თამარ ასათიანი.

,,24 საათი”. – 6 ნოემბერი. 2003წ. A1 A2

 

 

დიდი ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება

 

სწორედ იმ დროს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციონერთა მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობდა, თავად შენობის შიგნით სრული სიმშვიდე სუფევდა. ცესკო- ხელმძღვანელობამ საღამოს 8 საათისთვის ჟურნალისტებთან ოფიციალური კონტაქტები შეწყვიტა. ჩვენთან საუბარში კი ცესკო- მდივანმა გიორგი მიქანაძემ  (იგი ცესკო-ში პრეზიდენტის კვოტით არის დანიშნული) განაცხადა, რომ მათ მუშაობაზე ოპოზიციონერთა მიტინგი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და ისინი ოლქებიდან შემოსული მონაცემების დამუშავებას გააგრძელებენ.

           

გუშინ, მთელი დღის მანძილზე ცეესკო-ში აჭარიდან მონაცემების ჩამოსვლას ელოდებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, ეს მონაცემები საღამოს 6 საათისთვის ცეესკოს კანცელარიაში ჯერაც არ იყო გატარებული, მაგრამ ცეესკოს კულვარებში უკვე იმასაც აცხადებდნენ, რომ საერთო სურათი უკვე ცნობილია და ცეესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე საბოლოო ოქმების განთავსებას პოლიტიკური ვაჭრობა უშლიდა ხელს.

        

სხვათაშორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ცენტრს შორის ფარული მოლაპარაკებების თაობაზე ერთი, საკმაოდ საინტერესო ფაქტიც მეტყველებს. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2 დღის წინ ცეესკოს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიიდან გადმოგზავნილი მონაცემები, რომლის ანალიზიც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს.

           

თავად განსაჯეთ: აჭარიდან პირველად იმ რაიონის მონაცემები ჩამოდის, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების შედეგებზე არანაირ გავლენას არ ახდენს და საიდანაც, ტრადიციისამებრ, 100%-იან მოსავალს მხოლოდ ,,აღორძინება” იმკის ხოლმე. იქ მოსახლეობა სხვა პარტიას არასდროს აძლევდა ხმას. დღეს კი ვითარება შეცვლილია. ,,აღორძინებასთან” ერთად, ხმების გარკვეულ რაოდენობას იღებენ სხვა პარტიები. კერძოდ:

           

ბლოკი ,,ახალი საქართველოსათვის” – 552 ხმა, ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 20480 ხმა, ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 45 ხმა, ,,საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია” – 195 ხმა, ბლოკი ,,სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა” – 15 ხმა, ბლოკი ,,ბურჯანაძე დემოკრატები – 22 ხმა, ,,ახალი მემრაჯვენეები” – 33 ხმა.

        

,,ეს წმინდა წყლის ვაჭრობაა”, - ასეთ კომენტარს აკეთებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. თუმცა, მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა” ამბობს ხმამაღლა, რომ, შესაძლოა, ,,აღორძინებამ” ხმები, სახელისუფლებო ბლოკთან ერთად ან ,,მრეწველებს”, ან ,,ახლებს” აჩუქოს. გააჩნია, რაზე მოილაპარაკებენ ეს პოლიტიკური პარტიები და რას შეჰპირდებიან ბათუმს სანაცვლოდ.

           

საგულისხმოა ერთი დეტალი: ცეესკოს თავმჯდომარე ნ. დევდარიანი ადასტურებს, რომ აჭარაში ხმების გარკვეული რაოდენობა ,,ახლებმაც” და ,,მრეწველებმაც” მოიპოვეს. თუმცა, კონკრეტულ მონაცემებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მან ეს ინფორმაცია ბათუმთან სატელეფონო საუბრებით შეიტყო.

           

ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ ნამდვილად მისასალმებელია, რომ აჭარაში ბოლო ეღება ერთპარტიულ მმართველობას, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ მოპიპოვეს ასეთი წარმატება იმ პარტიებმა, რომლებსაც, იმავე ხულოში, არანაირი წინასაარჩევნო პროპაგანდა არ გაუწევიათ...

           

პასუხი ჩვენზე უკეთ, ალბათ, თავად იმ პარტიების ლიდერებმა, ასლან აბაშიძემ და ხელისუფლებამ იციან. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – თუ კი ხულოს მსგავსად, აჭარის სხვა რაიონების მოსახლეობის ნაწილი უცებ ,,გადაწყვეტს”, რომ მისთვის ,,აღორძინებაზე” მეტად მისაღები სხვა პოლიტიკური ძალაა, ეს დღეს არსებულ საერთო სურათს ნამდვილად არ შეცვლის. შესაბამისად, შეიცვლება პარტიების მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტებიც.

           

ყველაფერი დღეს გადაწყდება, როცა ვაჭრობა სახელმწიფო კანცელარიასა და ბათუმს შორის დასრულდება. მხოლოდ ამის შემდგომ შევა (უკვე ოფიციალურად) ცეესკოში ბათუმიდან წამოსული მონაცემები.

           

გუშინ საღამოს კი საერთო სურათი ასე გამოიყურებოდა:

           

ბლოკი ,,ახალი საქართველოსთვის” – 298 477 ხმა, ,,დემოკტარიული აღორძინების კავშირი” – 79 107 ხმა, ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 73 233 ხმა, ,,საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია” – 162 987 ხმა, ,,სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა” – 265 395 ხმა, ,,ბურჯანაძე დემოკრატები” 106 742 ხმა, ,,ახალი მემარჯვენეები” 93 633 ხმა.