|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ.6.
"დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლება პირველ არხზე ასე არ უნდა შემოსულიყო!" ნაციონალური მოძრაობის ლიდერ მიხეილ სააკაშვილის პირველივე შეტევის შემდეგ "საქტელერადიოკორპორაციის" ახალი ხელმძღვანელი, გიორგი ლეონიძე, უკან იხევს და სააკაშვილის თანამოაზრეებს პირობას აძლევს, რომ პირველი არხი იმას გააშუქებს, რაც ხალხს სურს. ნაციონალები აცხადებენ, რომ მათ ის უნდათ, რაც ხალხს ანუ გამოდის, რომ პირველი არხი ამიერიდან ნაციონალების პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად მოგვევლინება, ეს კი, თავად პირველი არხის ჟურნალისტების მტკიცებით, არც ისე იოლად გაუვათ ე.წ. ოპოზიციის ლიდერებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების წასვლიდან მოკლე დროში სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელი, გიორგი ლეონიძე, ბრიფინგს მართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, დაემორჩილოს ხალხის ნებას. - ამ 3 დღეში, რაც ხელმძღვანელად დავინიშნე, ელვისებურად განვითარდა მოვლენები. მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ვერ გეტყვით, რომ ყველა თანამშრომელს შევუთანხმდი. იმიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომ მალე განაგრძონ ჟურნალისტებმა მუშაობა ჩვეულ რიტმში, - აღნიშნა გიორგი ლეონიძემ. ლეონიძე ეჭვობს, რომ ამ ქმედებით სიტყვის თავისუფლება იზღუდება. მისი თქმით, ჯერჯერობით ამის საფრთხე არ არსებობს და ეს გადაწყვეტილებაც დღევანდელი დღისთვის მიიღო. რაც შეეხება იმას, თუ რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და სახელმწიფო ტელევიზიის პირველი პირი, ლეონიძის თქმით, შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ ელექტრონული მედია შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტის კონსტატირებით. - არ შეიძლება, ერთი არხი ფაქტს აშუქებდეს და მეორე ფაქტს კომენტარს ურთავდეს, - აცხადებს სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელი. - ბ-ნო გიორგი, იყო თუ არა ზეწოლა თქვენზე და რამდენად იძულებით წახვედით ამ ნაბიჯზე? - რაც შეეხება ზეწოლას, გუშინ რამდენჯერმე იყო ზარი. ვინც დამიკავშირდა, ზოგიერთს დავთანხმდი გარკვეულ საკითხებში. ესენი მოვიდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანად. გარკვეულ ფორმატზე შევთანხმდით. მერე ისინი წავიდნენ და რატომღაც მომიტინგეებთან ერთად დაბრუნდნენ. - პრეზიდენტთან თუ გქონდათ საუბარი? - პრეზიდენტთან გუშინ მქონდა საუბარი, რაც საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება მიიღო. არ მახსოვს, პრეზიდენტს დაერეკოს და დირექტივები მოეცეს. ასე იყო გუშინაც. მას არანაირი დირექტივა არ მოუცია. - არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ტელევიზია დაიხუროს? - ისინი არიან თავისუფალი ადამიანები და შეუძლიათ, გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ. პრესკონფერენციის ბოლოს ლეიონიძის კაბინეტში "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, გამოჩნდა სიტუაციის განსამუხტავად, მაგრამ, როცა ნახა, რომ პრობლემები არ იყო, ტელევიზია მალევე დატოვა. - დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლება დღეს პირველ არხზე ამ ფორმით არ უნდა შემოსულიყო! - გაისმა პრესკონფერენციის ბოლოს ტელეჟურნალისტებისგან, რომლებიც მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებენ. |