|
ბექა სისაური,,24 საათი” 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A2 დუმილი დანაშაულის ტოლფასია,,ედიკა, საქართველო შენით დაირუპა!” ,,კმარა შევარდნაძისა და აბაშიძის დიქტატურა!” ,,ძირს შევარდნაძე და მისი კლანი!” – აღნიშნული ლოზუნგებით შეიარაღებული ქუთაისელი სტუდენტები და ,,კმარას” აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს. სტუდენტები ედუარდ შევარდნაძის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ,,ეს აქცია მიზნად ისახავს, მხარი დავუჭიროთ თბილისში მიმდინარე აქციას. ჩვენთვის სულ ერთია, რომელი პარტია შემოგვიერთდება და სოლიდარობას გამოგვიცხადებს... როცა მშვიდობიან მიტინგს ესვრიან, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ იგი არ არის პასუხისმგებელი, როდესაც ნახევარი საქართველო საარჩევნო სიებში არ არის და თურმე პრეზიდენტი არც ამაზე ყოფილა პასუხისმგებელი, მაშინ ჩვენ ისრა დაგვრჩენია, რომ უპასუხისმგებლო პრეზიდენტის გადაყენება მოვითხოვოთ,” – განაცხადა ,,24 საათთან” საუბრისას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ზურაბ ნიშნიანიძემ.
სტუდენტები, შევარდნაძის გადადგომასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გმარჯვების აღიარებასაც მოითხოვენ. მათ გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისში მიმდინარე აქციასტან მიერთების ნაცვლად, ქუთაისში უნდა მოქწყონ სისტემატური მიტინგები და ხელისუფლებას ოპოზიციის ძალა რეგიონებშიც აჩვენონ.
,,ჩვენ პირველ რიგში ვაპროტესტებს იმას, თითქოსდა ქუთაისელი ახალგაზრდები აქტიურები არ არიან. ვაცხადებთ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას შეუძლია პროგრესულად იაქზროვნოს და პროტესტი გამოხატოს. ხვალ და ზეგ უფრო მეტი და უფრო მძლავრი ძალა გავხდებით. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და ამაზე დუმილი დანაშაულის ტოლფასია!” – აცხადებდა ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვანო ბუხაიძე. სტუდენტები და ,,კმარას” აქტივისტები ქუთაისში დღეს უფრო ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებას გეგმავენ. |