პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 . 16 ნოემბერი. გვ. 5.

 

 

ედუარდ შევარდნაძე პოსტიდან გადააყენეს

საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარმა კომიტეტმა, რომლის ეგიდით შაბათიდან კოალიცია "საქართველოს ინვალიდთა, ვეტერანთა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეა" მოქმედებს, თავისი "დეკრეტით" პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პოსტიდან გადააყენა. ამასთან, ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტის პრესცენტრის განცხადებაში, რომელიც პრაიმ-ნიუსს შაბათს მიაწოდეს ნათქვამია, რომ "დეკრეტით" 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმებულია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სთავაზობს - "შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ერთდროულად დანიშნოს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები". დაუმორჩილებლობის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც "ღვთისშვილთა კავშირის" ლიდერი ზაზა სიხარულიძეა წინადადებით მიმართავს ოპოზიციური ორგანიზაციების ,,სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" და "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებს მიხეილ სააკაშვილს, ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ჟვანიას, ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტის წევრებთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად "დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები საქართველოს დროებითი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად". დაუმორჩილებლობის მთავარი კომიტეტი აპირებს თავისი რწმუნებულების დანიშვნას სამხარეო, სარაიონო და საქალაქო სახალხო შეკრებების წინადადებათა საფუძველზე. "საქართველოს ინვალიდთა, ვეტერანთა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეა" სექტემბრიდან პერმანენტულად მართავდა აქციებს ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით. იმავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა და მის განსახორციელებლად რეგიონებში წინააღმდეგობის კომიტეტების შექმნის დაწყების შესახებ განაცხადა პარასკევს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე. სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მომიტინგეთა ნაწილმა ოპოზიციის მოწოდებით "ცოცხალი ჯაჭვი" შეკრა სახელმწიფო კანცელარიის შენობის გარშემო, რომლის მიმდებარე ტერიტორიასაც შსს- თანამშრომელთა და შინაგანი ჯარების ასეულობით წარმომადგენელი იცავდა. საპროტესტო აქციები თბილისში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია ორშაბათიდან განახლდება.