|
ინტერ-პრესი, მედია-ნიუსი“24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A3.
დაუმორჩილებლობა
თბილისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი დაუმორჩილებლობას უცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ,,სტუდენტური დაუმორჩილებლობის კომიტეტს” ქმნის. კომიტეტი, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მიზნად ისახავს, ,,ნებისმიერი ფორმით წინააღმდეგობა გაუწიოს” ადმინისტრაციის აკრძალვებს. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, სტუდენტთა იმ ნაწილს, რომელიც აქტიურად აფიქსირებს თავის ოპოზიციურ განწყობას, ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის შენობაში პრესკონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვა აუკრძალა. მესხიშვილის მტკიცებით, ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უნივერსიტეტიდან გარიცხვიდა და კურსზე დატოვების მუქარას. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტთა დაუმორჩილებლობის აქცია არ ითვალისწინებს სასწავლო პროხესის ჩაშლას და ლექციების იგნორირებას. გუშინ დილიდან ოპოზიციური პარტიების ინიციატივას საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის შესახებ მხარი დაუჭირეს 126-ე საშუალო სკოლის პედაგოგებმა და გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.
ახალციხე გუშინ დილიდან ახალციხის რაიონისს საშუალო სკოლის პედაგოგებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გაფიცვა მოაწყვეს. ისინი უერთდებიან საქართველოში მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციას და მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, წინა საპარლამენტო არჩევნებს მათი ხუთი თვის ხელფასი შეეწირა. დღეს ისინი სამი თვის გაუცემელ და გაყინულ ხელფასს ელოდებიან. პედაგოგები ბოიკოტს უცხადებენ მთავრობას. მსგავსი აქციები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. განათლების განყოფილების გამგემ ნანა იოსელიანმა პედაგოგებს მოუწოდა, შეწყვიტონ ღია აქცია და შეკრება გამგეობის შენობაში გააგრძელონ, რაზევ მასწავლებლებმა მტკიცე უარი განაცხადეს. რაც შეეხება გუბერნატორს, მან გუშინ გამართულ ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა, დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას სამართლებრივი შეფასება მისცეს და კანონის ფარგლებში იმოქმედონ. გუშინვე აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ ,,ბურჯანაძე-დემოკრატების”, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის სტუდენტები, ერთადერთი მოთხოვნით – გადადგეს შევარდნაძე.
ზუგდიდი
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გუშინ 12.00 საათისთვის შეუერთდნენ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის სტუდენტები. 500-მდე სტუდენტმა ტრანსფარანტებითა და დროშების ფრიალით გაიარა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მსვლელობას თან ახლდა სკანდირება: ,,გადადექი, წადი!” ამ მოთხოვნებით ისინი შეუერთდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც, თავის მხრივ, მათ ოვაციით შეხვდნენ. |