ზაზა ფაჩუაშვილი

,,24 საათი”.  2003წ. 15 ნოემბერი. გვ. A8.

 

 

 

 

ეროვნული დაუმორჩილებლობის წევრები

 

გუშინდელ მიტინგზე იმდენი ხალხი იყო, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ათმაგი ჯაჭვის ალყაში სახელმწიფო კანცელარიისა და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ერთად მოქცევა. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან უნაყოფო გამოდგა კანცელარიასთან მისასვლელი ქუჩების გადაკეტვა. ჩიტაძის, ბერიძის, იაშვილის, ლერმონტოვისა და ტაბიძის ქუჩების გავლით, შევარდნაძე და მისი ამფსონები ნახევარი საათით მაინც მოექცნენ ცოცხალი ჯაჭვის გარემოცვაში. ამ სიმბოლურმა ალყამ კი დასაბამი დაუდო ეროვნული დაუმორჩილებლობის ტალღას, რომელმაც ორშაბათიდან ყველა სახელმწიფო უწყების პარალიზება უნდა მოახდინოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

დღეს ჩვენ გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებისაც დღეიდან შეიძლება ეროვნული დაუმორჩილებლობის წევრები ვუწოდოთ. ბელისუფლების გასაკვირად, ისინი არ არიან შავი ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ბოევიკები. ისინი ეროვნული ღირსების მაძიებელი უბრალო მოქალაქენი არიან.

 

თალიკო გოგავა,  პენსიონერი: ,,დღევანდელი დღის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შევარდნაძე არ ყოფილა ადამიანი. ამდენი ხალხი ეხვეწება, ემუდარება, გადადექიო და... მაგან მე, პენსიონერი, შიმშილის ზღვარზე მიმიყვანა. დღემდე ყველაფერს ვითმენდი – შიმშილს, სიცივეს და ათას უბედურებას; მაგრამ, ბოლოს რომ ყველანაირად გამანადგურა და ჩამომართვა ის ერთადერთიც, რაც გამაჩნდა – ხმის უფლება, ვეღარ მოვითმინე და ქუჩაში გამოვედი.

 

ვეუბნები მას: ადამიანი არა ხარ? ქრისტიანი არა ხარ? გადადექი! გა-და-დე-ქი!”

 

რეზო შენგელია: ,,შევარდნაძე მშვიდობიანად უნდა გადადგეს და ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცეს. მან უნდა გაიგონოს ამდენი ხალხის ხმა, თუ ყურთასმენი დახშული არა აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ხალხის ნება გაჭრის.

 

გიორგი ჩხიკვიშვილი: ,,უნდა გადადგეს, ორი აზრი მაგაზე არ არსებობს. ჭკუა რომ ჰქონდეს, დღეს უნდა გადადგეს და ხალხი ყველააფერს აპატიებს. ბვალ რომ გადადგეს, შეიძლება, აღარ აპატიონ. არჩევნები საბაბი იყო. ეს გაჭირვებული ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ 10 წლის უმსგავსოების მოთმენა აღარ შეუძლია.”

 

გულაბერ ანანიაშვილი, პროფესორი: ,,მე შევარდნაძეს ვეკითხები, რატომ მიიყვანა ხალხი ამ ზომამდ. ეს, რაც ხდება, მაგათი ბრალია. ბალხს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. ეს ცხოვრება შეუძლებელია. აქ ისეთი ხალხიც არის, რომელსაც მაინცდამაინც პრეზიდენტის გადადგომა არ უნდა, მაგრამ იმიტომ დგას, რომ ეს ცხოვრება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მთელი ის ნაგავი, რომელიც შევარდნაძემ შემოიკრიბა, გადასაყრელია. ამიტომ სავარძელზე მობღაუჭება დანაშაულია ერის წინაშე. ბვალ ამათ ყველას პასუხი მოეთხოვება.

 

ძალადობა უნდა გამოირიცხოს, მაგრამ აქ უნდა მოვიდეს უფრო მეტი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება უნდა მოხდეს. მსოფლიო თანამეგობრობისთვის ყველა ჩვენი ნაბიჯი ცნობილი უნდა იყოს.”

 

გიორგი ფხალაძე: ,,შევარდნაძე აუცილებლად უნდა წავიდეს. სხვა ალტერნატივას მე ვერ ვხედავ. ამ კაცს საქართველოსთვის ცუტის მეტი არაფერი გაუკეთებია. ეგ არის მოსკოვის დირექტივების შემსრულებელი და ქვეყნის მართვა არ შეუძლია. კორუფცია ააყვავა.”

 

პაატა წულაძე: ,,ჩემი სურვილია, შევარდაძე გადადგეს. მოვიდეს ნინო და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მართალია, პრეზიდენტს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი ზეწოლის შემდეგ გადადგება.”

 

ვაჟა ნეიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი: ,,მე ჭადრაკის მოთამაშეც გახლავართ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბალხი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მას პატარა ბრბო უპირისპირდება. შევარდნაძე დაშამათდება. ბალხმა ძალა იგრძნო და როცა მას ჭკვიანი ხელმძღვანელიც ჰყავს, აუცილებლად გაიმარჯვებს. ამის სიმპტომები აშკარაა.”

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და მიტინგის დროებითი დამთავრების შემდეგ, ყველა მომიტინგე კმაყოფილი დარჩა. მიტინგიდან დაბრუნებული ერთი დარბაისელი კაცი სამარშრუტო ტაქსში თანმხლებ ქალბატონებს ეუბნებოდა, 13 წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, ამდენი ხალხი იყო და ერთი უწესობა არ მომხდარაო.

 

ეს მხოლოდ მიტინგი კი არ ყოფილა, ქართული ღირსება აღდგაო, - პასუხობდნენ ქალბატონები, - ამ სივიწროვეში გზას ყველა გვითმობდა და მოკრძალებით გვეუბნებოდა, მობრძანდით ქალბატონო.