|
|
სოფო ბუკია,,24 საათი”. 2003 წ. 10 ნოემბერი. გვ A1-A3
საღამოს 10 საათისთვის პარლამენტის შენობის წინ გამოსული ათასობით ადამიანი გაერთიანებული ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის შედეგებს ელოდებოდა. ასი ათასობით ადამიანი ამ შეხვედრას ტელევიზიის მეშვეობით ადევნებდა თვალს. არასოდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ასე მნიშვნელოვანი არ ყოფილა საქართველოსთვის, როგორც გუშინ საღამოს იყო. პრეზიდენტმა გუშინაც ხალხისგან შორს ყოფნა არჩია.
,,ამ შეხვედრის იმედი არ მაქვს. პრეზიდენტის იმედი რომ მქონოდა, აქ კი არ ვიქნებოდი. რა დამავიწყებს დღევანდელ დღეს – დღეს დილით პრეზიდენტს თვალებში ჩავხედე და ისე დავიყვირე: გადადექი – მეთქი... პირველმა მე დავიყვირე, შემდეგ მთელი ხალხი ამყვა,” – ამბობს თბილისელი გელა კობახიძე.
,,ამოდენა ხალხი ქუჩაში ვართ გამოსული. თუ ის მართლა ამ ქვეყნის პრეზიდენტია, რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს,”- გვითხრა ნაირა ჩხეიძემ.
,,არ უნდა წასულიყვნენ მაგასთან შეხვედრაზე, ეგ იმის ჩიტი არ არის, რომ ხალხის ნება ყურად იღოს. ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გავრცელდეს მშვიდობიანი მიტინგები, ფეხი არ უნდა მოვიცვალოთ აქედან,” – ამბობს ჯუმბერ კეკუტია, რომელიც გუშინდელ აქციას შვილთან ერთად ესწრებოდა.
წვიმის, სიცივისა და გვიანი ღამის მიუხედავად, მომიტინგეები მშვიდად ელოდნენ კრწანისის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შედეგებს. ამ შეხვედრის დეტალები მომიტინგეებმა ჯერ ,,რუსთავი-2”-ის ეთერით შეიტყვეს, შემდეგ კი მიტინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გამოჩნდნენ.
,,არც ერთი თქვენი მოთხოვნა დღეს პრეზიდენტმა ყურად არ იღო... თურმე, პრეზიდენტს დღეს არავინ არ ემორჩილება, არც შინაგან საქმეთა მინისტრი, არც სახელმწიფო მინისტრი; თურმე, პრეზიდენტს დღეს არაფერი ეხება. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ის არ აგებს პასუხს საქართველოში არაფერზე. მე ვერ მოვატყუებ დღეს აქ შეკრებილ ათასობით ადამიანს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრისას კონსტრუქციული იყო, მან უკვე მერამდენედ აიგდო აბუჩად ქართველი ხალხი. მე მოგიწოდებთ თქვენ, გაგრძელდეს ჩვენი საპროტესტო გამოსვლები, მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა ტელევიზორს უყურებს, თითოეულ ქართულ ოჯახს, ყველას, ვისაც გული ერჩის, ვინც ნამდვილი პატრიოტია, ვინც ვერ უყურებს გულგრილად ხაზარაძეების, რჩეულიშვილების, მამალაძეების ბოგინს საქართველოში: გამოდით ჩვენთან, შემოგვიერთდით, დადექით ჩვენს გვერდზე, რათა ისევ არ გადაგვიარონ, არ ამოგვსვარონ ტალახში, არ შეურაცგვყონ, საბოლოოდ არ გაანადგურონ საქართველო... არც მისცეთ ამის ნება, ხალხო. თუ არ გინდათ, რომ საქართველოში ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის ერთობლივი პრორუსული რეჟიმი დამყარდეს, შემოუერთდით ჩვენს მშვიდობიან პროტესტს! ბვალ საქართველოს პრეზიდენტი მიემგზავრება ასალან აბაშიძესთან, რათა მასთან მოილაპარაკოს მომავალ სამოქმედო გეგმებზე. შევარდნაძე უკვე დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს და აიღო მისგან გარკვეული გარანტიები... ჩვენ არავისთან არ გვინდა ცუდი ურთიერთობა, მაგრამ, მინდა, მივმართო რუსეთს – ნუ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ! მითხარით, ხალხო, გინდათ ასეთი პრეზიდენტი?” – ძნელი მისახვედრი არ არის, რა უპასუხა სააკაშვილის მიერ დასმულ კითხვას პარლამენთან შეკრებილმა საქართველოს ათასობით მოქალაქემ. ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ბოდიში მოუხადა მომიტინგეებს, რომ ორსაათნახევარი ტყუილად დაკარგა და ამ ხნის განმავლობაში კრწანისში იყო და არა ხალხთან.
,,მე არ შემიძლი, ჩემი გულისტკივილი, აღშფოთება არ გამოვხატო თქვენს წინაშე – დღეს, თურმე, საქართველოს პრეზიდენტს არც ერთი ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, რამაც თქვენ ამ სუსხიან, წვიმიან ამინდში აქ გამოგიყვანათ. დღე პრეზიდენტს და საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს კონკრეტული პასუხები თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ჩვენ ამ ციხიდან, ამ მძიმე ვითარებიდან. ალბათ, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენ თვითონ მოგვიწევს, ჩვენ თვითონ მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. დიდი მადლობა იმ თანადგომისთვის, რასაც ჩვენ ყოველ წამს ვგრძნობთ თქვენგან. ეს თანადგომა და ერთად ყოფნა ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს,” – კრწანისში შეხვედრის შემდეგ, ამ სიტყვებს იტყვის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ,,დღეს პრეზიდენტმა არ გაგვცა პასუხი არც ერთ კონკრეტულ საკითხზე, უმწვავეს პრობლემებზე, რამაც თქვენ – მშვიდობიანი, კეთილი, პატიოსანი ადამიანები აქ გამოგიყვანათ, დაგაყენათ წვიმის ქვეშ. პრეზიდენტმა მცირე საბაბიც კი არ მოგვცა იმისთვის, რომ დავიშალოთ. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი საბაბი იმისთვის, რომ ხვალიდან აღარ გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. გავხდეთ ორჯერ, სამჯერ უფრო მეტნი, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საპროტესტო აქცია,” – განუცხადა მომიტინგეებს ზურაბ ჟვანიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლების შემდგომ, რუსთაველის გამზირიწვიმისა და სიცივისაგან გათოშილი ხალხის ერთმა ნაწილმა დატოვა. სახლებში, ძირითადად, ქალები და ბავშვები წავიდნენ. ასეულობით ადამიანი გუშინ პარლამენტის შენობასთან ღამის გათევას გეგმავდა. კრწანისული შეხვედრის ამგვარი დასასრული მომიტინგეებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. დღეს ისინი კვლავ პარლამენტის შენობასთან მისვლას აპირებენ. |