|
გიგა გურასაშვილი “24საათი” 2003წ. 12 ნოემბერი. გვ.A2
ეს საქართველოა... ხმის ჩახლეჩამდემიტინგი ღამით
წვიმს, წვიმს, წვიმს... უკვე რამდენი დღეა, რაც ასე გრძელდება, ხალხი კი ფეხს არ იცვლის. ერთნი საწვიმარი ქურთუკებით შეიარაღებულნი დგანან, მეორენი – ქოლგებით, მესამენი – უბრალოდ, თავზე ცელოფანგადაფარებული, ალაგ-ალაგ – აბუზულები, გადაღლილები, მაგრამ დგანან ერთი მიზნით – ქვეყანა უნდა განიკურნოს. თითოეული მოწოდება თუ შეძახილი სწორედ შესაბამისი პათოსით იყო გაჟღენთილი. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, ისმოდა – საქართველოს გაუმარ-ჯოს! ჯოს, ჯოს! და ასე გრძალდებოდა ხმის ჩახლეჩამდე. იყო კონცერტიც. ერთ-ერთ სატვირთო მანქანაზე სახელდახელოდ გაშლილი სცენიდან საკუთარი მუსიკით მომიტინგეებს ერთგვარ იმპულსსა სძენდნენ “ზუმბა”, “33”, “სოფთ ეჯექთი”, “მწავნე ოთახი”, ირაკლი ჩარკვიანი. კონცერტი, ალბათ, მეტხანსაც გაგრძელდებოდა , მაგრამ უჟმურმა ამინდმაც თავისი მოიტანა – მუსიკოსებს წვიმისაგან აპარატურა გადაეწვათ, თუმცა პირობა მოგვცეს, ხვალ ბევრად მობილიზებულები მოვალთ და ამასთან, აქციის ამსახველი კადრებით კლიპებსაც გადავიღებთო:” ჩემდა სამარცხვინოდ, მეგონა, რომ ქართულ საზოგადოებას სიამაყის გრძნობა დაკარგული ჰქონდა. თურმე ვცდებოდი. დღისით და ღამით, სიცივესა და წვიმაში ამ ხალხის დგომა სწოერდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს საზოგადოებას თავმოყვარეობის გრძნობა აქვს. საწყენი კი ის არის, რომ წვიმამ აპარატურა გაგვიფუჭა, მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ და ვიქნებით. მეტიც, რამდენიმე ჯგუფი ამ ამბებთან დაკავშირებით სიმღერას ვწერთ. ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა მაყურებელს ამცნო: დღეს ესტრადის ვარსკვლავები გამოვლენო. ჩვენ ესტრადის ვარსკვლავები არ ვართ. ჩვენ მუსიკოსები და ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც აქ მყოფნი არიან. ჩვენ საკუთარი ხმების დასაცავად ვართ მოსულნი. უბრალოდ, როგორც მუსიკოსებს, გვინდოდა, ჩვენი თანადგომა გამოგვეხატა”, - გვეუბნება “ სოფთ ეჯექტის” სოლისტი ვახო ბაბუნაშვილი.
სიმღერები ამით არ შეწყვეტილა. მუსიკოსებისაგან ესტაფეტა მომიტინგეებმა ჩაიბარეს, როდესაც რამდენიმე ხალხური სიმღერა დააგუგუნეს. მერე და მერე ხალხიც მიმოიფანტა. თბილისელებს კიდევ არა უშავდათ, ყველაზე ცუდ დღეებსი რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსულნი იყვნენ. ისედაც მშიერ-მწყურვალი, წვიმაც გასაქანს არ აძლევდათ. მიუხედავად ამისა, თავით ფეხებამდე გალუმპულები ერთგულად ბოლომდე იქ იყვნენ. მოსასველებლად კი, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იყუჟებოდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შინ წასვლასა და მოსვენებას გიორგი ბარამიძე თავად მოუწოდებდა. ასეთები მეტ-ნაკლებად ნასვამი რამდენიმე ადამიანი გახლდათ. რუპორმომარჯვებული ბარამიძე ხალხს თითქმის საათში ერთხელ ახსენებდა, რომ ,,ბრძოლა გრძელდება, თავი შევიკავოთ უწმაწური სიტყვებისაგან. პრეზიდენტსაც ნუ მოვიხსენიებთ ცუდად. მხოლოდ ერთადერთი რამ ვუთხრათ: წადი!” ამასთან, თითოეულ მათგანს სიმშვიდისაკენ მოუწოდებდა: გვიან ღამით ყველაზე მეტი ალბათობაა იმისა, რომ ვინმემ პროვოკაცია მოაწყოს და ამიტომ ფრთხილად იყავით, არავის არ აყვეთო, თუმცა...
დაახლოებით, ხუთის ნახევარი იქნებოდა, რომ კოცონთან მდგომ მომიტინგეთა ერთ ჯგუფს ვიღაც მიუახლოვდა. ცოტა ხანში ჩოჩქოლის ხმა შემოგვესმა. ყველაფერი წამიერად მოხდა. უცნობ მომხდურს უმალ ყველა გარს შემოერტყა. მან კი – არაფერია, ძმებო, უბრალოდ სემოვიარეო. ერთგვარი ექსცესის ფირზე აღსაბეჭდად მიახლოებულ ჩვენს ფოტოგრაფს კი აპარატზე ხელი აუფარა – ქუჩის ბიჭი ვარ, სურათი არ გადაიღოთო. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გიორგი ბარამიძემ კვლავ რუპორი მოიმარჯვა და ამჯერად მთაწმინდის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების მუშაკებს თავისთან იხმობდა. ბარამიძის მცდელობა უშედეგო გამოდგა. ფაქტია, იქ არავინ გამოჩენილა. ,,შინდისფერი განუბაჟელნომრებიანი BMW-ს ტიპის ავტომანქანა აქციის ტერიტორიაზე შემოვიდა, - ვითარებაში გვარკვევს ბარამიძე, - აშკარა იყო, რომ უცნობი პირები პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. როდესაც აქციის მონაწილეებსა და უცნობებს შორის ლაპარაკი გაიმართა, მათ პროვოკაციის მიზნით იარაღზე წაიღეს ხელი. საკმაო ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რომელიმე სამართალდამცავი პირის გამოძახებას, რათა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება მოეხდინათ. ჩვენი ინფორმაციით, ესენი იყვნენ პოლიციელები და ეგრეთ წოდებული ,,ძველი ბიჭები”, რომლებიც აქციის მონაწილეთა შორის აურზაურის შესატანად არიან დაქირავებულნი.
შინაგან საქმეთა მინისტრი ადრეც გავაფრთხილეთ და ახლაც ვაფრთხილებთ: მოიყვანოს ათი-თხუთმეტი შეიარაღებული პოლიციელი, ამასთან, ფორმით და არასამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, რათა პროვოკაციების ნაცვლად წესრიგზე იზრუნონ. ამის შემდეგ ეს ხელისუფლება იმას უნდა იძახდეს, რომ ჩვენ დესტაბილიზაცია გვსურს?”.
დაახლოებით, ერთ საათში მომიტინგეთა შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და მაია ნადირაძეც გამოჩნდენე და გათენებამდე მათტან დაჰყვეს. მანამდე, შუაღამისას აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილიც სტუმრობდა. |