|
|
|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 7-8.
საქართველოში დღეს არსებული დაძაბულობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც გადაედო. კონფედენციალური წყაროს ინფორმაციით, ახლო მომავალში შესაძლოა ჩვენი ქვეყანა სამხედროების მორიგი ბუნტის მომსწრე გახდეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, ასეთი ბუნტი სრულიად რეალურია. რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თევზაძეს სწამს, რომ მისდამი დაქვემდებარებული ძალები აქციებს ახლოსაც არ გაეკარებიან, თუმცა არსებობს საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარი ქუჩაში გამოვიდეს. შესაძლოა ისინი არც შეუერთდნენ სააკაშვილის და მისი მომხრეების აქციას, მაგრამ სრულიად რეალურია, რომ მათ საკუთარი მოთხოვნები ექნებათ. საქართველოს შეიარაღებული ძალები რომ აჯანყებისთვის ხელსაყრელ კლიმატს ქმნის, ამაში ალბათ ბევრი არავინ შემოგვედავება. ჯარში არსებულმა საშინელმა ვითარებამ შესაძლოა ძალიან მალე უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ქართველ სამხედროებს რომ ბუნტის მოწყობა არ უჭირთ, ამაში ჩვენი საზოგადოება არაერთხელ თავად დარწმუნდა. სამხედრო ელიტას და უშიშროების სამსახურს რაც შეეხება, ისინი ყოველთვის წინასწარ არიან ხოლმე ინფორმირებული მოსალოდნელი ამბოხებების შესახებ, თუმცა მერე რატომღაც ისე ხდება, რომ ბუნტის თაობაზე პოსტფაქტუმ იგებენ. 2001 წლის 25 მაისს მუხროვანის ამბოხი მოხდა. ქართველი სამხედროები მაშინ მძიმე პირობების გამო გამოვიდნენ. იმ ინციდენტმა მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ნამდვილ შოკში ჩააგდო. საქვეყნოდ ცნობილია ის გარემოება, რომ ამ პოლიტელიტის ნაწილი უკვე საქართველოდან აპირებდა გახიზვნას. დადასტურებულია ის ინფორმაციაც, რომ ორი თვითმფრინავი ლონდონის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო და ჩვენი პატივცემული ჩინოვნიკები სამშვიდობოს გაეყვანა. სხვათა შორის, ლონდონის რეისის მგზავრთა სიაში ისინიც იყვნენ, ვინც ახლა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ. მეორე ამბოხება ერთი წლის შემდეგ მოხდა. 2002 წლის 19 ივლისს კოჯრის ბატალიონი აჯანყდა. მართალია ეს ამბოხი უიარაღოდ მოხდა, მაგრამ მან ქართული საზოგადოება ისტერიკაში ჩააგდო. ამბოხის მონაწილენი ჩვენ მიმდინარე წლის მარტშიც გავხდით. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ამბოხის მონაწილეების მიმართ უმკაცრესი ზომები გამოიჩინა და ისინი ციხეებში გაუშვა. თუმცა ამ ამბებიდან ძალიან მოკლე ხანში კვლავ გაჩნდა ოპერატიული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ჯარში მორიგი უთანხმოება და არეულობა მზადდებოდა. სამივე ამბოხება არსებულ მძიმე ვითარებას ეწინააღმდეგებოდა. სამივე ამბოხის მონაწილენი ერთსა და იმავე პრობლემებზე საუბრობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსწორებულა. აქედან გამომდინარე, სავსებით რეალურია, ჩვენ მორიგი გამოსვლის მოწმენი გავხდეთ. მართალია თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ არსებობს სხვა ინფორმაციაც. ამ ინფორმაციის თანახმად კი, ჯარში შესაძლოა მორიგი აჯანყება მოხდეს. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამბოხებული სამხედროები მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილს შეუერთდებიან. თუმცა გამორიცხული არც ეს არ გახლავთ, რადგანაც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე უკვე ძალიან ხშირად ისმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჯარი ჩვენს გვერდით დგასო. როგორც ამბობენ, სამხედროების მოსალოდნელი ამბოხის თაობაზე ინფორმაციას სხვადასხვა სპეცსამსახურებიც უნდა ფლობდნენ. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროც არის ინფორმირებული. შესაძლოა მათ გარკვეული ზომები უკვე მიიღეს ანდა მომავალში გაატარებენ ამ ზომებს, მაგრამ ამ საფრთხისაგან ვერასდროს გათავისუფლდებიან. ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ჯარში ასეთი აუტანელი სიტუაცია იქნება. იმ ფონზე, როცა რიგითები შიმშილობენ, დახეული ტანსაცმლით დადიან, ხოლო მათი ხელმძღვანელები დიდი რაოდენობით ქონებას აგროვებენ, აჯანყება ყოველთვის მოსალოდნელია. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ შეიარაღებულ ძალებთან გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს. მართალია თავდაცვის სამინისტრო აპოლიტიკური უწყებაა, მაგრამ ამ უწყებაში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შეხედულებები, ამ შეხედულებებს სხვებსაც უზიარებენ და ასე ყალიბდება რაღაც აზრი. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად სამინისტროს "ვერხუშკაშიც" სერიოზული უთანხმოებაა. ამ ყველაფრიდან და კიდევ სხვა მომენტებიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია, ჯარი მართლა გამოვიდეს ქუჩაში. თუმცა იმედია, რომ ეს ასე არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში მართლა ცუდი ამბები დატრიალდება. |