფო მინისტრს აჭარასთან ცენტრის ურთიერთობა დიდ პრობლემად წარმოუდგენია, თუმცა იგი განმართავს, რომ დემოკრატიული ღირებულება ის უპირველესი ფაქტორია, რომლის საფუძველზე უნდა დარეგულირდეს რეგიონსა დაცენტრს შორის ურთიერთობა. თავად შევარდნაძის კლანის წარმომადგენელი ჯორბენაძე ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად ასახწლებს კლანების არსებობას და კორუფციას.

- ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია. მისაუბრია აგრეთვე იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა გამო გაღატაკდა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, - აღნიშნავს ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და პროფესიონალებთან და სუფთა პოლიტიკურ ძალებთან ერთად დემოკრატიული  ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლას გააგრძელებს,თუმცა შევარდნაძის გვერდში ყოფნით შელახული რეპუტაციის შემდეგ  რომელი ძალა დაანებებს მას ამ საქმის კეთებას,ეს სულ სხვა მსჯელობის საგანია.