|
|
|
,,იზვესტია”2003 წლის 15 ნოემბერი ,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ. 18 ნოემბერი. გვ 1-4.
ასლან აბაშიძე: გადატრიალება არ უნდა დავუშვათ აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის ბლიც-ტურნეს საბოლოო პუნქტი, რომელიც ამ კვირაში ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს, მოსკოვი გახდა. საქართველოში პარლამენტის არჩევნების შემდგომ მაშინვე დაწყებული ცხარე პოლიტიკური კრიზისის დროს, ასლან აბაშიძე შეეცადა მხარდაჭერისათვის მეზობლები შეეპირებინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურთან იგორ ივანოვთან სასტუმრო "მეტროპოლში" გუშინდელი მოლაპარაკების წინ გაიმართა ასლან აბაშიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის ორსაათიანი შეხვედრა. იმაზე, თუ როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში, ასლან აბაშიძემ ილაპარაკა "იზვესტიის" მიმომხილველის ელენე ლორიასათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. - ბატონო ასლან, შეიძლება თუ არა ოპოზიციასთან მოლაპარაკება? - ისინი ამას არ მოისურვებენ, რადგან მათ გარკვეული მიზნები აქვთ. ყველაფერი უკვე გაცხადებულია - არის პროექტი, არის მისი დაფინანსება. - ძალისმიერი მხარდაჭერა ოპოზიციას აქვს? - მათ სავსებით შეუძლიათ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სამხედროები გამოიყვანონ და ამით ყველაფერი დამთავრდება. ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით 90-იანი წლების დამდეგს. მხედველობაში მაქვს გამსახურდიას მმართველობის პერიოდი. ყველაფერი ამას ძალიან წააგავს. - კარგად არის ცნობილი, თუ რით დამთავრდა ყველაფერი მაშინ. განმეორდება თუ არა სცენარი, შეიარაღებული დაპირისპირება? - ამისაკენ მივდივართ. მაშინ ათიათასობით მოკლული და ეკონომიკის სრული კოლაფსი მივიღეთ. როცა ყოველივე ეს დაიწყო, უფრო ყურადღებიანად უნდა განგვეჭვრიტა უახლოესი მომავალი, მე არ ვლაპარაკობ ისტორიულ მომავალზე. მაშინ, 90-იანი წლების დამდეგს, შევეცადე როგორღაც შემეჩერებინა ეს. და მაშინაც იგივე მოვიმოქმედე, რასაც ახლა ვაკეთებ… მაგრამ, მაშინ ყველაფერი კი არ ვიღონეთ, არამედ დრო გავუშვით ხელიდან. - ახლა არის შანსი, რომ არ გავიმეორეთ წარსული შეცდომები? - მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი მეზობელი, რომ მათ შეუძლიათ ჩაერთონ დიალოგში და არ დაუშვან გადატრიალება საქართველოში. როცა კაცი, რომელსაც ორი თუ სამი ათასი მომხრე ჰყავს და სურს გადააყენოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, იგი უნდა შევაჩეროთ. იმიტომ, რომ ხვალ მოვლენ იგივე ადამიანები, როგორიც სააკაშვილია და მომავალი თაობა იმავე გზით ივლის. - რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი დაეხმარებიან საქართველოს? ნამდერად ნაყოფიერი იყო თქვენი შეხვედრები? - მე უკვე ველაპარაკე ორ პრეზიდენტს – ქოჩარიანსა და ალიევს – საქართველოში სექმნილი სიტუაციის შესახებ და ისინი ძალიან შეშფოთებული არიან. ყველა დამეთანხმა, რომ გადატრიალება არ უნდა დავუშვათ. მადლობელი ვიქნები ღმერთის, თუ ჩემი სიტყვები არ გამართლდება! მაგრამ თუ პრეზიდენტს დაამხობენ, ვფიქრობ, იგივე სცენარი აუცილებლად განმეორდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა რესპუბლიკებში. იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა ვდგებით ფეხზე. თუ საქართველოში გადატრიალება ან სამოქალაქო ომი დაიწყო, მშვიდობა აღარ იქნება მთელ ამიერკავკასიაში. - როგორ მოხდა, რომ სააკაშვილმა ასეთი პოლიტიკური წონა შეიძინა? 20 პროცენტი ცოტა არ არის… - არა მგონია, რომ მან მართლაც მოაგროვა 20 პროცენტი. სააკაშვილსა და მის მომხრეებს ეშინიათ, რომ ხმების ხელმეორედ დათვლის დროს რეალური სურათი შეიქმნება. მათ ეს არ სჭირდებათ. მათ უნდათ ფალსიფიცირებული, გაზრდილი ხმები. და ისინი დღენიადაგ გამოდიან ტელევიზიით და ამწვავებენ ვითარებას. - როგორ განმარტავთ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ შევარდნაძე გაგირიგდათ და რომ თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ მისი ადგილი?
- წარმოიდგინეთ, ვთქვათ, თქვენი მთავარი რედაქტორი შეხვდეს თავის მოადგილეს და რაღაც განიხილოს მასთან, ვიღაცამ კი თქვას: ,,რატომ შეხვდით ერთმანეთს, ჩვენ რატომ არაფერს არ გვეუბნებით?” ეს იგივეა.
- ესე იგი თქვენ მშვიდად შეხვდით ბრალდებას, თითქოს გარიგებულიყავით? - ის ავადმყოფი ადამიანები არიან, ხატოვნად რომ ვთქვათ, ისინი ვერტმფრენით აიყვანეს ევერესტზე. სხვათა შორის, სწორედ ახლანდელმა პრეზიდენტმა აიყვანა და ახლა მათ ძალიან უჭირთ იქიდან დაშვება. ისინი აუცილებლად კისრებს მოიტეხავენ. მაგრამ, მათ არა თუ არ სურთ მიატოვონ საპატიო ადგილები, არამედ ცდილობენ უფრო მაღლაც აძვრნენ. - თუ ყველაფერი ეს მშვიდობიანად დამთავრდა, ეტყობა, უკვე დროა შევარდნაძემ მემკვიდრე მოამზადოს… - თუ ამას გადაკვრით ჩემზე ამბობთ, ახლა ვერც კი წარმომიდგენია, მივიღებ თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის არჩევნებში, დღეს იმდენად მომაბეზრა თავი ამ პოლიტიკამ! - წინა არჩევნების დროს რატომ მოხსენით თქვენი კანდიდატურა? - მე რომ პრეზიდენტობაზე კენჭი მეყარა, მაშინ რეალურად შეიძლებოდა სამოქალაქო ომი დაწყებულიყო… ასეთი სცენარი რომ არსებობდა, მე ერთ-ერთმა ძალისმიერმა მინისტრმა გამაფრთხილა. ამიტომ ხელი ავიღე ბრძოლაზე და ვთქვი: ,,ნუ იომებთ, ჩემს კანდიდატურას მოვხსნი – მეთქი”. - შეიძლება თუ არა დღევანდელი დაპირისპირება სამოქალაქო ომით ან გადატრიალებით დასრულდეს? - ცუდის გამორიცხვა არ შეიძლება. ახლანდელი სიტუაცია სპონტანურად არ დაწყებულა. მიმდინარეობს ოპოზიციის დიდი დაფინანსება. ჩვენი ანალიტიკოსების გამოანგარიშებით, დღეში მარტო ტელერეკლამისათვის სააკაშვილი 109 ათას დოლარს ხარჯავს. არადა, არის გაზეთები, ქუჩის აგიტაცია, ბევრი სხვა რამ. - ასე მგონია, ახლა წყდება საკითხი, მომავალში რა გზით წავა საქართველო. ოპოზიციას ხომ მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, ოფიციალური რეჟიმის მხარეზე კი რუსეთია. - საქართველოს თავისი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. მაგრამ საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ თუ მეგობრულად არ იქნება რუსეთთან და მეზობელ სახელმწიფოებთან, არაფერი გამოუვა. დიახ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შროის, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, მაგრამ არა მეზობლების საზიანოდ. ამასთან, ყველაზე დიდი შეღავათიანი პირობები უნდა მივანიჭოთ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ ამ რეგიონში შემოვიდნენ თავიანთი ინტერესების რეალიზაციისათვის. თუ ჩვენ შემხვედრ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ქვეყნები, რომლებსაც სურთ ჩვენს რეგიონში შემოსვლა, ამას სულ ერთია მაინც გააკეთებან, მაგრამ ეს უკვე ჩვენთვის საზიანო იქნება. - რას გიკარნახებთ თქვენი ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება, დარჩება შევარდნაძე ქვეყნის პრეზიდენტად? - რაც შეეხება ინტუიციას, უბრალოდ, გრძნებებია. ისინი ეფემერულია. მაგრამ შიში ხვალინდელი დღისათვის მაქვს. მგონია, რომ ჩვენი ხალხი უბრალოდ ბედნიერია. რადგან მას იმ ინფორმაციის მეასედიც კი არ აქვს, რომელსაც ჩვენ ვფლობთ. ჩვენ თუ დავძლევთ იმას, რაც ამ კვირაში და მომავალ კვირაში იქნება, მაშინ საქართველოს მიეცემა შანსი იცხოვროს მშვიდობით. მაგრამ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. |