|
საბა წიწიკაშვილი “ახალი ერსია”.10-16ნოემბერი.#120;2003წ.
გორში გასამარჯვებლად "ნაციონალებმა" სისხლიც გაიღეს: ირაკლი ოქრუაშვილმა დაბადების დღე მიტინგზე აღნიშნა გორიდან "ჩვენ გორელები ვართ და არ გვინდა სისხლისღვრა", - ასეთ შეფასებებს აძლევდნენ არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები "ნაციონალების" მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის გორში გამოჩენას. 6 ნოემბერს პირველი სისხლიც დაიღვარა და სახელისუფლებო ბლოკს სალაპარაკო გაუჩნდა - აი, ხედავთ, ვინ აირჩიეთ, გორში სისხლისღვრა შემოიტანაო. სოფელ ტყვიავში დაბადებული ოქრუაშვილის გორში აქტიურობას ადგილობრივი ჩინოვნიკები გორელების საქმეებში ცხვირის ჩაყოფად თვლიან. მისმა გამარჯვებამ ხომ საერთოდ მოსვენება დაუკარგა თითოეულ მათგანს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლის, მოკრივე გიორგი კანდელაკის სიმამრის, ვახტანგ ყანჩაველის ბილბორდებზე მშობლიური ქალაქის სიყვარულით განმსჭვალული შინარსიის წარწერები იყო გამოფენილი - "გორელების ხმა პარლამენტში!" ირაკლი ოქრუაშვილის სარეკლამო აბრებზეც, ფაქტობრივად, იგივე ეწერა: "გორის ხმა პარლამენტში!" მიუხედავად ამისა "გორელებზე" თავდადებულ ექსპარლამენტარ ყანჩაველს გორელების უმრავლესობამაც არ მისცა ხმა. გარდა ამისა, ვახტან ყანჩაველს სიძის სოფელში - ვარიანშიც არ უგრძვნია აბსოლუტური მხარდამჭერა. აქ მას 420-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ხოლო 200-ზე მეტმა ირაკლი ოქრუაშვილს გამოუცხადა ნდობა. "ახლებმა" კი ვარიანიდან 80 ხმა წაიღეს. ასე რომ, არჩევნების შედეგად ერთი მნიშვნელოვანი რამ გაირკვა - ყანჩაველს გიორგი კანდელაკის სოფელში სერიოზული ოპოზიცია ჰყოლია. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიური სოფლის ტყვიავის შედეგებს, "სახელისუფლებო ბლოკმა" აქ 51 ხმა მოიპოვა, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 1 048 ხმა. ამ ტრიუმფალურ გამარჯვებამდე "ნაციონალებმა" პარტიული ტაქტიკითაც აჯობეს სახელისუფლებო ბლოკს. ოქრუაშვილის მიერ მომზადებული სარჩელით, არჩევნების წინა ღამეს 30-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რაიონულმა სასამართლომ თავმჯდომარის პოსტებიდან მოხსნა. სასამართლო 2 ნოემბრის დილის ექვს საათამდე გაგრძელდა. "ნაციონალები" ითხოვდნენ 100-ზე მეტი საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოხსნას, რადგან თანამდებობრივად ისინი საჯარო მოხელეებიც იყვნენ. საარჩევნო უბანზე მისულ სახელისუფლებო ბლოკის დანიშნულ თავმჯდომარეებს, მოულოდნელად სასამართლოს განაჩენის ასლები დაულაგეს და კომისიის თავმჯდომარეობა ავტომატურად მდივნებს გადაულოცეს. ბევრი "გათავმჯდომარებული" მდივანი პირველად იყო საარჩევნო კომისიის წევრი. მათ სულ თავგზა აებნათ, რადგან გასული წლების არჩევნების გამოცდილება არ ჰქონდათ. პირველადი მონაცემებით, საოლქო კომისია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ოქრუაშვილს 28 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო ვახტან ყანჩაველს - მხოლოდ 10 ათასზე მეტმა. საბოლოო შედეგების გამოცხადებას საოლქო კომისია სამი დღის განმავლობაში აჭიანურებდა. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერები კომისიის თავმჯდომარეს, გოგი რაზმაძეს დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. 6 ნოემბერს კი (ირაკლი ოქრუაშვილის დაბადების დღეს) "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა საპროტესტო აქციაც მოაწყვეს საოლქო კომისიის შენობის წინ, რომელიც სამხარეო ადმინიტრაციისა და რაიონის გამგეობის შენობაშია განთავსებული. აქციის წევრებთან მიხეილ სააკაშვილიც ჩამოვიდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ციხეში ჩასმით დაემუქრა, თუ არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდებოდა. მიხეილ სააკაშვილის საოლქო კომისიის შენობაში შესვლისას აქციის მონაწილეებმაც მოინდომეს შენობაში შესვლა, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა. კარის გადარაზვისას მინები ჩაიმსხვრა და აქციის ერთ-ერთ წევრს, სოსო მერაბიშვილს ვენები გადაეჭრა. გადაუდებელმა ოპერაციამ სისხლისაგან დაცლილ ახალგაზრდა აქტივისტს სიცოცხლე შეუნარჩუნა. გოგი რაზმაძე აცხადებდა, რომ საუბნო კომისიებიდან შემოტანილი ოქმების მიხედვით, სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა მონაცემების დაბალანსება. გაურკვეველი იყო ოქმებში დაფიქსირებული, მათ შორის უბნებზე მიღებული, გაცემული, გაბათილებული, დაზიანებული თუ დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა. მათი ერთმანეთთან შედარება სხვადასხვა მონაცემებს იძლეოდა. სამთავრობო ბლოკის წარმომადგენლები ბიულეტენების ხელმეორედ გახსნას და გადათვლას ითხოვდნენ. ამას "ნაციონალები" კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ირაკლი ოქრუაშვილი განმარტავდა, რომ ბიულეტენების ხელმეორედ გახსნისას სამთავრობო ბლოკის მხრიდან გამორიცხული არ იყო ზედმეტი ბიულეტენების შეპარება. საბოლოოდ, საოლქო საარჩევნო კომისიამ გორის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში გამარჯვებულად ირაკლი ოქრუაშვილი გამოაცხადა. პროპორციულ არჩევნებში კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტი ხმა მიიღო. ამ ტრიუმფალური გამარჯვების გამოცხადებიდან მეორე დღეს გორში კვლავ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და ადგილობრივ მხარდამჭერებს თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. |