ზაზა ბაკაშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 9 ნოემბერი. გვ. 3-4

 

 

დღეს ჩვენ შევარდნაძის ბორკილებისგან ვთავისუფლდებით!

 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა და "ბურჯანაძე-დემოკრატებმა" თავიანთი ანტიშევარდნაძისტული საპროტესტო აქციები 12 წლის წინანდელი ეროვნული მოძრაობის სტილში დაიწყეს, თუმცა რამდენად მტკიცეები, რამდენად მობილიზებულები და რამდენად ავტორიტეტულები აღმოჩნდებიან ისინი თავიანთი ამომრჩევლებისთვის, ამაში ამ დღეებში დავრწმუნდებით.

 

ისე კი, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის 21- საუკუნის ნაციონალური მოძრაობის სტარტი ისეთივე ეფექტური გამოდგა, როგორიც პოსტკომუნისტურ დროს გვახსოვს. როგორც მაშინ, დღესაც რეგიონებიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან ხალხი დედაქალაქისკენ დაიძრა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. ეს ქარიზმატული მიხეილ სააკაშვილის მოწოდების თუ პოლიტიკური სანახაობისგან გამოწვეული მობილიზების შედეგია, ამასაც ეს დღეები განსაზღვრავას. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს მოთმინებით ხვდება, ელოდება, რომ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მოსული 6 ათასზე მეტი ადამიანის პროტესტი დღეს და ხვალ უფრო შესუსტდება და კვირის ბოლოს ოპოზიციური ძალების რიგები სამარცხვინოდ შეთხელდება.

 

გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოსვლებში ამოიკითხავდით, რომ მათ დაუღლელი ანტიშევარდნაძისტული ფრონტი უნდა გააჩაღონ, მაგრამ რამდენად გაუტეხელი აღმოჩნდება ანზორ ბურჯანაძის ოჯახში აზიზად გაზრდილი ნინო ბურჯანაძე, შევარდნაძის მიერ განებივრებული ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილის ენერგიასა და ტემპერამენტს რამდენად დიდი რევოლუციური მუხტი ექნება, ამაშიც სულ მალე დავრწმუნდებით. მათი ხელისუფლებაზე პირველი შეტევა კი ნამდვილად წარმატებული გამოდგა. პოლიცია და სპეცნაზი გუშინ საკმაოდ პასიურობდა.

 

მერიის შენობის წინ ოპოზიციის მომხრეთა მიტინგი ნაციონალური მოძრაობის ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა გახსნა, რომელმაც ოპოზიციურ აუდიტორიას ინგილოების მიერ საგანგებოდ დაწერილი ემოციური წერილი გააცნო, სადაც ნათქვამი იყო:

 

"ხელისუფლებას ვთხოვთ, ნუ გააყალბებს არჩევნების შედეგებს და ნუ დააპირებენ სკამების შენარჩუნებას, უმწეოთა და ობლების პენსიების მითვისებას. თქვენ უკვე დამარცხებულები ხართ. გამარჯვებული კი სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობაა. დამარცხებულ ხელისუფლებას თავზე ვაყრით ამ შემარცხვენელ სიტყვებს".

 

მიტინგს გორელები შემოუერთდნენ და ისევ იფეთქა მომიტინგეთა ემოციამ, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს უნდა გაეძლიერებინა. მან ემოციური მუხტი შემდეგი სიტყვებით დატვირთა: "რა ხმაც მქონდა, ამ ჩათლახმა ხელისუფლებამ წამართვა"... პაუზა ისევ ზაზა ბეგაშვილმა შევასო:

 

"დამთავრებულია ლევან მამალაძისთანა და მისნაირი ბანდიტების და ნაძირლების თარეშის პერიოდი, ტყუილია ბოდვა იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანელი ხალხი მხარს მამალაძესა და შევარდნაძეს უჭერს".

 

ამ ტექსტის შემდეგ, ლოგიკურად, ტრიბუნასთან ჯემალ მურადხანოვი უნდა გამოჩენილიყო. ასეც მოხდა, ზაზა ბეგაშვილმა იგი ტრიბუნასთან მიიწვია.

 

- დღეს ჩვენ ვთავისუფლდებით იმ ბორკილებისგან, რომელი ბორკილებიც წლების მანძილზე ამ ხელისუფლებამ დაგვადო. ამ ხელისუფლებას დღეს არავინ აღარ უჭერს მხარს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მარნეულელები, გარდაბნელები, ბოლნისელები სააკაშვილს უჭერენ მხარს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს, გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას!"- ასეთი სიტყვებით დაამთავრა მურადხანოვმა გამოსვლა.

მორიგი გამომსვლელი დავით ბერძენიშვილი იყო, რომელმაც თავის გამოსვლა შევარდნაძისა ასლან აბაშიძის გინებით დაიწყო: "ჩვენ დავამარცხეთ შევარდნაძე-აბაშიძის ძირმომპალი რეჟიმი და ამ გამარჯვებას გილოცავთ. ამდენი ბრძოლის შემდეგ, ჩვენი ხალხი ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოება და ამით უნდა ვიამაყოთ. შევარდნაძე, აბაშიძე, მამალაძე, მეზვრიშვილი და მათი ხროვის სხვა წარმომადგენლები წარსულში დარჩნენ. დადგა დრო, ხელისუფლებამ მარცხი აღიაროს. ისინი გვეუბნებიან, ბაქოს მოვლენებს გაგიხსენებთო. მათ ეს ჩოლოქსა და ბათუმში უკვე გაიმეორეს, მაგრამ მათ ჩაუშესკუსა და მილოშევიჩის ბედი ეწევათ. დღეს ქართველი ხალხი აღდგა, ბათუმიდან დაწყებული, კახეთით დამთავრებული და უარს ამბობენ ამ ხელისუფლების დამორჩილებაზე. თუ შევარდნაძე და აბაშიძე არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას არ აღიარებენ, ისინი ან მილოშევიჩივით გალიაში აღმოჩნდებიან, ან ჩაუშესკუსავით სამარეში!"

 

მომიტინგეები ჭიათურელების შემოერთებას ოვაციებით ხვდებიან და ამ ოვაციების ფონზე სიტყვა მაია ნადირაძეს ეძლევა:

- მივმართავ ჩვენს დედებს, შვილებს, დებს, დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს გამარჯვება იჭედება, დავდგეთ ყველანი ერთად და ვერავინ ვეღარ მოგვერევა. ჩვენ სიმართლისთვის და ზნეობისთვის ვცხოვრობთ, შიში სიკვდილს ვერ იხსნის. იმის რწმენა, რომ ვერ დაგამარცხებენ, ყველაზე დიდი იარაღია ბანდიტისა და შეიარაღებული ადამიანის წინააღმიდეგ.

ხელისუფლების მორიგი მლანძღველი გია ბარამიძე იყო:

 

"ხალხს არაფერი დარჩენია იმის გარდა, მშვიდობიანად მოიშოროს ის ურჩხული, ის ტირანი, რომელიც მას ეომება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა და ბარიერი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ. ქუჩაში გამოსული ხალხის რისხვა ამ ტირანიის მოსაცილებლად ყველაზე დიდი იარაღის ტოლფასი იქნება. არ უნდა ვაღიაროთ ის უსამართლობა, რაც შევარდნაძის ხროვამ დაატრიალა. ჩვენ არ გვინდა ისეთი სტაბილურობა, როცა მამალაძის და ხაზარაძის მუცლები გაძღება. ქართველი ერი უზნეო ხელისუფლებასთან გარიგებაზე არ წავა და არ შეიძლება ამით არ ვამაყობდეთ. შევარდნაძეს სპეცნაზი არ დაიცავს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შევარდნაძე კრასნოდარიის მხარიდან ჯალათების, სპეცნაზ "ღამურების" ჩამოყვანას აპირებს, ის სპეცნაზი, რომელიც რუსეთს ყოველთვის მზად ჰყავს საქართველოს გასახლეჩად, მაგრამ ქართველი ხალხი და ქართული პოლიცია შევარდნაძეს ამის უფლებას არ მისცემს!"

 

ზაზა ბეგაშვილი: "თბილისში მთელი საქართველო ჩამოვიდა. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის საწინააღმდეგო ქმედება და მოგვცეს საშუალება, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. სარიშვილი, რჩეულიშვილი და სხვები დღეს ჭკუას გვასწავლიან, მაგრამ მინდა, მათ შევახსენო - გამძღარი არწივები მწვერვალებამდე ვერ აღწევენ და იღუპებიან. თავისუფლების მწვერვალისაკენ სწრაფვას ვერ გააჩერებს ვერც რჩეულიშვილი, ვერც სარიშვილი და ვერც შევრდანეძე!

 

მიტინგს უფრო მეტი ემოცია ნინო ბურჯანაძის სიტყვამ შეჰმატა:

 

- საქართველოში დემოკრატიის სიკვდილს არ დავუშვებთ, არ შევეგუებით პარლამენტის და დეპუტატების დანიშვნას. არჩევნების შედეგად ამომრჩეველი უკეთეს ხვალინდელ დღეს ელოდა. ჩვენ არ ვიმუშავებთ ხელისუფლების მიერ დანიშნულ პარლამენტში. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა და უნდა მოგვეცეს შანსი, მართლაც ავირჩიოთ პარლამენტი და ბედნიერი ხვალინდელი დღე. ვიბრძოლებთ ჩვენი ხმების დასაცავად. მოგიწოდებთ, მტკიცედ იდგეთ იმ პოზიციაზე, რომელზეც თითოეული თქვენგანი დგას. ჩვენმა სიმტკიცემ ხელისუფლებას უკან უნდა დაახევინოს. მოგიწოდებთ, თქვენი შვილები, ხვალინდელი დღე, დემოკრატია მტკიცედ დაიცვათ".

ზურაბ ჟვანიას სიტყვა სადღეგრძელოს ჰგავდა: "გულანთებულო, ლამაზო, გაბრაზებულო ქალებო და კაცებო, გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას და ერთად ყოფნას! თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს სიმტკიცეს. არ დათმეთ მთავარი - ღირსება და თავისუფლება. ხელისუფლებას ეგონა, რომ ორი ნოემბრის არჩევნების შემდეგ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდოდა და დარჩებოდა ლაბორატორიებში, ყანებში, სკოლებში, ვენახებში, მაგრამ თქვენი აქ დგომით მსოფლიოს ვუმტკიცებთ, რომ ქართველ კაცს შეიძლება შიოდეს, სწყუროდეს, მაგრამ საკუთარ ღირსებას და თავისუფლებას არავის დაუთმობს".

 

მერიის წინ მიტინგი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დააგვირგვინა:

 

"იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ვინც ხელისუფლებას მიეყიდა, მინდა ვუთხრა - ქართველი ხალხი ბრიყვი ნუ ეგონება. ხალხი კარგად ხედავს, ვინ ჩამოიტანა სისხლიანი, ნაყიდი ხმები ბათუმიდან, ქობულეთიდან, რუსეთიდან. ვიგინდარების და თაღლითების დრო წავიდა და თავგანწირულ პოლიტიკოსთა ხანა დადგა. ამიტომ ქართულ პლიტიკაში ახალი სისხლი უნდა შევუშვათ, ახალი სახეები მოვიდნენ. სჯობია, შევრდანაძემ ტელევიზიის პირველ არხს უყუროს, გაიხაროს და მუდამ ეგონოს, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტია, ჩვენ კი თავი დაგვანებოს და გადადგეს. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა - ნუ ეგონება პოლიციამ, თუნდაც "სპეცნაზმა", ჩვენს წინააღმდეგ იარაღი აღმართოს. თუ ჩვენს მომხრეებს სოფლებიდან მიტინგზე არ გამოუშვებენ, პირადად მე გავარღვევ "სპეცნაზის" კორდონებს და შევარდნაძესთან მივალ. ჩვენ არავის დამხობა გვინდა, მაგრამ ისიც იცოდნენ - თბილისში ასლან იბრაგიმის ძე აბაშიძეს არ ვაბოგინებ. გვერდით დაგვიდგებიან აჭარლები, მეგრელები, აზერბაიჯანელები და მთელი საქართველო ერთიანი იქნება!

 

ამის შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და იქიდან განაგრძეს ხელისუფლების გინება. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ზაზა ბეგაშვილი, ვასიკო მაღლაფერიძე, გია ბარამიძე, ვალტერ შურღაია, ელდარ შენგელაია, ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი.

 

ოპოზიცია გამარჯვებას წინასწარ უკვე ზეიმობს. ბესო ჯუღელის ინფორმაციით, აეროპორტში უკვე გამზადებულია თვითმფრინავი შევარდნაძისა და მის თანაგუნდელების საქართველოდან გასაფრენად. ერთი სიტყვით, ოპოზიცია დაშლას არ აპირებს. პირიქით, იგი დღეს პერიფერიებიდან გაძლიერებას ელოდება. მშიერი პოლიცია და სპეცნაზი მობილიზებულია. მათ შორის დაპირისპირების ხარისხს კი პრეზიდენტი შევარდნაძე განსაზღვრავს. პრეზიდენტი, რომელიც, სააკაშვილის თქმით, გუშინ ასიოდე ოპოზიციონერმა კანცელარიიდან არ გამოუშვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თანამოაზრეებს ურჩევს, შევარდნაძე კანცელარიიდან გამოუშვან და იქ აღარასოდეს შეუშვან.