|
|
|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 2-4.
გვინდა დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რაც ხელისუფლებამ წაგვართვა
პრეზიდენტ შევარდნაძისა და ხელისუფლებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მიცემული ვადა ამოიწურა. ოპოზიცია შედეგებს ელოდება, მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 4 ნოემბერს შექმნილი წინააღმდეგობის ფრონტი და მისი ლიდერები დაპირებისამებრ ფილარმონიაში შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ 2 ნეომბრის არჩევნები გაიმარჯვა არა ხელისუფლებამ, არამედ ოპოზიციამ. ფრონტის ლიდერები აცხადებენ, რომ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებენ და ყველას დაუმტკიცებენ, რომ საქართველო არა სამარცხვინო, არამედ საამაყო ქვეყანაა.
- გვინდა დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციას წაგვართვა, - აცხადებენ შევარდნაძის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და იმედს არ კარგავენ, რომ მშვიდობიანი გზით შეძლებენ შევარდნაძის დამსახურებულ პენსიაში წასვლას. რაც შეეხება გაერთიანებას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, მათ გაერთიანებას დასასრული არ აქვს.
- ხელისუფლება პარლამენტში არ უნდა იყოს, - აცხადებს ოპოზიცია.
არჩევნებში გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერს და ხელისუფლების მიერ რატომღაც დაჩაგრულ "ბურჯანაძე-დემოკრატებს" და "ერთობას" ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი ელოდა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უნდა შეეტყო.
- მთავარი იმედი, რაც ხელისუფლებას აქვს, ეს არის ის, რომ ჩვენ დავიღლებით, რომ ძალა არ გვეყოფა, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩვენი ერთად შეკრება და დღევანდელი დღე დაანახებთ, რომ იძულებული იქნებიან უკან დაიხიონ და დაიჯერონ, რომ 2 ნოემბერს ოპოზიციამ გაიმარჯვა, - მიმართა დარბაზს გოკა გაბაშვილმა.
გაბაშვილის თქმით, ხელისუფლება საკმაოდ შეშინებული და შეშფოთებულია მერიის წინ 4 ნოემბერს გამართული აქციით. თბილისის პარალელურად აქციები მთელ საქართველოში გაიმართება. "გაერთიანებული-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო პოლიცია პანიკაშია და თბილისის შემოსასვლელებს კეტავს, მაგრამ ამის მიუხედავად, გაბაშვილი ხალხს არწმუნებს, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს მოერევა. გაბაშვილი პირობას დებს, რომ ორი დღის წინ გაერთიანებული ოპოზიცია ამას დაამტკიცებს.
ნაციონალების სახე - კოტე კემულარია მიიჩნევს, რომ ხალხს მისალოცად აქვს საქმე, რადგან ოპოზიცია გაერთიანდა. ეს კი, სააკაშვილის თანამებრძოლის თქმით, საქართველოში ტირანიის დასასრული უნდა იყოს.
- ხელისუფლებამ თავისი ერთადერთი კოზირი გაათამაშა, ეს არის შიში, - აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები და დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვის და ხელისუფლების უზურპაციის სხვა ბერკეტები არ გააჩნია. ლიდერები მოუწოდებენ საზოგადოებას, უარი უთხრან შიშს და თამამად აიმაღლონ ხმა საკუთარი ხმების დასაცავად.
- ამ შიშის დასასრული ამ დარბაზშია, - აცხადებს კემულარია და იმედოვნებს, რომ მერიის წინ დაგეგმილ მიტინგზე არჩევანის გაკეთების მსურველთა რიცხვი გაცილებით გაიზრდება.
- ხელისუფლება გვეუბნება, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს. გვაჩვენონ, სად არის ეს ძალა. ვინ იძლევა ბრძანებას. მაშინ ვიცოდით, რომ ეს ძალა რუსეთში იყო - მიმართა დარბაზს ოპოზიციამ, რომელსაც ეგონა, რომ ტრაბახს დაიწყებდა - სტაბილურობას მივაღწიეთო.
ასე რომ, ოპოზიციამ ხალხი შეკრიბა და მთავრობას შეახსენა, რომ ხალხის გვერდში დგომით საკმაოდ სერიოზული ძალაა და ხელისუფლებას უკან დაახევინეს. ეს, რა თქმა უნდა, უკეთეს შემთხვევაში, თორემ ოპოზიცია არც იმას მალავს, რომ არდამორჩილების შემთხვევაში შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას ჩამოაგდებს.
- ამ არჩევნებში ხალხმა შევარდნაძე დაამარცხა, მაგრამ ხელისუფლებას ამის აღიარების რცხვენია. ახლა კი გვეუბნებიან, ვითანამშრომლოთო. ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ, იმათთან, ვისაც ხალხის თვალებში შეხედვის უფლება არ აქვს? - აცხადებს ოპოზიცია და საზოგადოებას არწმუნებს, რომ ხალხის გარეშე ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ლიდერების გამოსვლებს დარბაზი სტვენით და ტაშით ხვდებოდა. იყო აგრეთვე შეძახილები და სალანძღავი ტექსტებიც. "შევარდნაძე/ სანაიას მკვლელი" - გაისმა დარბაზში.
ოპოზიცია არწმუნებდა ხალხს, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა უბედურება და დესტაბილიზაცია არ არის, არამედ არის სვლა თავისუფლებისკენ, რომელიც შევარდნაძემ და მისმა ხელისუფლებამ წაართვა ქართველ ხალხს. გაბაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან საზოგადოება გახლეჩილი არ არის. მისი თქმით, ერთის მხრივ არის საზოგადოება, მეორეს მხრივ კი - ერთი მუჭა ჩინოვნიკები.
გაბაშვილის გამოსვლის შემდეგ დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შემოვიდნენ. ხალხი ფეხზე ადგომით შეხვდა ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ჟვანიას და ჯუმბერ პატიაშვილს. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, მან რატომღაც თავი შეიკავა ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად დარბაზში გამოჩენაზე და დარბაზში მარტო შემოვიდა. ალბათ სააკაშვილმა ოვაციების გაყოფა არ მოინდომა თანამებრძოლებთან.
ნინო ბურჯანაძე:
- დესტაბილიზაციას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას ეგონა, რომ დარბაზს ვერ გავავსებდით. ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ხმების დასაცავად. ხელისუფლებას ბოლო ვადა აქვს. ჩვენ უკან არ დავიხევთ და პასუხს ვაგებინებთ იმათ, ვინც ამ ზომამდე მიგიყვანათ. პირადად პრეზიდენტია პასუხისმგებელი იმაზე, რაც ქვეყანაში მოხდა. თქვენ ქუჩაში გამოსვლას არ აპირებდით. ხელისუფლებამ გამოგიყვანათ ქუჩაში. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც ხალხი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ხმებს და არ დავუტოვებთ ქვეყანას მამალაძეებს და ხაზარაძეებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლებას ურჩია გონს მოეგოს და ოპოზიციას მისცეს ის ხმები, რომელიც მათ არჩევნებში მიიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე პირობას დებს, რომ ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს და უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს. მისი თქმით, ეს ბრძოლა იქნება საბოლოო და გადამწყვეტი. მიშა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში დააფიქსირა, რომ ფილარმონიაში შეიკრიბა საქართველოს ყველაზე ღირსეული ნაწილი.
მიხეილ სააკაშვილი:
- შევარდნაძეს ვადა მივეცით, ან უკან უნდა დაიხიოს, ან უნდა გადადგეს. შევარდნაძემ მიიღო ძალიან მკაცრი გაფრთხილება ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან. ასევე ჩვენი მოკავშირე დიდი ქალაქებიდან ყველაზე მაღალ დონეზე. ამ აქციამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბარიერის გადალახვა დაფიქსირდა. ყველა ეროვნული უმცირესობის ხმების გათვალისწინებით, ხელისუფლება დამარცხდა. მინიმუმ 8%-ით ჩამორჩება ნაციონალურ მოძრაობას.
ნაციონალერი მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ არ შეცვლის ლოზუნგს და შევარდნაძის მოთხოვნას არ მოხსნის. "იმიტომ არ დამიჭირა მხარი ხალხმა, რომ ამ ქურდებმა მოიპარონ?", - აღნიშნა სააკაშვილმა და შევარდნაძეს ურჩია ჭკუით იყოს, თორემ მისთვის ნაციონალებს 14 ლარიანი პენსია უკვე გამზადებული აქვთ.
ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ შეხვედრის შემდეგ წავიდოდნენ რეგიონებში და იქ დაიცავდნენ ამომრჩევლის ხმებს. ბურჯანაძე ქუთაისში წავიდა, ხოლო სააკაშვილი - რუსთავში და იქ ხევიაშვილის გამარჯვების აღიარებას შეეცადა. - 4 საათზე რუსთავში ვიქნებით, სადაც სალაყაიას გადავუვლით და არ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ყველანი იქნებიან ულმობლად წალეკილები და ყველანი აღმოჩნდებიან კამერებში. ან ნაციონალები და ან შევარდნაძის დამსახურებული პენსია, - აღნიშნა ბოლოს სააკაშვილმა.
რაც შეეხება გაერთიანებაში შესულ მესამე ლიდერ ჯუმბერ პატიაშვილს, მისი გუშინდელი გამოსვლაც საკმაოდ რადიკალური იყო და ფაქტობრივად შევარდნაძის ბრძოლის ველზე გამოწვევას ნიშნავდა. პატიაშვილის თქმით, "ერთობამ" ბარიერი გადალახა, მაგრამ ხელისუფლება პარლამენში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
- მთავარია პარლამენტში შესვლა არ არის. მთავარია, ქვეყანა გადაურჩეს იმ მტარვალს, რომელმაც ქვეყანა გაყიდა, - აღნიშნა პატიაშვილმა და პრეზიდენტს მოუწოდა პირისპირ დადგომა და ფარდის ახდა იმ ბრალდებაზე, რასაც პატიაშვილს უყენებენ. პატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან არასოდეს გაქცეულა და არც აპირებს, ამიტომ მომხრეა სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ ითქვას და ითქვას პრეზიდენტთან ერთად საზოგადოების წინაშე.
- ველოდები შევარდნაძეს არა ერთი ერთზე, არამედ ერის სამსჯავროზე, - აღნიშნა ბოლოს ერთობის ლიდერმა, თუმცა თავადაც იცის, რომ შევარდნაძე მის გამოწვევას არ მიიღებს.
შეხვედორის ბოლოს კი ჟვანიამ დარბაზს სიმშვიდისა და სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და სთხოვა, ერთიანობის შენარჩუნება სასურველი შედეგის მისაღწევად. |