ეკა კვესიტაძე

,,24 საათი”. 2003 წ. 10 ნოემბერი. გვ A1-A3

 

 

ფუჭი შეხვედრა

 

“პრეზიდენტმა აქ დროის გასაყვანად მოგვიყვანა. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ქართველი ხალხი აბუჩად აიგდოს. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოში ასლან აბაშიძის, მამალაძის, რჩეულიშვილის პრორუსული რეჟიმი დააკანონოს. ამიტომ მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, რომ გააგრძელოს საპროტესტო აქციები ამ რეჟიმის წინააღმდეგ,” – ასეთი განცხადებით დატოვა მიხეილ სააკაშვილმ გუშინ კრწანისის რეზიდენცია, სადაც პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკება ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი შეხვედრიდან დროზე ადრე, მარტო გამოვიდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, რომლებნიც შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე წუთი დარჩნენ, ნაკლებ კატეგორიულები იყვნენ, თუმცა ისინიც ცალსახად აცხადებდნენ, რომ შევარდნაძესთან მოლაპარაკებები აბსოლუტურად უშედეგოდ, ყოველგვარი კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დამთავრდა.

 

შევარდნაძე აშკარად არ იყო მზად ამ შეხვედრისთვის და, შესაბამისად, ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მწვავედ დავსვით და დავუსაბუთეთ პრეზიდენტს ჩვენი პრეტენზიები, მაგრამ ვერცერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ... აქციის დაშლა გამორიცხულია, რადგან არც ერთი ის პრობლემა არ მოხსნილა, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა,” – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

 

თავად პრეზიდენტი გაცილებით უფრო რბილი იყო თავის შეფასებებში და ჟურნალისტებთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ მან ბევრი რამ საინტერესო გაიგო ამ შეხვედრიდან; რომ, მართალია, სააკაშვილზე გაბრაზდა და ამიტომ ხმას აუწია, მაგრამპირადად მასთანაც აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას

 

შევარდნაძე ისევ დაუსრულებლად საუბრობდა “სამუშაო ჯგუფის” შექმნაზე, რომელიც ოპოზიციის კონკრეტულ შენიშვნებს შეისწავლიდა და გამოიკვლევდა. ანუ საუბრობდა იმ გაცვეთილი ფრაზებით, რომელიც ამ ხელისუფლებისაგან, უკვე წლებია, გვესმის და რომელიც უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ მთელი ეს სახელისუფლებო რიტორიკა სრული ბლეფია და რომ არაფრის რეალურ გამოკვლევაზე და შესწავლაზე არ არის ლაპარაკი.

 

გუშინ პრეზიდენტი თავს იმით იმართლებდა, რომ მას კომპეტენცია არ ჰყოფნის საიმისოდ, რათა ყველა დეტალი კარგად ესმოდეს და ყველაფერში ერკვეოდეს. მაგრამ ის აღარ უთქვამს, რომ აჭარაში, ქვემო ქართლში და სხვა რეგიონებში ტოტალურად გაყალბებული არჩევნები სიებიდა ამოღებული ათასობით ადამიანი დეტალები არ არის და, შესაბამისად, სწორი დასკვნების გამოტანა არ არის ძნელი.

           

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, შევარდნაძეს გუშინ ეტყობოდა, რომ უკან დასახევ გზებს იტოვებს მანამ, სანამ მის ხელთ არსებულ რესურსს არ ამოწურავს. ეს რესურსები კი მას ჯერ კიდევ აქვს.

           

დღეს პრეზიდენტი ბათუმში ჩასვლას და ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებებს აპირებს. ის აცხადებს, რომ მათი საუბარი დაახლოებით, საათნახევარი გაგრძელდება, მაგრამ პრეზიდენტი კატეგორიულად არიდებს თავს იმის თქმას, თუ რა იქნება ამ საუბრის მთავარი თემა.

           

საქართველო... საქართველო. აჭარის როლზე საქართველოს განვითარებაში. არჩევნებზეც ვისაუბრებთ, “ – ასეთი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება შევარდნაძე ძალიან კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს – რატომ, რა მიზნით ჩადის ის დღეს ბათუმში.

           

სამაგიეროდ, ოპოზიციას აქვს თავისი, ძალიან კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე – რუსეთისა და ასლან აბაშიძის დახმარებით პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს, რომ მოახდინოს ოპოზიციის ნეიტრალიზაცია და დააკანონოს ეს გაყალბებული შედეგები. გადაწყვეტილი აქვს, ხვალ ასლან აბაშიძესთან შეკრას პირი და მასთან ერთად ერთობლივი რეჟიმი დაამყაროს საქართველოში. ამისთვის რაღაც გარანტიები მოსკოვიდანაც მიიღო.”