თამარ ხორბალაძე

,,24 საათი”. 3 ნოემბერი. 2003 წ. გვ A1-A3

 

 

 

გაბედავს ხელისუფლება ხალხის ნების გათელვას?

გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვებას ზეიმობდა.

ზეიმობდა მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა ძალიან ღიად და საკმაოდ უცერემონიოდ გააფრთხილა: ,,ჩვენ არჩევნები ,,მოგებული” გვაქვს 32 პროცენტით. თუ გაპროტესტებას შეეცდებით, ყველას დაგაპატიმრებთ”.

ეს მუქარა თავად თავად მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა მას შემდეგ, რაც ,,რუსთავი-2”-ის ეთერში ეგზითპოლების შედეგები მოისმინა, რომლის თანახმადაც ,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე გასულ სახელისუფლებო პარტიას კი მასზე, სულ მცირე, 50 პროცენტით ნაკლები ხმა აქვს მოპოვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეგზითპოლი გარკვეულ ცდომილებებს თავის თავში გულისხმობს, ცხადია, რომ ამ სურათის რადიკალურად შესაცვლელად არ არის საკმირისი ,,მცირედი” ან ,,ცოტა უფრო მეტი” გაყალბება. ამ სურათის შესაცვლელად და იმ ,,30 პროცენტიანი გამარჯვების” უზრუნველასაყოფად ხელისუფლების ძალადობა ყველა საზღვარასა და ფარგლებს უნდა გასცდეს.

,,მე მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელმაც მხარი დაგვიჭირა... ასეთი გამარჯვება საქართველოს ,,მრგვალი მაგიდის” გამარჯვების შემდეგ არ ახსოვს,” – ამბობდა მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მოისმინა ეგზითპოლის შედეგები და გრიბოედოვის თეატრში შეკრებილი მხარდამჭერების აღტაცებული შეძახილები.

მომხრეები გუშინ ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. ქალაქის ცენტრსაც ჩამოუარეს – ტრადიციული დროშების ფრიალით... და დაიშალნენ:

 ,,წავალთ სახლებში და არჩევნების შედეგებს დაველოდებით. თუ ხელისუფლებამ ნამუსზე ხელი აიღო და მუქარის ასრულება გაბედა, მაშინ ჩვენი იმედი გქონდეთ...” – ამ იმედით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს ,,ნაციონალების” მომხრეები.

ეჭვი, რომ ხელისუფლება თავისი თავის დასაცავად ყველაფერზე წავა, ამ ზეიმსაც ახლდა და, გარკვეულწილად, აფერმკრთალებდა.

ეჭვი, მუქარებთან ერთად, იმ ფაქტმაც გააძლიერა, რომ საქართველოს ძალოვანები გუშინ გადატრიალებაზე ალაპარაკდნენ, იარაღიც ,,ამოიღეს”, მუქარებიც გააჟღერეს.

ეჭვს აძლიერებდა ისიც, რომ სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლები გუშინ ,,შეთქმულებივით” იმეორებდნენ, რომ ,,ხვალ ოპოზიცია ნახავს არჩევნების რეალურ შედეგებს.”

ეჭვს კვებავდა საქართველოს პირველ არხზე გავრცელებული ეგზითპოლების შედეგებიც, რომლითაც ხელისუფლება საზოგადოებას სამთავრობო ბლოკის გამარჯვებისთვის ,,ამზადებდა”.

ეს ყველაფერი მთლიანად ოპოზიციის შედეგს, რომელსაც ნებისმიერი გამოკითხვით, პარლამენტში უმრავლესობა აქვს მოპოვებული, სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს.

გუშინ საღამოს სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლების უცერემონიობა ცხადყოფდა, რომ ხელისუფლება სკამების შესანარჩუნებლად ყველაფრისათვის მზადაა. მთავარი ახლა ის გახლავთ, ეყოფა თუ არა მას გონიერება, რომ ქართველი ამომრჩევლის აზრი ხელაღებით არ უგულებელყოს...