|
ზაზა ბაკაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 3.
დაუმორჩილებლობის რომანტიკული მხარეები უკან მოვიტოვეთ "ხავერდოვანი რევოლუციის" მესამე დღეს პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად იძაბება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის მომიტინგეთა შორის გამოჩენამ სასწორის პინა ოპოზიციის მხარეს გადაწონა. ამის შემდეგ ყველა ელოდება, რომ ივანოვის შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გადადგება, თუმცა შევარდნაძე ამ პროცესს აჭიანურებს. მიტინგზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შევარდნაძე შსს-ს შენობაში აპირებს პარლამენტარების მოწვევას და სხდომის ჩატარებას. სააკაშვილი აცხადებს, რომ, თუ ეს მოხდება, შსს-ს შენობის ბლოკირებას მოახდენენ. საღამოს ამ ინფორმაციას ემატება ის, რომ პარლამენტის სხდომა მოწვეულია და პარლამენტის თავმჯდომარედ ჯემალ გოგიტიძეა არჩეული, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. სამაგიეროდ მიტინგზე გამოდიან გულუას სახელობის სპეცდანიშნულების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარეზე გადმოდიან. ოდნავ მოგვიანებით მიტინგზე აცხადებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ანუ ნინო ბურჯანაძეს ემორჩილება ეროვნული გვარდია. ათიათასობით მომიტინგეს აგრეთვე ახარებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი, ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკი. მიტინგზე გამოვიდნენ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ლიდერის შალვა ნათელაშვილის პოზიცია დაგმეს და მიტინგიდან ერთგვარი ულტიმატუმიც კი წაუყენეს იმის თაობაზე, რომ იგი გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით დადგეს. მეორე გამომსვლელი ლეიბორისტი კი მომიტინგეებს არწმუნებდა, რომ ამიერიდან ლებორისტული პარტია, როგორც ძალა, აღარ არსებობს. მიტინგზე სიტყვა წარმოთქვეს ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ზვიად ძიძიგურმა, კოტე კემულაიამ, ზაზა ბეგაშვილმა, ბეჟან გუნავამ, ვანო ხუხუნეიშვილმა და სხვებმა. საღამოს გაერთიანებული ოპოზიცია და მომიტინგენი ისევ ელოდებიან ინფორმაციას შევრადნაძის გადადგომის თაობაზე, მაგრამ ტრიბუნასთან გამოდის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მომიტინგეებს ამზადებს იმისათვის, რომ, თუ შევარდნაძე არ გადადგება, ისინი კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრებიან. პაუზის დროს ისმის ეროვნული ჰანგები და პარალელურად მიტინგის წამყვანები მომიტინგეებს ინფორმაციით კვებავენ. ოვაციებით ხვდებიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაუმორჩილებლობას უცხადებს პრეზიდენტს თბილისის პოლიციის შეფი ლევან მაისურაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე. ამასობაში ტრიბუნასთან მიდის ცნობილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე და სიტყვით მიმართავს ხალხს: "თქვენი ლოცვა-კურთხევით მე გამოვჯანმრთელდი. ვოცნებობდი, არ მოვმკვდარიყავი მანამდე, სანამ ხალხის ერთსულოვნებისა და ერთ მუშტად შეკვრის მომსწრე არ გავხდებოდი. საბედნიეროდ, ეს დრო უკვე დადგა. მე დღეს აღარაფრის მეშინია". რამაზ ჩხიკვაძის ამ სიტყვამ ბევრს თვალები აუცრემლა. ულტიმატუმის ვადა იწურება, ისევ გამოდის სააკაშვილი და ხალხს მოუწოდებს, არ წავიდნენ კრწანისის რეზიდენციისკენ: "მინდა, შევარდნაძეს თავისი ნებით გადადგომის კიდევ ერთი შანსი მივცე და ამით მას ღირსება შევუნარჩუნო. ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევ! - განაცხადა სააკაშვილმა. უნდა ითქვას, რომ მთელი დღის განმავლობაში ხალხი წინასწარ ზეიმობდა შევარდნაძის გადადგომას, მღეროდა და ცეკვავდა. მათ იუმორის მაღალ ხარისხს კი განაპირობებდა ლექსად შეთხზული ასეთი ლოზუნგი: "ქვეყანა გადაირია, ხალხს დაეკარგა ელფერი, მამათში სექსი აკრძალეს, არ დაიბადოს შენფერი". შევარდნაძის გადადგომის მახარობელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო, რომელმაც ხალხს გამარჯვება მიულოცა. ცა ფეირვერკებით განათდა. "წავიდა ტირანი! - აღმოხდა ბევრს. მაშ ასე, შევარდნაძის მმართველობის ეპოქას წერტილი დაესვა. სააკაშვილმა დანაპირები შეასრულა, გიორგობის დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე აღარ არის. დაუმორჩილებლობის რომანტიკული მხარეები უკან მოვიტოვეთ, ცოტა ხანში ისევ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გველის. გუშინ მიხეილ სააკაშვილი დიდების ზენიტში იმყოფებოდა. იგი უდაოდ ამ დღეების ნამდვილი გმირია და ამიტომაც მას მომიტინგეები, როგორც ექსპონატს, ისე ეხებოდნენ. ვნახოთ, აღზევებული სააკაშვილი მომავალში როგორ გააგრძელებს თავის პოლიტიკურ კარიერას. |