|
მედია-ნიუსი“ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერი, გვ.8.
დაუმორჩილებლობის აქცია კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში მღელვარე დღეები მოიტანა. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გაყალბებით ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. მათ ამისათვსი საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ეროვნული დაუმორჩილებლობაც გამოაცხადეს, გროვდება ხელმოწერებიც.ოპოზიციის საპროტესტო ნაბიჯებთან დაკავშირებით სააგენტო “მედია-ნიუსი” იუსტიის საბჭოს წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, სახელმწიფო სამართლის ექსპერტს ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა. -ბატონო ავთანდილ, ჯდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის ნორმებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ორგანიზებული აქციები, მათი ფორმიდან გამომდინარე? -მანიფესტაციებისა და შეკრების უფლება არის ადამიანის განუხრელი უფლება. შეკრებები და მანიფესტაციები, თავისთავად, კონსტიტუციონალიზმს საფრთხეს არ უქმნიან, მითუმეტეს, ასეთი ფორმით ჩატარებული მანიფესტაციები, რადგან აქ არ ყოფილა გამოყენებული ძალადობა. მოწოდებებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო არაკონსტიტუციური მოქმედებების საფუძველი, მხოლოდ მოწოდებებად დარჩა და მას ქმედება არ მოჰყოლია. ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის კომიტეტმა მოსახლეობას ეროვნული დაუმორჩილებისაკენ მოუწოდა. თუ იცნობს ამ ტერმინს სახელმწიფო სამართალი რევოლუცია, ანუ მთავრობის დამხობა, რომელსაც ეროვნული დაუმორჩილებლობა უძღვის წინ, კონსტიტუციონალიზმის იდეაში თავისთავად დევს. ანუ, გარკვეულ სიტუაციაში ხალხს აქვს უფლება დაამხოს არსებული ხელისუფლება ძალადობის გამოყენებითაც კი, მაგრამ აქ რამდენიმე მოთხოვნა აუცილებლად უნდა იყოს დაცული. 1. ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს ხელისუფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს უზურპაციული, ანუ არაკონსტიტუციოური გზით (ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა არ შეესაბამება ამ მოთხოვნას. პრეზიდენტი არის არჩეული ხალხის მიერ და არც ერთ კომპეტენტურ ორგანოს არ დაუდგენია, რომ იგი არაკონსტიტუციური გზით არის არჩეული). 2. მთავრობა, ჩვენს შემთხვევაში პრეზიდენტი, უნდა ატარებდეს ანტიხალხურ პოლიტიკას, ანუ მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს ხალხის საყოველთაო კეთილდღეობის საწინააღმდეგოდ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც კი მსოფლიო პრაქტიკა ერიდება ამ უფლების გამოყენებას. თანამედროვე ისტორიიდან მხოლოდ ერთი, იუგოსლავიის მაგალითის დასახელება შემიძლია.მაგრამ ზოგიერთს ავიწყდება ის გარემოება. რომ სამართლებრივ საფუძვლად იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის გადაყენებისათვის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გამოყენებული. უკვე ავღნიშნე, რომ რევოლუციური მოქმედების უფლება ხალხს აქვს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ფარგლებში.
თუ ეროვნული დაუმორჩილებლობა გასცდება კანონითა და კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს, მაშინ იგი გადადის სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ სფეროში, რასაც შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეროვნული დაუმორჩილებლობის რა ფორმები პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს? ფორმა შეიძლება იყოს მანიფესტაციები და შეკრებები, რომელიც თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებაა. აქამდე ყველა ქმედება (არ ვგულისხმობ ზუგდიდისა და ქუთაისის გუშინდელ მოვლენებს) კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება.
-გავრცელდა მოსაზრება, რომ თუ ედუარდ შევარდნაძე ამჟამად გადადგება, ვინაიდან მეორე საპრეზიდენტო ვადა არ ექნება ამოწურული, უფლება აქვს, მესამედ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში...
-რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება არასწორია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ერთსა დაიმავე პირს უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იყოს მხოლოდ ორი ვადით.
-რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას?
-ხელმოწერების შეგროვებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება, ვინაიდან ეს ფორმა არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობის პირის გადაყენებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი კონსტიტუციური საშუალება იმპიჩმენტია. ამ პროცედურის წამოწყება პარლამენტის პრეროგატივაა. იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობს ან უზენაესი სასამართლო ან საკონსტიტუციო სასამართლო, რომლებიც ამზადებენ დასკვნას. ამ დასკვნის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე.
|