ზაზა ბაკაშვილი

"ახალი თაობა "  10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 3

 

 

 

დღეს სააკაშვილი კანცელარიას შეუტევს?

 

პარლამენტის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა მაქსიმალური რაოდენობა არ ჩანს და ამას მიხეილ სააკაშვილი იმით ხსნის, რომ რეგიონებიდან პოლიცია ხალხს დედაქალაქისკენ არ უშვებს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სააკაშვილს აღიზიანებს და ამის გამო ამჯერად ულტიმატუმს შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილს უყენებს.

 

- საცოდავ ნარჩემაშვილს მინდა ვუთხრა: თქვენი ხელისუფლება ხვალ მიდის, ახალგაზრდა კაცი ხარ და იმას ნუ გააკეთებ, რომ შენი ცხოვრების საუკეთესო წლები საპატიმროში გაატარო. რასაც შენ აკეთებ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია! - ეს განცხადება სააკაშვილმა მომიტინგეთა წინაშე გააკეთა, რომელმაც მათ ისიც უთხრა, რომ მსოფლიოს წამყვანი მასმედიის საშუალებების ყურადღების ცენტრში საპროტესტო აქციებია მოქცეული. ამას ისიც მოწმობს, რომ ამერიკულმა წამყვანმა ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან შევარდნაძის გაძევების ფაქტი გადმოსცა.

 

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს მომიტინგენი კვლავაც ოვაციებით ეგებებიან, მაგრამ უამინდობამ შეიძლება სურათი რადიკალურად შეცვალოს. მომიტინგენი დაიშალნენ. ამას გრძნობს სააკაშვილი, ამიტომ ახალ ტაქტიკას მიმართავს და მხარდამჭერებს უცხადებს:

 

- პარალელურ აქციებს ვიწყებთ ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, გორში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამას დაემატება ის, რომ კანცელარიის წინამდებარე ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ და პარალელურ აქციას იქაც წამოვიწყებთ. სამმაგ შუშებში ჩასმული შევარდნაძე კი დაინახავს, რომ მისი ვითომ სპეცნაზი ხუხულასავით დაიმსხვრევა და ამის პატიოსან სიტყვას მე გაძლევთ. კანცელარიის გარშემო მყოფი სპეცზნაზი ჩვენ მხარაზეა. როცა შევარდნაძე მიხვდება, რომ მისი დამცველი აღარავინ არის, საბოლოოდ ჭკუაზე მოვა, კანცელარიიდან გამოვა და მოგვშორდება. შევარდნაძეს ჰგონია, რომ ჩვენ დავიხოცებით, უკან არ დავიხევთ და არავისი არ შეგვეშინდება. აქ ხალხი რეგიონებიდან არის ჩამოსული. მე თქვენ უკან დამარცხებულებს ვერ გაგიშვებთ. აქედან ყველა გამარჯვებული უნდა წავიდეს.

 

მიტინგზე გამომსვლელმა სტუმარმა, გურულმა გუნდიაშვილმა, პრეზიდენტ შევარდნაძეს ასეთი რჩევა მისცა: "ბატონო ედუარდ, მე, თქვენი ხნის კაცმა, ვიცი, რომ მუდამ პირველობა გინდოდათ. გაძლევთ პირობას, რომ ნებისმიერ სოფელში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დაგნიშნავთ. გთხოვთ, სარიშვილსაც უმუშევრად ნუ დატოვებთ და ვეტექიმად დაიყენეთ. გემუდარებით, ნუ წახვალთ ხალხის წინააღმდეგ!"

 

საღამოს მომიტინგეებს ზურაბ ჟვანიამ და ნინო ბურჯანაძემ ისევ მიმართეს სიტყვით და განაცხადეს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ამდენად, ორი დღის მანძილზე გაყინული სიტუაცია დღეს უნდა შეიცვალოს, თუ გაერთიანებული ოპოზიცია კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებას და იქ მიტინგის გაგრძელებას შეძლებს.