|
ვერიკო თევზაძე ,,24 საათი”. 2003წ. 14 ნოემბერი. გვ. A2.
დიალოგი ვერ შედგა, ოპოზიცია სრულიად საქართველოს უხმობს... ,,საბოლოოდ გაირკვა, რომ ხელისუფლებას დიალოგი არ სურს, იგი არაფრის დათმობას არ აპირებს. არც მე და არც ქართველ ხალხს შევარდნაძესთან უკვე სალაპარაკო არაფერი აქვს!” - ,,ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი ედუარდ შევარდნაძეს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება, როცა ეს უკანასკნელი პრეზიდენტი აღარ იქნება. სააკაშვილმა გუშინ მომიტინგეებს აუხსნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის ,,ბურჯანაძე-დემოკრატებთან”. ,,იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძე დათმობაზე წასულიყო, ასლან აბაშიძეს გაურიგდა და მისთვის აპირებს ხელისუფლების გადაბარებას,” – სააკაშვილის თქმით, შევარდნაძე აბაშიძეს გადააბარებს ხელისუფლებას, რის შედეგადაც როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტებზე ასლან აბაშიძის წარმომადგენლები დაინიშნებიან.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძე შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ კიდევ აცხადებდა, რომ ოპოზიცია მზად იყო მორიგი დიალოგისთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კონკრეტულ დათმობებზე წავიდოდა. ბურჯანაძის განმარტებით, 12 ნოემბერს ოპოზიცია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს: ,,ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრაც, წინანდელის მსგავსად, უშედეგო იქნებოდა. შევარდნაძე კი იტყოდა, რომ მან კიდევ ერთხელ სცადა დიალოგი ოპოზიციასტან, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც ვთქვით უარი.”
მიტინგზე მისულ ბურჯანაძეს და სააკაშვილს მასმედიამ კომენტარი სთხოვა სააკაშვილი-ჯორბენაძის გუშინდელი შეხვედრის თაობაზე. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის ინიციატივით მოეწყო და სულაც არ ყოფილა გასაიდუმლოებული. ,,ამ უშედეგო მოლაპარაკების შესახებ მიტინგზეც კი განვაცხადე,” – აუხსნა სააკაშვილმა პრესას. ნინო ბურჯანაძის თქმით, ,,ბურჯანაძე-დემოკრატებისათვის” წინასწარვე იყო ცნობილი ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შესახებ, მაგრამ ეს გამოწვეული იყო დღეს შექმნილი საგანგებო ვითარებით. ,,დღეს ოპოზიციამ მიაღწია გაერთიანებას. ხელისუფლებას ეს ხელს არ აძლევს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჩვენ ერთად ვართ”, - დასძინა ქალბატონმა ბურჯანაძემ.
პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებს გუშინ პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთობაც” შეუერთდა. ჯუმბერ პატიაშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარების დაძაბვაში უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებს. რუსთაველზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს გუშინ საღამოს 150-მდე თბილისელმა სომეხმა გამოუცხადა სოლიდარობა და მათ გვერდზე დადგა.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მომიტინგეებს აუწყა, რომ დიალოგზე ფიქრის დრო დასრულდა, შევარდნაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგესო, ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რომ დღეს, შუადღის ოთხი საათისთვის რუსთაველზე შეიკრიბოს და მხარი დაუჭიროს ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის მშვიდობიანი გადაყენების შესახებ. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის გადაყენების გარდა, ოპოზიცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების და ასევე, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ,,გულმოწყალებას” იჩენს და შევარდნაზეს კომფორტულ გალიას სთავაზობს. ბერძენიშვილის პროგნოზით, შევარდნაძეს მემუარების წერა ორთაჭალის ციხეში მოუწევს. |