|
გიორგი ასანიშვილი. ,,24 საათი”. – 6 ნოემბერი. 2003წ. გვ. A1-A3
ფილარმონიიდან კანცელარიას ემუქრებიან
ოპოზიციური ძალების “ბაზაზე” შექმნილი წინააღმდეგობის ფრონტი უკან დახევას არ აპირებს. მისი ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მანამდე იბრძოლებს, ვიდრე ხელისუფლება 2 ნოემბრის არჩევნებში “ნაციონალების” გამარჯვებას არ აღიარებს. “თუ ხალხის არჩევანს უგულებელყოფს, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად, შევარდნაძის ხელისუფლება არსებობას შეწყვეტს,” – არწმუნებდა გუშინ ფილარმონიაში შეკრებილ მრავალრიცხვოვან აუდიტორიას “გაერთიანებული დემოკრატების” გენერალური მდივანი გოკა გაბაშვილი. “ნაციონალებსა” და “დემოკრატებს” რადიკალიზმში ტოლს არ უდებს “ერთობის” თავკაცი, რომელსაც შევარდნაძესთან ძველი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. “გამოვიდეს ეს მამაცი პრეზიდენტი ხალხის წინაშე და ჩემთან ერთად დადგეს ხალხის, ერის სამსჯავროზე,” – პოლიტიკურ დუელში იწვევს ერთ დროს თავის პარტიულ კოლეგას ჯუმბერ პატიაშვილი.
ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, როგორც ჩანს საქმე მუქარის იქით არ წავა. მანამდე კი, “ყოველი შემთხვევისთვის”, ოპოზიცია თავისი რესურსების “ინვენტარიზაციას” ატარებს: მას კარგად ესმის, რომ ოპოზიციურ დედაქალაქს მყარი ზურგი სჭირდება და ამიტომ რეგიონებში მუშაობას ააქტიურებს. მით უმეტეს, ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს ცენტრსა და პერიფერიებს ერთმანეთთან “კონტაქტზე გასვლაში ხელი შეუშალოს. გუშინ ფილარმონიაში გამართულ თავყრილობაზე არა ერთხელ აღინიშნა, რომ პოლიცია მობილიზებულია და რაიონებიდან დაძრულ ხალხს თბილისისაკენ არ უშვებს.
როცა ხალხი ვერ მიდის ლიდერებთან, მაშინ ლიდერები მიდიან ხალხთან – “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი გუშინ რუსთავში, ხოლო “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ქუთაისში გაემგზავრა. თბილისის დატოვების წინ სააკაშვილმაც და ბურჯანაძემაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. პირველი მათგანი ირწმუნება, რომ “შევარდნაძისთვის გამზადებული აქვს 14-ლარიანი პენსია და თუ პრეზიდენტი ჭკუაზე არ მოეგება, ამ პენსიას უკვე ხვალიდან მიიღებს.” თავის მხრივ, დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე მთლიანად შევარდნაძეს აკისრებს და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ჩაბმულ თანამოაზრეებს სიმტკიცის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
“ნაციონალებსა” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შორის ,,მეგობრული ურთიერთობის დამყარების” თაობაზე ,,საზოგადოების აზრით” ინტერესდება ზ. ჟვანია ფილარმონიაში. თავის კითხვაზე პასუხად ტაშის მიღების შემდეგ, ,,გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე აცხადებს: ,,შევარდნაძის გათვლა, რომ დაგვშლიდა და დაგვაქუცმაცებდა, არ გამართლდა.”
ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე, მართალია, ფრთხილად, მაგრამ მაინც გაიჟღერა 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების არცნობისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეამ. ამ წინადადებას, ჯერჯერობით, არც თუ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს – ბოლოს და ბოლოს, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჟვა და თუ ხელისუფლება ამ წარმატებას აღიარებს, რაც არ უნდა მაღალი იყოს გაყალბების ხარისხი ამ შემთხვევაში, ახალ არჩევნებზე საუბარი უკვე აზრს დაკარგავს. |