"ახალი ვერსია " # 120 10 - 16 ნოემბერი, 2003 წელი

 

 

გზა ჰააგის ტრიბუნალამდე

ჩაუშესკუს ბალკანელი მეზობლის, სლობოდან მილოშევიჩისთვის რუმინელი დიქტატორის ბედი ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა. ჩაუშესკუს კრახი მის თვალწინ მოხდა. 1989 წლისთვის მილოშევიჩი სერბი ხალხის აღიარებულ ლიდერად ითვლებოდა. იგი სერბეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. თავისი მეზობლის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, მან შეძლო არ გაემეორებინა რუმინელი კოლეგის შეცდომა.

მილოშევიჩი არასოდეს წავიდოდა ისეთ სისულელეზე, რასაც "სამუდამო პრეზიდენტობა" ჰქვია. იგი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არც სხვა რამე არალეგიტიმურ მეთოდს გამოიყენებდა... და რატომ. მან, თავისი გაიძვერობითა და გამჭრიახობით ერთიმეორის მიყოლებით გაიარა არჩევნების "დემოკრატიული" პროცედურები. ორჯერ, 1989 და 1992 წლებში იგი აირჩიეს იქნა სერბეთის პრეზიდენტად. მესამედ ამ პოსტზე არჩევას კონსტიტუცია კრძალავდა, ამიტომ, დატოვა რა სერბეთის "ტახტზე" თავისი თანამოაზრე მილუტინოვიჩი, თავად პირდაპირი არჩევნების საშუალებით სრულიად იუგოსლავიის პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა.

სერბეთის გაკოტრებას თან სდევდა მილოშევიჩის "დიდი ოჯახის" აყვავება. სერბეთის ლიდერის მეუღლე მარიანა მარკოვიჩი "სულ რაღაც" ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მაგრამ იგი კოლოსალურ გავლენას ახდენდა ქმარზე. ისევე, როგორც ელენა ჩაუშესკუ, ეს პიროვნებაც მეორე იყო თავისი ქვეყნის მართვაში. ცინიკოსები იუგოსლავიას "ერთსაწოლიან" პოლიტიკურ სისტემას უწოდებდნენ. მათი შვილი - მარკო ბელგრადის ცენტრში მდებარე დისკოთეკა "მადონას" და სხვა მაღალშემოსავლიანი ობიექტების მფლობელი იყო. ქალიშვილი მარია საკუთარ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა. ძმა ბორისლავი კი მოძმე რუსეთის დედაქალაქში თავისი ქვეყნის საელჩოს ედგა სათავეში.

მილოშევიჩის ოჯახის - "ღვაწლი" ჩაუშესკუების ოჯახს არ ჩამოუვარდებოდა. მათ ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი დასავლეთის ბანკებში. ასევე ფლობდნენ ვილებს ათენში, კორფუსა და კრეტაზე. ოჯახის მფარველობით ხდებოდა იარაღის კონტრაბანდა, რომელსაც მათთვის მილიონობით მოგება მოჰქონდა. კვიპროსზე ბეჭდავდნენ ყალბ დოლარებს. ჰააგის ტრიბუნალის მიერ მილოშევიჩის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ დასავლეთ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ნატო მილოშევიჩის დასაპატიმრებლად სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავდა. "ოჯახმა" იმ უბედურების თავიდან ასაცილებლად, რაც ჩაუშესკუს ოჯახს შეემთხვა, ევაკუაციისთვის დაიწყო მზადება, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, არც მისმა ამ მცდელობამ გამოიღო სასურველი შედეგი.

კოსოვოში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მილოშევიჩის შემდგომ კარიერაზე. კოსოვოში, რომელიც იმ დროს ავტონომიურ მხარეს წარმოადგენდა, ძალას იკრებდა სერბი უმცირესობის ნაციონალიზმი. სერბები თავად ავტონომიის არსებობის ფაქტით იყვნენ უკმაყოფილონი. ნაციონალური განწყობილების მოხერხებული მანიპულირებით მილოშევიჩმა თავისას მიაღწია. 1989 წელს იგი პრეზიდენტი გახდა და კოსოვოს მაშინვე უარი უთხრა ავტონომიაზე.

სლოვენიისა და ხორვატიის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ კიდევ უფრო გააღვივა სერბული ნაციონალიზმი. კოსოვოსა და ბოსნიაში განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული კრიზისი გამოიწვია ქვეყანაში. მმართველობის უკანასკნელი ორი წელი მილოშევიჩმა ოპოზიციასთან ბრძოლას მოანდომა. 1996-1997 წლების ზამთარში ქვეყანას სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებმა გადაუარა. რამდენიმე კვირით მათ ბელგრადისა და სხვა დიდი ქალაქების პარალიზება შეძლეს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1997 წელს სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი მილოშევიჩი იუგოსლავიის პრეზიდენტად იქცა.

ახალი კრიზისი 1998 წლის გაზაფხულზე გაღვივდა. ავტონომიაგაუქმებული ალბანელები სერბების მიმართ არანაირ სიმპათიებს არ განიცდიდნენ. იმავე წელს არმია და პოლიცია კოსოვოში შევიდა. ასობით ათასი ალბანელი მთაში გაიხიზნა. დასავლეთმა მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა ზეწოლა მილოშევიჩზე, როცა კონფლიქტის იუგოსლავიის ფარგლებს გარეთ გავრცელების საშიშროება შეიქმნა. 1999 წლის თებერვალში მილოშევიჩი იძულებული გახდა, რამბუეის მოლაპარაკებებზე წაყენებულ მოთხოვნებზე დათანხმებულიყო.

მიუხედავად ამისა, მილოშევიჩი მაინც აგრძელებდა თავის აგრესიულ ქმედებებს კოსოვოში. იგი არც ნატოს სადამსჯელო ოპერაციებს შეუშინდა. მილოშევიჩი იმედოვნებდა, რომ რუსეთი მის დასახმარებლად მოვიდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მან საბოლოოდ თავი ჰააგის ტრიბუნალზე ამოჰყო.

ობიექტურობისათვის აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ დასავლეთმა ასობით მილიონი დოლარი ჩადო მილოშევიჩის პოზიციების შესასუსტებლად. მათ ბელგრადზე შიდა და გარე ზეწოლის უპრეცედენტო პირობები შექმნეს. ათწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ დასავლეთმა მაინც მიაღწია თავის მიზანს და ყველაფერი ეს თავად იუგოსლაველების ხელით გაკეთდა.

ალბათ მკითხველს ამ სტატიაში მოყვანილმა ფაქტებმა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქვეყანაში - საქართველოში მიმდინარე მოვლენები გაგვახსენა. "დიდი ოჯახები", კლანები, ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში, ნიანგებზე ნადირობა, ვილები საზღვარგარეთ, ქვეყნის მშიერი მოსახლეობა, სტუდენტების, ექიმებისა თუ მასწავლებლების საპროტესტო გამოსვლები, ნარკოტიკით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობა არც ჩვენთვის არის უცხო ხილი. ყველაფერ ამას დამატებული უხეში დარღვევები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ღმერთი მოწყალეა და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი არც საქართველოს ხელისუფალთ დატოვებს უყურადღებოდ.