ეკა კვესიტაძე.

,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A3.

 

 

დასაწყისიკიდევ ერთი

,,დემოკრატია საქართველოს ოქროს საწმისია,” – ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ითქვა, კარგა ხანია, ეჭვი აღარავის ეპარება.

           

დიდი ხნის განმავლობაში საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ახალი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ამის უკვე აღარავის სჯეროდა. ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უკვე ჩაწერილი იყო პოსტ კომუნისტური რესპუბლიკების ბანალურ სქემაში, სადაც დემოკრატია ჩანასახშივე ჩაკლეს და ხელისუფლებაში კვაზი-ან კლასიკური ავტორიტატული რეჟიმები მოვიდნენ.

           

მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, გულწრფელად ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ საქართველო დააღწევდა თავს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში შეიკრა და რომელსაც, ბალტიის რესპუბლიკების გარდა, გვერდი ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ აუარა.

           

საქართველოში დემოკრატიის მოსურნე ამერიკისა და ევროსტრუქტურების ოფიციალური პირები აცხადებდნენ, და საცსებით სამართლიანად, რომ მათი ფუნქცია მხოლოდ დახმარება იყო, რომ ქვეყანაში პრობლემები თავად ამ ქვეყნის  პოლიტიკოსებს და მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა.

           

23 ნოემბერს ეს მართლა ასე მოხდა. ქართულმა საზოგადოებამ შეძლო, რომ თავისი ოქროს საწმისი თავადვე დაეცვა და ყველას აჩვენა, რომ ეს ერი ჭეშმარიტი დემოკრატიის ღირსია.

           

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა – სცენარი საკმაოდ მარტივი და ბანალური იყო.

           

საქართველო საბოლოოდ ჩაეწერებოდა არშემდგარი სახელმწიფოების რიცხვში, სადაც დემოკრატიამ და ხალხმა ფიასკო განიცადა, სადაც ქვეყანას კორუმპირებული ადამიანების პატარა ჯგუფი მართავს, სადაც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისათვის არ არსებობს მომავლის პერსპექტივა, სადაც ძალიან მწირი ეკონომიკური რესურსები ვერც დიქტატურის შენახვის ,,ფუფუნებას” იძლევა. შედეგი დაშლილი და დანაწევრებული კვაზი-სახელმწოფო იქნებოდა, სადაც სიტუაციის გაკონტროლება მხოლოდ დანაშაულებრივ ჯგუფს შეუძლია. და ბუნებრივია, ევროსტრუქტურებში და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე, საერთოდ, არარავინ ისაუბრებდა.

           

რა გვაქვს დღეს? შანსი, რომელსაც შეიძლება თავისუფლად ეწოდოს ისტორიული; შანსი, რომელიც ყველაფრის პერსპექტივას იძლევა, მაგრამ არსებობს ერთი აქსიომა – შანსს, განსაკუთრებით – ისტორიულს, სათანადოდ გამოყენება სჭირდება.

           

ჩვენ ღირსეულ სახელმწიფოდ ქცევის შანსი უკვე რამდენჯერმე გავუშვით ხელიდან.

           

დღეს კი ის ისტორიული მომენტი ისევ დადგა, რომელიც შემობრუნების წერტილად უნდა იქცეს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.

           

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მიმართ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამი კვირის განმავლობაში წვიმაში, სიცივეში გარეთ დგომა საკუთარი უფლებების დასაცავად ნამდვილად ნიშნავს გმირობას. მაგრამ, იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოპოვებული მომავალი აკისრებს თითოეულ ადამიანს, არანაკლებ გმირობას ითხოვს.

           

 ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ ისინი სხვა ტიპის პოლიტიკოსები არიან და მათი მთავარი პრიორიტეტი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება, ხალხი განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს, გაცილებით მაღალს, ვიდრე ძველ კორუმპირებულ ხელისუფლებას.

           

ეს ლიდერები დღეს კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი პოლიტიკური კარიერა ისევ შეიძლება დასრულდეს, როგორც პროსახელისუფლო ბლოკის ცნობილი სახეებისა, თუ ისინისაბჭოურ თამაშის წესებს ძირეულად და არსებითად არ შეცვლიან და ახალ, დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღებ წესებს არ დაიცავენ.

           

23 ნოემბრის უმთავრესი მიღწევა მაინც ერთი იყო – ქვეყნის პოლიტიკაში მთავარი მოქმედი გმირი ხალხია და ეს ყველა ხელისუფლებას კარგად უნდა ახსოვდეს.

           

დღეს ოპოზიციის ლიდერებს სერიოზული გამოწვევა აქვთ – მათ უნდა შეძლონ კონსოლიდაციის შენარჩუნება, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება და, რაც მთავარია, სამაგალითოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

           

არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ქვეყნის ახალი ლიდერები აღმოჩნდნენ, ერთ დღეში, ერთ თვეში ან თუნდაც ერთ წელში მოგვარდება. დემოკრატია პროცესია, რომელიც მუდმივ პროგრესს გულისხმობს და ეს, პირველ რიგში, თანამიმდევრული, სახელმწიფოებრივი პოლიტიკით მიიღწევა.

           

ასე რომ, თუ პოლიტიკოსებს ერთ დღეში პრობლემების მოგვარებას არავინ მოსთხოვს, მათ მუდმივად მოსთხოვენ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას კეთილდღეობისკენ წაიყვანს.

           

ქართული ხავერდოვანი რევოლუცია დასავლეთმა უკვე ჩათვალა დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთისა და ამერიკის დახმარება საქართველოში დიდი მასშტაბით შენარჩუნდება. დასავლეთი დაგვეხმარება, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი, ღირსეული წევრი. მაგრამ, უცხოელებს მხოლოდ დახმარება შეუძლიათ, ამ დახმარების გამოყენება კი – მხოლოდ ჩვენ. ქართულმა საზოგადოებამ უკვე დაამტკიცა, რომ მას ეს შეუძლია. თუმცა, მას ამის დამტკიცება კიდევ არაერთხელ მოუწევს.

           

23 ნოემბრის თავისუფლების ქარმა სულზე მოგვისწრო, რომ დაჭაობებული სისტემის სიმყრალით არ დავმხრჩვალიყავით. მაგრამ ამ სიმყრალის სუფთა ჰაერით ბოლომდე ჩანაცვლებას ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა სჭირდება.