მარიკა მჭედლიშვილი

"ახალი თაობა "  21 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 10.

 

"იმედი მაქვს, რომ ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძეც შემოგვიერთდებიან"

პარლამენტის შენობასთან "აღორძინების" ინიციატივით მიმდინარე მიტინგში წინა დღეებთან შედარებით რამდენიმე კორექტივი იქნა შეტანილი. კერძოდ, ორგანიზატორებმა ნოდარ ნათაძის მიერ "ზარმაც მიტინგად" შერაცხული საპროტესტო აქციის გამოცოცხლება სცადეს. მიტინგის მომწყობებმა, ეტყობა, ისიც გაითვალისწინეს, რომ მათ აქციაში ქალები თითქმის არ მონაწილეობდნენ და ხუთშაბათს მიტინგის რიგები ამა თუ იმ რეგიონიდან ჩამოყვანილი ამღორძინებელი ქალებით შეავსეს. გამოსვლები და ლოზუნგებიც უფრო შემრიგებლური და მშვიდობიანი იყო. მთავარი მოწოდებები იყო: "ძალა ერთობაშია!" და "ერთიან საქართველოს გაუმარჯოს!". აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ საჭიროა შერიგება, მოლაპარაკება და სტაბილურობა. პირველიდან ექვს საათამდე "აღორძინების" ლიდერები მიტინგზე სიტყვით არ გამოსულან, სამაგიეროდ, რეგიონებიდან ჩამოსული ამღორძინებლები ორატორობდნენ. "დაკის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ მიტინგი მანამდე არ დაიშლება, სანამ ახალარჩეული პარლამენტის მეორე სხდომა არ შეიკრიბება. მან ექსპრომტად ახალი იდეაც წამოაყენა იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქცია მანამდე არ დაიშალოს, სანამ დეპუტატებს იმუნიტეტს არ გაუუქმებენ. "აღორძინების" გორელმა ლიდერმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პრეზიდენტ შევარდნაძეს მილოშევიჩს ან ჩაუშესკუს ადარებენ. "შევარდნაძე რომ მილოშევიჩი ან ჩაუშესკუ იყოს, ამ ხალხს (ოპოზიციას) ასე არ აბოგინებდა!" - ყვიროდა მომიტინგე.

საღამოს მიტინგს სახელისუფლებო ბლოკის, უფრო ზუსტად, მოქალაქეთა კავშირის დელეგაცია შეუერთდა ლევან მამალაძის მეთაურობთ და სმაკელების მონაწილეობით. "მნიშვნელოვანია, რომ ამ მოედანზე შეკრებილ ხალხს ქვეყნის სიყვარული ამოძრავებს. აქ მოსულებს არ აღელვებთ არც სკამი და არც თანამდებობა", - განაცხადა მამალაძემ. მან შეკრებილებს მოუწოდა უარი უთხრან ექსტრემიზმს და ფაშიზმს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ერთიანობას. ლევან მამალაძის თქმით, ოპოზიციას ჩაეშალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშინების და დაშანტაჟების მცდელობა.

მომიტინგეები ცნობილმა და პოპულარულმა მომღერალმა ვახტანგ ტატიშვილმა გაამხნევა: თუ შეგვცივდება, ერთად ვიცეკვოთ და გავთბებით, დათო ხუჯაძეც აქაა, ანსამბლი "ბათუმიც" და სხვებიცო".

"ახალ თაობას" ვახტანგ ტატიშვილმა აცნობა, რომ "დემოკრატიული აღორძინების კავშირის" მხარდამჭერია (თითქმის წევრი). მისი თქმით, მიმდინარე აქციის მიზანი ხალხის დაწყნარებაა, ამ მიზნით ერთად შეიკრიბა თითქმის მთელი საქართველო. მომღერლის თქმით, "ჩვენ კანონის გზით უნდა ვიაროთ. ძალადობა დაუშვებელია. ვაცადოთ ამ ახალ პარლამენტს, რომ დაიწყოს მუშაობა. მერე მოვემზადოთ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ვინც უფრო კარგად მოეფერება ხალხს, ის ავირჩიოთ პრეზიდენტად".

"ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სისხლისღვრა არ დავუშვათ. ასეთი რამ რამდენჯერმე მოხდა საქართველოში და აღარ უნდა განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მშვიდობიან მოწოდებებს შეისმენენ. მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩვენს პოზიციაზეა, მე იმის იმედიც მაქვს, რომ ჟვანია, სააკაშვილი და ბურჯანაძეც შემოგვიერთდებიან", - უთხრა "ახალ თაობას" კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა ასოციაცია "ქომაგის" თავმჯდომარე მთვარისა ქიტაშვილმა.