ქეთი ჯანელიძე

ზურა ხაჭაპურიძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 20 ნოემბერი. გვ. 5.

 

 

გოგიტიძის ბრალდებებმა საზოგადოების აგრესია გამოიწვია

ქართული საზოგადოება პატარკაციშვილის მხარდასაჭერად დაირაზმა

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში სულ უფრო გაურკვეველ ფორმებს იღებს. ისინი, ვინც გუშინ ერთ გუნდად მოიაზრებოდა, დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ისინი, ვინც ერთმანეთს გუშინ პრეზიდენტის ლანძღვაში ეჯიბრებოდნენ, დღეს ედუარდ შევარდნაძის დამცველებად მოგვევლინნენ. ამ პოლიტიკური კურიოზების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს თითოეული სიტყვა და შეფასება, თუნდაც მიტინგზე ეგზალტირებულად წარმოთქმული იმ ადამიანების მისამართით, ვისაც ფინანსები, აქედან გამომდინარე კი გავლენის სფეროები გააჩნია, მით უმეტეს, თუკი ისინი ამ პოლიტიკურ ბატალიებში მკაცრ ნეიტრალიტეტს იცავენ.

მას შემდეგ, რაც "აღორძინებამ" თავისი მხარდამჭერებით ჩაანაცვლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი, "აღორძინების" ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ რამდენჯერმე გაილაშქრა. მან მიტინგიდან მიმართა პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომ ამ უკანასკნელმა ბადრი პატარკაციშვილს დაავალოს, "შეწყვიტოს აგენტურული არხების დაფინანსება, რომელიც ქვეყნის ერთიანობას არღვევს". გოგიტიძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილის მიერ გაღებული მოწყალება საქართველოს არ სჭირდება.

და ყველაზე საინტერესო - "ბადრი პატარკაციშვილს უნდა ჩამოერთვას კრიმინალური გზით მოპოვებული ქონება და აგოს პასუხი იმ ქვეყნის წინაშე, სადაც მან დანაშაულებრივი გზით მოიპოვა მილიონები" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ახალი მოკავშირე.

ახალი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გასაოცარია შევარდნაძის მომხრეებისგან ასეთი გამონათქვამები, ყველას კარგად გვახსოვს სულ სამიოდე თვის წინ როგორი აღფრთოვანებით აქებდა ედუარდ შევარდნაძე "კაცს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს", "დღევანდელი მისი გამოსვლა ჩემთვის აღმოჩენა იყო", - აღნიშნა შევარდნაძემ, - "ბადრი პატარკაციშვილი, მდიდარი კაცი, აზროვნებს სახელმწიფოებრივად, აზროვნებს ისე, როგორც უნდა აზროვნებდეს საქართველოს ყველა მოქალაქე. მე ბედნიერი ვარ იმის შეგრძნებით, რომ ვხედავ - საქართველოში იქნებიან მდიდრები და არ იქნებიან ღარიბები. ეს ქალაქი ამის დასაწყისია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით ურეკში, "იმედის ქალაქის" საზეიმო გახსნის ცერემონიალზე.

საზოგადოება დაბნეულია - თუმცა თავისთავად ჩნდება ვერსიები, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და სოციალურ საფეხურზე მდგომი ადამიანები აფიქსირებენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს ამ თემაზე.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლევან ჭილაშვილი:

- როგორ შეაფასებთ "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ლიდერის ჯემალ გოგიტიძის გამოსვლას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ?

- ქართველები გონს უნდა მოვიდნენ და შეეშვან ამგვარი განცხადებების გაკეთებას. ბადრი პატარკაციშვილმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოსათვის. ის უცხო ქვეყანაში მოპოვებულ ქონებას ქართველ ხალხს ახმარს. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო თბილისის ცირკი, რომელიც სრულიად გაპარტახებული და ამასთან, უკვე გაყიდულიც იყო. მისი დაფინანსებით განახლდა რიტუალების სასახლე. ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ურეკში, აშენდა და რესტავრაცია ჩაუტარდა არაერთ ეკლესიას. პირადად მე მისი დიდი მადლიერი ვარ, რადგან სწორედ პატარკაციშვილის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი ნეკრესის ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება, რომელიც საკმაოდ კარგი შედეგებით მიმდინარეობს და იქ მნიშვნელოვანი აღმოჩენები ფიქსირდება. მინდა აღვნიშნო, რომ მისთვის მე დახმარებისათვის არ მიმიმართავს. ბატონი ბადრი თავად დაინტერესდა და დამიკავშირდა დახმარების აღმოჩენის მიზნით.

- თვლით თუ არა, რომ ასეთი ბიზნესმენები და მეცენატები საჭიროა საქართველოსთვის?

- არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელია. ამგვარი მეცენატები რაც შეიძლება მეტი უნდა ჰყავდეს საქართველოს.

- საერთოდ, რას მოასწავებს ასეთი დამოკიდებულება მდიდარი ადამიანების მიერ?

- რა თქმა უნდა, ქვეყნის არევის მცდელობას მოასწავებს. წარმოუდგენელია დღევანდელ ცხოვრებაში ამგვარ ადამიანს დაუპირისპირდე. ვურჩევ ავის მთქმელებს წავიდნენ და ნახონ, თუ რა სასიკეთო საქმეები აქვს გაკეთებული ბადრი პატარკაციშვილს საქართველოში და რაოდენ დიდია მისი მხრიდან ჩვენი დახმარების სურვილი.

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა:

- ბატონო ლონდერ, როგორ შეაფასებდით "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და მოწოდებას დევნილებისადმი, შეიჭრან და დაიკაონ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი რიტუალების სასახლის შენობა?

- როგორც მოქალაქემ, უნდა ვთქვა, რომ ბატონი ბადრი პატარკაციშვილი და სხვა ბიზნესმენები, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, მისასალმებელია. ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ იცის. საზოგადოებას კარგად მოეხსენება ურეკში "იმედის" ქალაქის გახსნის, ურეკში კულტურულ-საგანმანათლებლო და საშუალო სკოლისადმი პატარკაციშვილის მიერ გამოჩენილი ყურადღების შესახებ, ასევე ცირკი, რომელსაც ამოქმედების პერსპექტივა არ ჰქონდა, მარჯანიშვილის თეატრის რემონტთან დაკავშირებული საკითხები და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მშენებლობისათვის გაწეული დახმარება, რომელშიც მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. როგორც მოქალაქე, მხოლოდ მივესალმები ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას. მე მისი კაპიტალის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, საქართველოში არ უშოვია ეს კაპიტალი და საქართველოში სასიკეთო საქმეების კეთებას განსაკუთრებით სოციალურ სფეროს ახმარს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის, რაც მან საქართველოში შეიძინა, სახელმწიფოსგან არ უყიდია, თუ რამ შეძენილი აქვს, ყველაფერი კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა. კატეგორიულად ვერ ვიზიარებ მოწოდებას, რომ დევნილებმა დაიკაონ, უკანონოდ შეიჭრნენ იმ დაწესებულებებში, რომელიც პატარკაციშვილს ეკუთვნის.მე არა თუ არ მოვუწოდებ დევნილებს დაუჯერონ ჯემალ გოგიტიძეს, არამედ ვსარგებლობ შემთხვევით და დევნილებს მოვუწოდებ, ისევე როგორც ყოველთვის, უკანასკნელი წლების მანძილზე, ახლაც გამოიჩინონ თავშეკავება და კანონიერების ფარგლებში იმოქმედონ. რაც შეეხება გოგიტიძის განცხადებას მიტინგზე, მოგეხსენებათ, მიტინგზე გაკეთებული განცხადებები ემოციურობით გამოირჩევა და შეიძლება მან ვერ მოზომა. მხოლოდ ასე შემიძლია ვიფიქრო.

რუსული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში ნიკოლაი სვენტიცკი:

- როგორ შეაფასებთ "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" ლიდერის ჯემალ გოგიტიძის გამოსვლას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ?

- ბადრი პატარკაციშვილი ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს საქართველოში და მით უმეტეს, ამ უკუღმართ სიტუაციაში, როცა სად რა ხდება, რთული გასარკვევია. გარდა იმისა, რომ მან დაუბრუნა ბავშვებს განახლებული ცირკი და ეხმარება ქართულ ფეხბურთს, მე წუხელ პირველად გავიგე, რომ მას წვლილი მიუძღვის უძველესი ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა-განახლებაში და ასევე ის ეხმარება ავადმყოფებს, რომლებსაც მკურნალობისთვის სახსრები არ გააჩნიათ.

- თვლით თუ არა, რომ ასეთი ბიზნესმენები და მეცენატები საჭიროა საქართველოსთვის?

- ეს აუცილებელია. ერთი კი არა, ხუთი ასეთი მეცენატი რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, ყველა უკეთესად ვიცხოვრებდით.

- საერთოდ, რას მოასწავებს ასეთი ტენდენცია მდიდარი ადამიანების მიერ?

- ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მის ქვეყანაში მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობდეს. ჩემი აზრით, საქართველოშიც ასე უნდა იყოს. მდიდარი დახმარებას უწევს გაჭირვებულს. კიდევ ვიმეორებ - საქართველოში რაც მეტი იქნება ბადრი პატარკაციშვილისნაირი მეცენატები, ქვეყანა აყვავდება და მეტი წინსვლა ექნება.

რეჟისორი გიორგი ხაინდრავა "აღორძინების" ერთ-ერთი ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებას, ბადრი პატარკაციშვილისათვის ქონების ჩამორთმევისა და საქართველოდან მისი გაძევების თაობაზე "ფაშისტურსა და ექსტრემისტულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საქართველოში არავინ დაუშვებს.

"გოგიტიძე სწორედ იმ მოწოდებებით გამოვიდა, რითაც ერთ დროს ჰიტლერი - გერმანიაში, მუსოლინი - იტალიაში, ხოლო ბოლშევიკები საქართველოში მოქმედებდნენ" - განაცხადა