|
თამარ დვალისოფო ბუკია თეა ხოფერია ,,24 საათი”. 2003 წ. 13 ივნისი. გვ. A1-A6
გუშინ ,,კმარა” ძალიან ,,დაკავებული იყო
გუშინ აქცია ,,კმარას” აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით ხელდამშვენებულები ესტუმრნენ. ,,თარგამაძე რკინის მინისტრი იყო და ჯართში ჩააბარეს, თქვენ თუჯის მინისტრი ხართ და ჯართშიც ვერ ჩაგაბარებთ, ამიტომ თქვენი ადგილი სანაგვეზეა. როგორც ღამის კურიერში განაცხადეთ, საგარეჯოში უსუსური პოლიციელები აღმოჩნდნენ და ვერ დაგვაკავეს, ახლა მოვედით და დაგვაკავეთ”, - ასეთი განცხადებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც თხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა და აქციის 9 მონაწილე ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
კრძალავს თუ არა კანონი ,,კმარას”ტელევიზია ,,ოდიშის” მხარდასაჭერად უზენაეს სასამართლოში მისულმა სტუდენტებმა, სასამართლო პროცესის შემდეგ, დღის სამი საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. ამჯერად, მათი აქცია მხოლოდ ,,კმარას” წარწერით არ შემოფარგლულა. მათ შინაგან საქმეთა მინისტრს ,,შევარდნაძის ერთგულებისა და კანონის უგულებელყოფისათვის” სიგელი გადასცეს, რომელზეც სიმბოლურად 20 ლარი იყო დამაგრებული. ,,ეს სიგელი ნარჩემაშვილმა კანონის უცოდინარობისათვის და შევარდნაძის ერთგულებისათვის დაიმსახურა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ერთგულება კიდევ უფრო გაიზრდება. 20 ლარი ის თანხაა, რომლის გულისთვისაც პოლიციელები ქუჩაში დგანან. ორი დღის წინათ, ნარჩემაშვილმა დაამტკიცა, რომ არ იცის კანონი. მან საგარეჯოში მომ,ხდარ ფაქტ ხულიგნობა უწოდა, მაშინ, როდესაც ჩვენ არც ეჭვმიტანილებად და არც ბრალდებულებად არ ვიყავით ცნობილი. ახლა აქ ვართ და დაგვაკავონ”, - აცხადებდნენ აქცია ,,კმარას” აქტივისტები.
აქციის 9 მონაწილის დაკავებიდან რამდენიმე წუთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მთელმა პიოლიტიკურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ისინი ძალოვნებისაგან სტუდენტების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვდნენ.
,,ეს ფაქტი არის კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა რეჟიმში ვცხოვრობთ. ხშირად გვეუბნებიან, რომ განსხვავებული აზრი რეპრესიებს არ ექვემდებარება, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მართალია, ნარჩემაშვილი ძალზე სუსტი ფიგურაა, მაგრამ იგი აკეთებს იგივეს, რასაც მისი წინამორბედები აკეთენბდნენ, პოლიცია კვლავ პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შევარდნაძის ინსტრუმენტად რჩება. ქუჩაში დადიან მკვლელები, გამტაცებლები, და პოლიციას ვისი დაჭერის უნარიც აღმოაჩნდა – ის არის სტუდენტობა. ასეთი საქციელი მათ ძალზე ძვირი დაუჯდებათ”, - განაცხადა ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
,,გაერთიანებული დემოკრატების” წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მსგავსი საქციელი თავად პინოჩეტს და ფიდელ კასტროს არ ჩაუდენიათ, თუმცა, მისივე აზრით, საქართველოს პრეზიდენტი არც ერთ მათგანს არ ჩამორჩება.
,,ნაციონალმა” კობა დავითაშვილმა წინაპრები გაიხსენა და ცოტნე დადიანივით, სტუდენტებთან ერთად, დაპატიმრება ითხოვა. ,,ეს ბავშვები 226-ე მუხლის თანახმად არიან დაკავებულნი, იგივე მუხლით ჩემს წინააღმდეგაცაა საქმე აღძრული. თუ ეს ბავშვები დამნაშავეები არიან და იქ უნდა ისხდნენ, მაშინ მეც იქ უნდა ვიყო”, - აპროტესტებდა დავითაშვილი.
სტუდენტების დაკავებიდან სამ საათში, როდესაც აქტივისტების ბედი კვლავ გაურკვეველი იყო, პოლიტიკურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ,,ეს არის მინისტრის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. ამას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ჰქვია და იგი ისჯება ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე წვრილმანი ხულიგნობა. მე არ ვიცნობ კანონს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერი რამის დაწერას ან საუბარს უკრძალავს. ამაზე კი ყველამ უნდა ვთქვათ, რომ მართლაც კმარა, და ჩვენ არ ვაპირებთ ცხოვრებას იმ ქვეყანაში, სადაც მინისტრმა შეიძლება ასეთი ხელაღებული ძალადობა განახორციელოს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსულმა ზურაბ ჟვანიამ.
დამკავებლები და დაკავებულები კომენტარებს აკეთებენ
სტუდენტების გათავისუფლებამდე საათ ნახევრით ადრე, შს მინისტრის მოადგილე ზურაბ ხაჟალია საგანგებო პრესკონფერენციას აწყობს და ,,კმარს” აქტივისტების დაკავების მიზეზებზე საუბრობს. პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებს ერთ-ერთი სტუდენტის მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენების შინაარს უყვება:
,,ერთ-ერთი პიროვნებისაგან მეტად საინტერესო ჩვენება მივიღეთ – საიდანაც ფინანსდებიან, ვინ მართავს ამ ყველაფერს და ა.შ. ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ მას ამ წარწერების გაკეთებაში ხუთას ლარს უხდიან”, - აღნიშნავს ხაჟალია და, გამოძიების ინტერესებს ამოფარებული, იმ ,,ერთ-ერთი პიროვნების” ვინაობასა და სხვა დეტალებს არ ასახელებს.
ბაჟალია აცხადებს, რომ დაკავებული რვა სტუდენტის მიმართ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით და გუშინ ისინი, როგორც ეჭვმიტანილები, იკითხებოდნენ. მათი თქმით, სტუდენტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, სამ მათგანს საღებავით სახე დაუთხუპნეს, ხოლო ერთ-ერთი პოლიციელის მუნდირის დათვალიერების შემდეგ მასზე აღმოჩენილია ყვითელი საღებავით შესრულებული ასობგერა ,,კ”.
,,ეს სტუდენტები გაუგონარ ცინიზმს იჩენენ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ მათი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება,” – აღნიშნა ხაჟალიამ, რომელმაც ,,კმარას” აქტივისტებს განათლების დონეც დაუწუნა და შეშფოთებულმა განაცხადა, რომ ,,მათ საერთოდ არ იციან სიტყვა ,,კანონის” მნიშვნელობა”.
დატყვევებულ სტუდენტებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რვასაათიანი პატიმრობის შემდეგ, საღამოს თერთმეტი საათისთვის შეელია.
სამინისტროსთან მოპიკეტე გულშემატკივრები უკვე პრეზიდენტ შევარდნაძისთვის სახლისკენ მიმავალი გზის დაკეტვას აპირებდნენ, როცა ჟვანიას, გამყრელიძის და დავითაშვილის თანხლებით, შსს კიბეებზე ,,ხულიგნები” გამოჩნდნენ.
,,ჩვენი დაკავების წუთებიდანვე მთელი სამინისტრო არეული დარბის, არ იციან რა გააკეთონ, ავსებენ რაღაც დოკუმენტებს, აწერენ ხელს ქაღალდებს, კაბინეტიდან კაბინეტში დაატარებენ. მოკლედ, თავადაც არ იცოდნენ, რა რა უნდა გაეკეთებინათ. ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენთვის არ მოუყენებიათ, თუმცა ბიჭებს საკმაოდ უცენზურო ფოტოები აჩვენეს და დაემუქრნენ: თუ ჭკვიანად არ იქნებით, თქვენც იგივე დაგემართებათო”, - პირველ კომენტარს აკეთებს ტყვეობიდან გათავისუფლებული თეა თუთბერიძე.
ბაჟალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ,,ხუთასლარიან” ხელფასთან დაკავშირებით, ყოფილი მძევლები ,,უსუსურ ბრალდებას” უწოდებენ. ,,მეტი არაფერი აქვთ სათქმელი და ხავსს ეჭიდებიან”, - ამბობენ ისინი.
ჟურნალისტებთან სასაუბროდ სტუდენტებს არ ეცალათ, გარეთ მშობლები და ახლობლები ელოდებოდნენ. ,,დღეს ჩვენთვის სიტყვის, საკუთარი აზრის გამოთქმის შეზღუდვა მოინდომეს. მინდა, ნარჩემაშვილს შევუთვალო, რომ ასე ვერ შეგვაშინებენ. ,,კმარას” წარწერები მანამ იარსებებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების უფლებების პატივისცემას არ ისწავლიან... ერთი ,,რკინის მინისტრი” გვყავდა და ის ჯართში გადავისროლეთ, ,,თუჯის მინისტრის” ადგილი სანაგვეზეა”, - აცხადებს თეა თუთბერიძე, წარწერების ,,კმარა” ყველაზე აქტიური ავტორი.
დაუოკებელი ,,კმარა” კანცელარიასტან არ დაუკავებიათ
გუშინვე ,,კმარას” აქტივისტებმა ,,კმარას” დაწერა სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოასწრეს მანამ, სანამ კანცელარიის დაცვის თხოვნისთ ადგილზე მისულმა მთაწმინდის რაიონის პოლიციელებმა ძალით არ გამოსტაცეს ხელიდან ქიმიური საღებავები. კანცელარიის წინ მოსიარულე ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი თვალით შეეძლო დაეფიქსირებინა ფაქტი, თუ როგორ ართმევდა პოლიციელთა ჯგუფი ,,კმარას” თხუთმეტიოდე აქტივისტს საღებავებს და რა სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა ორივე მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიასთან საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იგრძნობოდა, ორივე მხარემ თავი შეიკავა და სერიოზულ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შესაძლოა, პოლიციელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ,,კმარას” აქტივისტების დაკავების შემდეგ, დანარჩენი ახალგაზრდების დაკავება აღარ მოინდომეს. ისიც ფაქტია, რომ აქტივისტებთან ერთად, უამრავი ჟურნალისტიც იყო და ინციდენტს არაერთი კამერა აფიქსირებდა.
გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბევრ მოქალაქეს დაებადა კითხვა: კანონის თანახმად, უფლება ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ,,კმარას” აქტივისტები დაეჭირა ან მათთვის საღებავები წაერთმია.
როგორც გაზეთ ,,24 საათთან” საუბრისას ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სისხლის სამართლის წესით, ასეთი მოქმედება დასჯადი არ არის. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ,,კმარას” წატწერებით რაიმე დაზიანდა: ,,ამისათვის, უკიდურეს შემთხვევაში, დაწესებულია ადმინისტრაციული ჯარიმა და შსს-ს მაღალჩინოსნებს შეეძლოთ ,,კმარას” აქტივისტებისაგან ზიანის ანაზღაურებისათვის თანხა მოეთხოვათ და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდათ უფლება, ისინი დაეკავებინათ...” – აცხადებს ადვოკატი ეკა ბესელია. შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა კი ,,კმარას” აქტივისტების აღნიშნულ ქმედებებს რამდენიმე დღის წინ უკვე მისცა შეფასება და მათ ,,ხულიგნური ხასიათის კანონდარღვევა” უწოდა. |