თამარ ხორბალაძე

,,24 საათი”. 2003წ. 13 ნოემბერი. გვ. A1-A3

 

 

,,გაფუჭებული ტელეფონი” ქართულ პოლიტიკაში

 

სახელმწიფო კანცილარიაში ოპოზიციას შუადღიდან, ანუ აშშ- ელჩის განცხადების მომენტიდან ,,ელოდნენ”. ყოველ შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში როგორც კანცელარია, ისე ჟურნალისტები ლოდინის რეჟიმში იყვნენ გადაყვანილნი და კანცელარიის ლიფტების მისადგომებთან არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური მასმედიაც საგულდაგულოდ იყო ,,გამაგრებული”.

 

რიჩარდ მაილსის კვალდაკვალ სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებიც ადასტურებდნენ, რომ ,,შეხვედრა დღეს უნდა შემდგარიყო.” მეტიც რჩეულიშვილმა დააკონკრეტა, რომ ჯერ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად გია ყარყარაშვილი მივიდოდა, შემდეგ კი მათ პრეზიდენტი შეხვდებოდა და ლამის უპრეცედენტო დათმობებზეც ჩამოაგდო სიტყვამათ შორის, აჭარის ლიდერის მხრიდანაც.

 

საღამოს ექვსი საათისთვის ჟურნალისტების მობილიზაცია ახალ ფაზაში გადავიდა – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა ჟურნალისტების სიების შედგენა დაიწყო, რათა მათთვის შეხვედრის პირველი წუთების დაფიქსირების საშუალება მიეცა.

 

შვიდი საათისთვის კანცელარიაში ,,სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაინტერესება გამოხატა და მანაც კანცელარიაში პარალელური დათვლის შედეგები და ის მეთოდი წარმოადგინა, რომლითაც ასეთი შედეგები იყო მიღებული.

 

დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის ჟურნალისტებთან ისევ გამოჩნდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ისევ დაადასტურა ხელისუფლების მხრიდან დათმობისთვის მზადყოფნა და ისევ თქვა, რომ გია ყარყარაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრა მოსალოდნელი იყო. თავად კი როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, აჭარაში გაემგზავრა.

(საინტერესო დეტალი – როგორც ,,24 საათისთვის” გახდა ცნობილი, ამ პერიოდამდე ოპოზიციის ლიდერებთან არც საქართველოს პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის დროის შესახებ იყო ინფორმაცია მისული და არც გია ყარყარაშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ შეთავაზება).

 

ცხრის წუთებზე უკვე ოპოზიცია ადასტურებს, რომ გია ყარყარაშვილმა მათთან შეხვედრა ითხოვა.

ცხრა საათისათვის ეს შეხვედრა იწყება საქართველოს პარლამენტში.

 

ამავე პერიოდში სახელმწიფო კანცელარიის ლიფტებთან ვანო ზოდელავა აკეთებს განხადებას იმის თაობაზე, რომ ნახევარ საათში საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება.

 

პარლამენტში კი შეხვედრიდან პირველი, უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, გამოდის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე მესიჯს ,,აჟღერებს” – ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი დროს წელავს; რომ ასლან აბაშიძე სომხეთში სამცხე-ჯავახეთისა და აწარის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივას განიხილავდა; რომ შევარდნაძე აბაშიძეს თბილისს უმზადებს...

აქვე კი კომენტარს აკეთებს ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრის შესახებ (ამ შეხვედრის ფაქტი გუშინვე რიჩარდ მაილსმა გაახმოვანა) და ამბობს, რომ აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის თხოვნით იგი შეხვდა ჯორბენაძეს და ამ ოპიოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნო.

 

ამ მოვლენების სინქრონულად, კანცელარიის ლიფტებთან ბრიფინგს მართავს პრეზიდენტის პრეს-მდივანი და ამბობს, რომ ათის ნახევრიდან პრეზიდენტის ოთახში ოპოზიციას ედუარდ შევარდნაძე, ცეესკოს ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი და სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ელიან. (საინტერესო დეტალი – ნანა დევდარიანის სახელმწიფო კანცელარიაში შემოსვლის ფაქტი ვერ დააფიქსირეს ჟურნალისტებმა, რომელთაც პრეზიდენტის პერსონალური შესასვლელის გარდა ყველა ოფიციალური შესასვლელ-გამოსასვლელი კონტროლზე ჰყავთ აყვანილი).

 

საქართველოს პარლამენტში ამ ინფორმაციას ჟურნალისტებს არავინ უდასტურებს. ამ დროს შეხვედრას პარლამენტში ტოვებს გია ყარყარაშვილი, რომელიც ამბობს, რომ იგი ამ შეხვედრაზე წარმოადგენდა საკუთარ თანამოაზრეებს და არა – სახელისუფლებო ბლოკს. ამბობს იმასაც, რომ იგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლის საკისრებლად არ მისულა პარლამენტში.

 

საღამოს თერთმეტის ნახევრისთვის ჟურნალისტებს კანცელარიის პრეს-სამსახური საქართველოს პრეზიდენტის სატათბირო ოთახში ეპატიჟება, რათა თვალნათლივ დაადასტუროს, რომ პრეზიდენტი, ცეესკოს ხელმძღვანელი და სახელმწიფო მინისტრი უშედეგოდ ელოდნენ ოპოზიციას.

 

უკვე ამის შემდეგ სატელევიზიო ეთერში გამოჩენილი მ. სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ოპოზიციამ ამ შეხვედრამდე 40 წუთით ადრე შეიტყო, ამბობს იმასაც, რომ მათ სამ-სამი დეპუტატის ,,წამატებაზე” ევაჭრებოდნენ და აცხადებს, რომ ასეთ საკითხებზე ოპოზიცია ხელისუფლებას არ შეხვდება. თუმცა, აქვე იგი ამბობს იმასაც, რომ თუ პრეზიდენტი აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, იგი მზადაამას ნებისმიერ ტერიტორიაზე შეხვდეს.

 

გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, რომლებიც გია ყარყარაშვილის წასვლის შემდეგ, თანაბლოკელებთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში თათბირობენ და დახლოებით ღამის პირველის ნახევრისთვის აცხადებენ, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებს ისინი დღეს გააკეთებენ.