,,24 საათი”. 2003წ. 22 ნოემბერი. გვ. A1-A2

 

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადება დასავლეთ საქართველოდან თბილისში დაბრუნების შემდეგ

გიორგობის დღე საქართველოსთვის უნდა იყოს გამარჯვების დღესასწაული

 

გუშინდელი დღიდან, წალენჯიხიდან და ლაგოდეხიდან, მარნეულიდან და რუსთავიდან, ათი-ათასობით ჩვენი თანამემამულე საქართველოს დედაქალაქის თბილისის და, მთლიანად, თავიანთი სამშობლოს გასათავისუფლებლად დაიძრა. მე გამოვყევი ამ ხალხს და მინდა ვთქვა, რომ დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე არასოდეს მინახავს ამდენი იმედიანი, ამდენი აღფრთოვანებული, გამბედავი, გაცისკროვნებული სახე. საქართველო დადგა ფეხზე, საქართველო აღდგა საკუთარი ღირსების, საკუთარი მომავლის დასაცავად. დღეს ჩვენ საქართველოში საქმე გვაქვს ევროპული ტიპის ხავერდოვან, უსისხლო, დემოკრატიულ, საერთო-სახალხო რევოლუციასთან. ამ რევოლუციის მიზანი არის პრეზიდენტ შევარდნაძის უსისხლო გადაყენება, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის დემოკრატიული გზის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ჩვენი ღირსების აღდგენა, საქართველოს მომავლის დაბრუნება. მე მინდა მივმართო ჩვენს დებს, ძმებს, დედებს, მამებს, შვილებს – დღეს გადამწყვეტი დღეა ჩვენი ერისთვის. დღეს მთელი მსოფლიო შემოჰყურებს საქართველოს. შევარდნაძის კორუმპირებული, ძირგამომპალი რეჟიმი ყოველმხრივ იზოლირებულია და დაგმობილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ქართველ ერს შეჰყურებს მსოფლიოს ყველა დედაქალაქი, საერთაშორისო ტელეკომპანიები მოვლენილია თბილისში და გადასცემენ ჩვენი ააღტკინების, ჩვენი ერთიანობის ზეიმს.

 

მინდა მივმართო ჩვენს ძმებს აჭარიდან, თქვენ გმართავთ დესპოტური ტირანული ასლან აბაშიძის რეჟიმი. მჯერა, რომ აბაშიძე ვერ გამოგიყენებთ თქვენ დანარჩენი თქვენი ძმების წინააღმდეგ და ვერ გაგაკეთებინებთ იმას, რაც მას და შევარდნაძეს სურთ – ჩამოაგდონ შუღლი აჭარლებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აჭარაც, ქართლიც, იმერეთიც, სამეგრელოც, კახეთიც და საქართველოს ყველა სხვა კუთხე დღეს აბსოლუტურად ერთიანია.

 

მინდა მივმართო პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს, დღეს ქვეყანაში მიდის უსისხლო, დემოკრატიული, მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუცია. გადმოდით თქვენი ხალხის მხარეს. მე ვხედავდი, როგორ გეგებებოდნენ პოლიციელები. მათ, მიუხედავად მათი უფროსების, ნარჩემაშვილის და შევარდნაძის ბრძანებისა, მოხსნეს ბარიკადები, გვიქნევდნენ ხელს, გვიღიმოდნენ, გვესალმებოდნენ. ქართველი პოლიცია დადგა ხალხის მხარეს. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც გაბედავს ხელი აღმართოს საკუთარ ხალხზე და, მით უმეტეს, ესროლოს. და თუკი ამას ვინმე გეგმავს და თუკი ამას ვინმე გაბედავს, არ ვურჩევ მას მერე დედამიწის ზურგზე სიარულს. რისხვა, რომელიც მას დაატყდება, გაჰყვება მრავალ მის შთამომავალს. ნამდვილად არ ვურჩევ ამას არავის.

 

დღეს ჩვენი ერთიანობის დღეა. ჩვენ ვიწყებთ გამოსვლებს თავისუფლების მოედანზე. მთელი თბილისი, მთელი საქართველო უნდა დაგეს აქ. ამ წვიმაში, თოვლში, გაუსაძლის პირობებში, თუკი რაიმე მოძრაობდა და ტრანსპორტი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ყველა დაჯდა და დედაქალაქისაკენ წამოვიდა. მაგრამ, მთავარი სიტყვა ქვეყნის გასათავისუფლებლად, იმ პირობებში, როცა რაიონებიდან ყველა ვერ წამოვიდა,  უნდა თქვას საქართველოს დედაქალაქის თითოეულმა მკვიდრმა. დავდგებით ყველანი ერთად, ძმებო და მეგობრებო, ვიქნებით ბედნიერები და თავისუფლები. თუ დავუხრით თავს, მრავალი წელი და ათწლეული გვექნება სანანებლად, რომ დღეს დავუთმეთ ამ დესპოტურ, ძირგამომპალ რეჟიმს. დღეს წყდება ყველა ჩვენგანის ბედი, ყოველი ქართული ოჯახის ბედი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედი. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, ვერავინ ვერ გაბედავს თქვენს წინააღმდეგობას. მინდა მოგიწოდოთ, მოხვიდეთ თავისუფლების მოედანზე, რა ამინდიც არ უნდა იყოს, ცაც რომ ჩამოიქცეს, წვიმაც რომ იყოს, ქარიც რომ იყოს, თოვლიც რომ იყოს, მოდით, იმიტომ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დღე. ერთი დღე გავიჭირვოთ და გარწმუნებთ – თქვენ იცხოვრებთ ბედნიერ საქართველოში.

 

23 ნოემბერს არის გიორგობა და ეს დღე ჩემთვის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეა.. დღეს სიკეთე არის ქართველი ხალხის მხარეზე. დღეს ღმერთი არის ჩვენთან. დღეს ბოროტების განსახიერებაა ის კორუმპირებული, თქვენი აბუჩად ამგდები რეჟიმი, რომელიც დგას მეორე მხარეს. ჩვენ პიროვნულად არავის ვუპირისპირდებით, მაგრამ პრეზიდენტი შევარდნაძე უნდა გადადგეს და წავიდეს ყოველგვარი სისხლის და დაძაბულობის გარეშე.

 

მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც მას გარშემო არტყია:  თუ ახლა წინააღმდეგობას არ გაწევენ, თუ არ იქნებიან მისი დანაშაულის თანამონაწილენი, ჩვენ არავის დავუპირისპირდებით. ჩვენ არავის არაფერს დავუშავებთ, მაგრამ იცოდნენ, რომ თუ ისინი აღმართავენ ხელს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათი დანაშაული იქნება მკაცრად დასჯილი. ახლა მათთვისაც გადაწყვეტილების მიღების დღე და მომენტია. ჩვენ ყველანი უნდა შევიკრიბოთ, გიორგობის დღე საქართველოს უნდა გაუთენდეს თავისუფლების პირობებში. გიორგობის დღე საქართველოსთვის უნდა იყოს გამარჯვების დღესასწაული. ჩვენ დღეს და ხვალ მოვიპოვებთ ჩვენს მომავალს, ჩვენს თავისუფლებას. აღვიდგენთ ჩვენს ღირსებას და დავუმტკიცებთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ, ქართველები და, მთლიანად, საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე ძლიერი და თავისუფალი, წარმატებული და დიდი მომავლის მქონე ხალხი ვართ. ღმერთი ჩვენთან არის. სიმართლე ჩვენს მხარეზეა. გამარჯვება იქნება ჩვენთან!